რატომ არის COVID-19 ვაქცინაცია გლობალური საზოგადოებრივი სიკეთე? - თენგიზ ვერულავა

ავტორი: თენგიზ ვერულავა – მედიცინის დოქტორი, პროფესორი

“გლობალური საზოგადოებრივი სიკეთის” ცნება არის ეკონომიკური იდეა, რომელიც ეხება ისეთ პროდუქტებს, სერვისებს, იდეებს ან პოლიტიკას რომლებიც შეიძლება გავრცელდეს ყველა ადამიანზე. ჯანმრთელობის კონტექსტში, „სიკეთე“ ჩვეულებრივ ნიშნავს პროგრამებს, პოლიტიკასა და სერვისებს, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობაზე დადებითი გლობალური გავლენა, რაც მთელ მსოფლიოს მოიცავს. მაგალითად, გლობალური დათბობა არის პრობლემა, რომელსაც უარყოფითი გავლენა აქვს მთელი მსოფლიოსთვის და რომლის გადაწყვეტა წარმოადგენს გლობალურ საზოგადოებრივ სიკეთეს.

გლობალური საზოგადოებრივი სიკეთე არ უნდა იყოს კონკურენტუნარიანი – ეს ნიშნავს, რომ ერთი ადამიანის მიერ მისი მოხმარება არ ამცირებს მეორეს მიერ მისი მოხმარების შესაძლებლობას. ამგვარად, საზოგადოებრივი სიკეთე კოლექტიური მოხმარებისაა. ასევე, გლობალური საზოგადოებრივი სიკეთე გულისხმობს, რომ არ შეილება მის მოხმარებაზე საზოგადოების, თუნდაც ერთი წევრის გამორიცხვა.

ისეთი ორგანიზაცია, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), უზრუნველყოფს გლობალური საზოგადოებრივი საქონლის ფართო სპექტრს, ღია ხელმისაწვდომობის პუბლიკაციების, სტანდარტების (მაგ., დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია), სახელმძღვანელო პრინციპების (მაგ., აივ მკურნალობა), შეფასებების სახით (მაგ. წამლებისა და ვაქცინების წინასწარი შეფასებები), საკოორდინაციო ჩარჩოები (მაგ. ანტიმიკრობული რეზისტენტობის გლობალური სამოქმედო გეგმა) და ა.შ.

ვაქცინის მეშვეობით ინფექციური, გადამდები დაავადების, მაგალითად, დიფთერიის, პოლიომიელიტის ან კოვიდ-19-ის აღმოფხვრა კვალიფიცირდება როგორც გლობალური საზოგადოებრივი სიკეთე, რადგან იგი აკმაყოფილებს როგორც არა კონკურენტუნარიანობის, ასევე გამორიცხვადობის კრიტერიუმებს და ამით სარგებელი აქვს ყველას.

ვაქცინაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ღონისძიებაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად ვაქცინაცია, თავისი მნიშვნელობით, სუფთა წყლის შემდეგ მეორე ადგილზეა. ვაქცინაციას აქვს დადებითი  გრძელვადიანი ეფექტი, რაც გამოიხატება საზოგადოების ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში, რაც თავის მხრივ, ზრდის სოციალური და ეკონომიკური განვითარების დონეს. ვაქცინაცია, ასევე ამცირებს სამედიცინო ვიზიტების, დიაგნოსტიკური ტესტების, მკურნალობისა და ჰოსპიტალიზაციის რაოდენობას, რაც ხელს უწყობს ჯანდაცვის ხარჯების შეკავებას.

გლობალური საზოგადოებრივი სიკეთის უზრუნველყოფა საჭიროებს დაგეგმვასა და დაფინანსებას. ამ დროს წარმოიშვება კოორდინაციის და მართვის პრობლემები – ვინ არის გლობალური საზოგადოებრივი სიკეთის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი, ვინ წყვეტს პრიორიტეტებს და დაფინანსების მიმართულებებს?

ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც ქვეყნების ინტერესების კოორდინაცია შეუძლებელია გლობალური მიზნის მისაღწევად, მართვის სათავეები გადადის საერთაშორისო სააგენტოებზე. „გავის ალიანსი“ ამის კარგი მაგალითია. იგი დიდი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის საქმიანობის მიზანია ვაქცინაციის ხელმისაწვდომობა ყველასთვის და განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობისათვის. მისი ყველაზე დიდი დამფინანსებელია ბილ გეითსის ფონდი. „გავის ალიანსი“ ასევე წარმოადგენს სახელმწიფო და კერძო პარტნიორობის საუკეთესო მაგალითს, როდესაც კერძო საქონელი (ვაქცინა) ხდება საზოგადოებრივი საკუთრება.

მეცნიერებს შორის არსებობს კონსენსუსი, რომ COVID-19-ის პანდემიის აღმოფხვრის ერთადერთი გზაა მსოფლიოში ყველა ადამიანის ვაქცინაცია. საყოველთაო საჭიროების გამო ვაქცინაზე მოთხოვნა აღემატება მიწოდებას, რაც განსაკუთრებით პრობლემატურია დაბალ შემოსავლიან ქვეყნებში.

წარსული პანდემიებიდან მიღებული გამოცდილება აჩვენებს, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნები, როგორც წესი, ვაქცინებს უფრო დიდხანს ელოდებიან, ვიდრე მდიდარი ქვეყნები. ეფექტური ვაქცინების ხელმისაწვდომობის შემთხვევაშიც კი, დაბალშემოსავლიანი ქვეყნების დაუცველ პირებს, როგორც წესი, გარკვეული დროით არ აქვთ ვაქცინებზე წვდომა. ამ ვითარებას უამრავი მიზეზი აქვს, მათ შორის, ვაქცინაციის  მაღალი ფასი როგორც ზოგადად ქვეყნებისთვის, ასევე ოჯახებისთვის და ინდივიდებისთვის, არახელსაყრელი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და კონკურენციის გამო ვაქცინების არასაკმარისი მიწოდება.

აღნიშნულთან მიმართებით, მნიშვნელოვანია COVID-19-ზე საპასუხო ქმედებების და ვაქცინის შემუშავებისადმი მიმართული ღონისძიებების კოორდინაცია, განსაკუთრებით, ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად. სამართლიანობის ეთიკური ასპექტის გარდა, ვაქცინაციაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობა პანდემიის აღმოფხვრის ყველაზე სწრაფი მექანიზმია.

დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში COVID-19-ის პანდემიის ეფექტურად მართვისათვის, მთავრობები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება და სხვა დაინტერესებული მხარეები გაერთიანდნენ ინიციატივით, რომელიც მიზნად ისახავს COVID-19-ის ვაქცინის კვლევას, შემუშავებას და წარმოებას, ფასების შესახებ შეთანხმებას და მათი სამართლიანი განაწილების უზრუნველყოფას. ეს ინიციატივა ცნობილია COVAX- ის სახელით.

2020 წლის ნოემბერს 186 ქვეყანა შეუერთდა COVAX- ის ინიციატივას. COVAX–ის საწყის მიზანს შეადგენდა ვაქცინის 2 მილიარდი დოზის ხელმისაწვდომობა 2021 წლის ბოლოსთვის, საიდანაც 1 მილიარდი გადაეცემა დაბალშემოსავლიანი ქვეყნების მოსახლეობას. მკვლევართა ვარაუდით, განაწილების ეს დონე საკმარისი იქნება სერიოზული ავადმყოფობის ან სიკვდილის მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირების დასაცავად.

COVAX-ის ინიციატივის მონაწილეები ასევე იმედოვნებენ, რომ შეამცირებენ ფასებს გაერთიანებული შესყიდვების საშუალებით. ამისათვის მთავრობები ერთიანდებიან კომბინირებული მსყიდველობითი შესაძლებლობების გამოსაყენებლად.

თუმცა, გაერთიანებულ შესყიდვებს ხელს უშლის ვაქცინების მიმწოდებლებსა და ცალკეულ ქვეყნებს შორის ორმხრივი საქმიანი გარიგების შესაძლებლობა. COVID-19-მა ნათელი გახადა ეფექტური ვაქცინის შექმნისათვის ფართომასშტაბიანი პოლიტიზირებისა და არალეგიტიმური ძალაუფლების თამაშები.

COVID-19–ის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შეძენებაზე გაჩაღებული შეჯიბრის გამო, ცხადია, მდიდარი ქვეყნები ცდილობენ მათი მოსახლეობისთვის უზრუნველყონ COVID-19 ვაქცინაზე ადრეული წვდომა. ასეთი ქვეყნები COVAX-ის ინიციატივის გვერდის ავლით ვაქცინების მიმწოდებლებთან აწარმოებენ ორმხრივ გარიგებებს საკუთარი მოსახლეობის ვაქცინის უზრუნველსაყოფად, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები, ჯერაც არ შეუერთდა COVAX-ის ინიციატივას. მდიდარი ქვეყნები უკვე შეუთანხმდნენ მწარმოებლებს მილიარდობით დოლარის გადახდაზე ვაქცინის მიწოდებისთვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ორმხრივი გარიგებების საფუძველზე ქვეყნებმა წინასწარ შეუკვეთეს სხვადასხვა ვაქცინის დაახლოებით 2 მილიარდი დოზა. ამგვარი მოთხოვნა ხელს უწყობს ფასების ზრდას და ზღუდავს COVAX-ის ინიციატივის ფარგლებში ვაქცინების მიწოდების შესაძლებლობებს.

ორმხრივი გარიგებების უმეტესობა ხორციელდება დახურულ კარს მიღმა, თუმცა, ფასების შესახებ გარკვეულ ინფორმაციას იძლევა აშშ-ის მთავრობასა და ფარმაცევტულ კომპანია Pfizer-ს და ბიოტექნიკურ პარტნიორ BioNTech SE-ს შორის ვაქცინის შესაძენად გამოცხადებული გარიგება. მთავრობამ განაცხადა საწყისი შეკვეთა 100 მილიონი დოზისთვის, 1,95 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულებით, რაც საკმარისია 50 მილიონი ადამიანის იმუნიზაციისთვის.

ვაქცინის მიწოდების შეფერხებას ამწვავებს მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების მიერ ვაქცინის მარაგის წინასწარი შეძენა. ასე იყო, მაგალითად, 2009 წლის H1N1 პანდემიის დროს, როდესაც მაღალშემოსავლიანმა ქვეყნებმა 2009-H1N1 ვაქცინაზე დიდი მოცულობის წინასწარი შეკვეთები გააკეთეს, შედეგად, შეიძინეს წარმოებული ვაქცინის დიდი ნაწილი.

საქართველო შეუერთდა ,,კოვაქს” პლატფორმას და უკვე გადაიხადა პირველი შენატანი დაახლოებით 4 მილიონი დოლარი, რაც საშუალებას იძლევა, რომ როგორც კი ვაქცინა იქნება 700 000 დოზა მიიღოს. საწყის ეტაპზე იგი განკუთვნილია მაღალი რისკის, პრიორიტეტული ჯგუფების ვაქცინაციისათვის. ამ რისკ ჯგუფებს განეკუთვნება სამედიცინო პერსონალი, ქრონიკული დაავადებებით ხანდაზმულები, მოხუცთა სახლის ბინადარნი.

როგორც საზოგადოების ჯანმრთელობის გლობალურ ქარტიაშია ხაზგასმული, ქვეყნის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია პრევენცია, კონკრეტულად კი COVID-19 პანდემიის კონტექსტში, პირველადი პრევენცია ეფექტური და სამართლიანი ვაქცინაციის საშუალებით.

ვაქცინაცია არის გლობალური საზოგადოებრივი სიკეთე. COVID-19 კრიზისს, დაავადების გავრცელების გარდა, აქვს და კიდევ დიდხანს ექნება ფართო და გრძელვადიანი გლობალური ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და სოციალური შედეგები. გრძელვადიან, სტრატეგიულ გეგმებს და მდგრადი დაფინანსების მექანიზმებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს პანდემიის მართვისა და მისი აღმოსაფხვრელად. ამ მიზნების მიღწევის ფუნდამენტური ნაბიჯია COVID-19 ვაქცინაციაზე თანაბარი, სამართლიანი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.