სინათლე პანდემიური გვირაბის ბოლოს

ავტორი: თენგიზ ვერულავა – მედიცინის დოქტორი, პროფესორი

გასული წლის ბოლოდან და ამ წლის დასაწყისში ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო COVID-19–ის წინააღმდეგ ეროვნული ვაქცინაციის კამპანიები. ეს შესაძლებელი გახდა რამდენიმე ფარმაცევტული კომპანიისა და ლაბორატორიის მიერ ვაქცინების შექმნისა და სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანებში მათი კლინიკური კვლევების სამი ეტაპის დასრულების შემდეგ.

ევროკავშირში სერთიფიცირებულია ორი ვაქცინა: Pfizer და Moderna. მედიკამენტების ევროპულმა სააგენტომ, რომელიც ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოა, ასევე დაიწყო AstraZeneca-ის ვაქცინის ავტორიზაცია. ევროკავშირში შესყიდვებისთვის განიხილება რვა ვაქცინა: Pfizer / BioNTech (აშშ – გერმანია), Moderna (აშშ), AstraZeneca (დიდი ბრიტანეთი – შვეიცარია),  Sanofi-GSK (საფრანგეთი), Janssen Pharmaceutica (ბელგია), CureVac (გერმანია), Valneva (საფრანგეთი) და ნოვავაქსი (აშშ). რუსული და ჩინური წარმოების ვაქცინების შეძენა არ განიხილება.

პანდემიის მასშტაბმა დიდი მოთხოვნა გააჩინა ვაქცინებზე მთელ მსოფლიოში და შესაბამისად, უდიდესი გლობალური დეფიციტი. დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც ღია ბაზრის ეკონომიკა მოქმედებს, კერძო წვდომა სერტიფიცირებულ მედიკამენტებსა ვაქცინებზე არ არის აკრძალული და რეგულირდება კანონისა და ადამიანის უფლებების მოთხოვნებით. ფაქტობრივად, იგივე ეხება COVID 19–ის წინააღმდეგ  ვაქცინებს. მაგრამ, მთელს მსოფლიოში ვაქცინების წარმოების შესაძლებლობები შეზღუდულია, რადგან ვაქცინები, სულ მცირე, ერთი ან ორი წლის განმავლობაში უკვე შეკვეთილი და წინასწარ შეძენილია საერთაშორისო ორგანიზაციების და ეროვნული მთავრობების მიერ. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ დღეს მსოფლიოში არ არსებობს COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინების კერძო ბაზარი, ანუ შეუძლებელია ლეგალურად კერძო ვაქცინების შეძენა, რადგან ფიზიკურად არ არსებობს ვაქცინების ზედმეტი მოცულობა.

გარდა ამისა, ვაქცინების კერძო ბაზრის ფორმირება მოითხოვს ვაქცინების შენახვისა და ტრანსპორტირების რთულ ტექნოლოგიურ და ლოგისტიკურ პროცესს, რაც დიდი გამოწვევაა. ვაქცინის შენახვა მოითხოვს ე.წ. “ცივ ჯაჭვს”, ანუ მისი მიწოდება მწარმოებლიდან საბოლოო მომხმარებელზე საჭიროებს ლოგისტიკურ კომპლექსს. მაგალითად, ამერიკული ვაქცინა, Pfizer, საჭიროებს შენახვის ტემპერატურას მინუს 70-80°C. Moderna ვაქცინისთვის მინუს 20°C საკმარისია, თუმცა, მას ასევე სჭირდება ძლიერი მაცივრების ქსელი და სპეციალური კონტეინერები.

მძაფრი დეფიციტის პირობებში, COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინების კერძო ბაზარზე ხელმისაწვდომობის ფორმირებამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი უარყოფითი შედეგები.

პირველი, კერძო ბაზრის მიერ ვაქცინების შესყიდვამ, შეიძლება კიდევ უფრო გააფართოოს უთანასწორობისა და უსამართლობის უფსკრული როგორც ცალკეულ ქვეყნებს შორის, ასევე ქვეყნის მოქალაქეებს შორის, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, როდესაც მდიდრებს ექნებათ უპირატესობა ჩაიტარონ რიგგარეშე ვაქცინაცია. მაშინ როდესაც, მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, მათი პროფესიული საქმიანობის, ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოუწევთ რიგში დგომა და უფრო მეტხანს ლოდინი.

მეორე, ვაქცინების უსაფრთხოების უზრუნველყოფა კერძო სექტორში შეიძლება იყოს პრობლემატური და საფრთხე შეუქმნას საზოგადოებრივ ჯანმრთელობას. ვაქცინების შენახვა და გადატანა მოითხოვს სპეციფიკურ პირობებს, სათანადო ლოგისტიკას და ინფრასტრუქტურას ვაქცინების შენახვისა და განაწილებისთვის. საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები “შავი ინტერნეტის” საშუალებით COVID-19 ვაქცინების შეძენისგან თავშეკავებას გვირჩევენ, რადგან ასეთი შემოთავაზებები ხშირად საშიში, უკანონო და თაღლითურია.

მსოფლიოს შემუშავებული აქვს გლობალური პოზიცია კერძო სექტორში ვაქცინების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, კერძოდ, არცერთ ქვეყანას, რომელსაც ჰყავს ვაქცინის მწარმოებლები, ჯერაც არ გაუცია  ვაქცინების კერძო ბაზარზე გავრცელების პრიორიტეტი. ყველა ნებადართულ ვაქცინას აქვს გადაუდებელი / შეზღუდული გამოყენების ავტორიზაცია (emergency use authorisation). მაგალითად, ბრიტანეთში Covid-19-ის კერძო ვაქცინაცია არ არის შესაძლებელი, სანამ ყველა დაუცველი კატეგორიის მოსახლეობა არ იქნება ვაქცინიზირებული და ქვეყანაში არ იქნება ვაქცინის საკმარისი მარაგი.

თანამედროვე მსოფლიომ Covid 19-ის ვაქცინაციასთან მიმართებით შეიმუშავა სოლიდარული სტრატეგია, რაც გულისხმობს ვაქცინების დეფიციტის პირობებში მიზნობრივი პრიორიტეტების განსაზღვრას, რომლის მიხედვით, ვაქცინაცია პირველ რიგში ჩაუტარდება პრიორიტეტულ ჯგუფებს, რომლებშიც შედიან სამედიცინო პერსონალი, მოწყვლადი და ღარიბი მოსახლეობა, მოხუცები, ვისაც ვაქცინაცია ყველაზე მეტად სჭირდება. დარჩენილი ვაქცინები უნდა გადაეცეს სხვა ქვეყნებს გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ჩვენ ვცხოვრობთ პანდემიის ეპოქაში, სადაც არ არსებობს დამატებითი მარაგი კერძო ბაზრის შესავსებად.

ეს სტრატეგია არ უნდა ავურიოთ Covid 19-ის ტესტირების სტრატეგიასთან, სადაც კერძო სექტორის მონაწილეობას ჰქონდა პოზიტიური შედეგები. ამგვარად,  ვაქცინების მიწოდება კერძო შეკვეთებით ამჟამად შეუძლებელია თავისუფალ ბაზარზე ვაქცინების ზედმეტი მოცულობის არარსებობისა და მათი ლოგისტიკის, ტრანსპორტირებისა და შენახვის დიდი სირთულის გამო. ამ ეტაპზე ვაქცინების დიდი მწარმოებლები არა თუ კერძო კომპანიების, არამედ სახელმწიფოების მხრიდან არსებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ. შესაბამისად, კერძო კომპანიებს თვითონ დიდი მწარმოებლები არ ესაუბრებიან და არ უფორმებენ ვაქცინების კერძო შესყიდვაზე კონტრაქტებს.

მიუხედავად ბარიერებისა, კერძო სექტორი ყველა გზებით ცდილობს შემოვიდეს ვაქცინების ბაზარზე. ამის მაგალითია ინდოეთის შრატის ინსტიტუტის (Serum Institute of India) მიერ ბანგლადეშის ფარმაცევტულ კომპანია Beximco-თვის COVID-19 ვაქცინის პირველი მარაგის გამოყოფა კერძო გაყიდვისათვის. ამავე დროს, ინდოეთის მთავრობა ინდოეთის შრატის ინსტიტუტს არ აძლევს ნებართვას გაყიდოს ვაქცინა კერძო ბაზარზე, რადგან პრიორიტეტი ენიჭება მთავრობის იმუნიზაციის პროგრამას. ინდოეთის შრატის ინსტიტუტი მსოფლიოში ვაქცინების უდიდესი მწარმოებელია, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის. ბანგლადეშის Beximco ფარმაცევტულმა კომპანიამ თებერვლის დასაწყისში უკვე მიიღო 5 მილიონი დოზა იმ 30 მილიონი დოზიდან, რომელიც ინდოეთის შრატის ინსტიტუტს შეუკვეთა ბანგლადეშში ვაქცინაციის ჩასატარებლად. მათივე განცხადებით, კერძო ბაზარზე ვაქცინის ფასი იქნება 8$, რაც ორჯერ მეტია სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ ფასზე (4 აშშ დოლარი დოზაზე).

ზემოაღნიშნული ბარიერების გათვალისწინებით, როდესაც მთელ მსოფლიოში COVID-19 ვაქცინაციის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მცირეა, საქართველოში კერძო სექტორის მიერ COVID-19 ვაქცინის შემოტანა უახლოეს თვეებში არც არის მოსალოდნელი. თუმცა, ეს არ გამორიცხავს მომავალში ვაქცინაციის პროცესში კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობას.

მიმდინარე ეტაპზე სახელმწიფომ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს კერძო სექტორთან. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მხარდაჭერა კოვიდ -19 ვაქცინაციის კამპანიაში. კერძო სექტორს შეუძლია დაეხმაროს სახელმწიფოს ვაქცინის მიმართ საზოგადოების ნდობის გამყარებაში. ბიზნესის ლიდერებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, დაეხმარონ თავიანთ თანამშრომლებს ვაქცინაციის უპირატესობის შესახებ განათლების ამაღლებაში. ეს მოიცავს ინფორმაციის მიწოდებას, თუ სად და როგორ არის შესაძლებელი ვაქცინის ჩატარება, და რა რესურსები არსებობს, რომლებიც მათ სწრაფ მოქმედებაში დაეხმარება.

ვაქცინაციის ჩატარებაში თანამშრომლებისთვის ანაზღაურებადი დროის შეთავაზება, მათთვის უფასო ტრანსპორტირების ორგანიზება ვაქცინაციის ცენტრებში, მსხვილმასშტაბური ვაქცინაციის დაგეგმვაში მონაწილეობა ეფექტური პოლიტიკაა, რომლის განხორციელებაშიც ბიზნესის სექტორს შეუძლია თავისი წვლილის შეტანა. ყველამ უნდა იგრძნოს თავისი პასუხისმგებლობა საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფაში.

ვაქცინაცია პანდემიის დასასრულია. მისი აღმოჩენით უკვე ვხედავთ სინათლეს გვირაბის ბოლოს, მაგრამ მისკენ ყველამ ერთად უნდა ვიაროთ. პანდემიის დასრულება და ნორმალური ცხოვრების დაბრუნება, რომლისკენაც ყველა მივისწრაფვით, ჩვენგან მოითხოვს კოლექტიურ ძალისხმევას. ამ პანდემიის დროს არანაირი მიღწევა არ მომხდარა შემთხვევით. იგი, როგორც ყველა წარმატება, შრომისმოყვარეობითა და  წინსვლის გზაზე ერთად სიარულით მოდის.