ქართულ-რუსული დერეფნები „წითელი ხაზებით“: ხედვა რუსეთიდან
სერგეი მარკედონოვი

სერგეი მარკედონოვი – რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საგარეო პოლიტიკის და რეგიონული კვლევების კათედრის დოცენტი

 

 

 

 

რუსულ-ქართული დიალექტიკა

რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობები უკვე მრავალი წელია სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე და პრობლემურ საკითხს წარმოადგენს.

ერთი მხრივ, ორ ქვეყანას შორის ყველაფერი გარკვეული და ცხადია. არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები. დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს შორის მოლაპარაკებები ურთიერთობის ერთადერთი ოფიციალური ფორმატია. თუმცა არსებობის პირველივე დღიდან (მოქმედებს 2012 წლის დეკემბრიდან) იგი გვერდს უვლის ორმხრივი ურთიერთობების ყველაზე მწვავე საკითხებს (აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, კავკასიაში ნატოს ფაქტორს).

თუ საქართველო ჩრდილოელ მეზობელს განიხილავს აგრესორად, რომელმაც მისი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა, რუსეთი თავის ოფიციალურ საგარეო პოლიტიკურ დოკუმენტში – საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში „ამიერკავკასიაში ახალი რეალიების აღიარების“ აუცილებლობაზე საუბრობს. ამის ქვეშ მოსკოვი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასა და საერთაშორისო არენაზე მათი სტატუსის ლეგიტიმაციას გულისხმობს. საქართველოს სწრაფვა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ თანმიმდევრულია. მართალია საქართველო ჯერ არ არის ამ სტრუქტურების წევრი, მაგრამ მოლდოვის შემდეგ იგი მეორე ქვეყანაა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის, რომელმაც შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა მიიღო. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს შორის არ არსებობს კონსენსუსი საქართველოს საკუთარ რიგებში გაწევრიანების თაობაზე. თუმცა უკვე დიდი ხანია თბილისი კავკასიაში როგორც ბლოკის, ისე აშშ-ს პრიორიტეტულ პარტნიორად განიხილება. რუსეთი კი საქართველოს ნატოში წევრობას საკუთარი უსაფრთხოებისთვის გამოწვევად აღიქვამს და პირდაპირ მიუთითებს იმ მწვავე რეაქციაზე, რაც ამ სცენარის რეალიზებას შეიძლება მოჰყვეს.

მეორე მხრივ, ორმხრივი ურთიერთობების სპექტრი მხოლოდ კონფრონტაციით არ შემოიფარგლება. უკვე რამდენიმე წელია საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა იზრდება. 2019 წლის „ახალი მიზანი“ 1,5 მილიონი ტურისტის მოზიდვაა. საქართველო რუსების მიერ მონახულებადი ყველაზე პოპულარული ქვეყნების პირველ ათეულშია. მართალია რუსეთი ევროკავშირს ფულადი გადარიცხვების რაოდენობით ჩამორჩება, თუმცა „ინდივიდუალურ“ დონეზე იგი ამ მაჩვენებლით კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებს. ეს რთული წარმოსადგენია, მაგალითად სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში. სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევებით საქართველოში არსებობს განწყობები (თუმცა უმცირესობაში) ევრაზიული ინტეგრაციის სასარგებლოდ. უფრო მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციაზე მასობრივი მოთხოვნის არსებობა. ცხადია, თავად „ნორმალიზაციის“ ცნება ბუნდოვანია და დაკონკრეტებას საჭიროებს. მაგრამ ნათელია, რომ რუსეთის იგნორირებას არავინ აპირებს. აქედან გამომდინარე, ინტერესი ნორმალიზაციის პრაქტიკული ნაბიჯების მიმართაც არის. ყველაზე განხილვად სიუჟეტებს შორისაა სრულფასოვანი სატრანსპორტო კომუნიკაციის აღდგენის საკითხებიც. არსებობს მოლოდინი, რომ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები არსებული გადაუწყვეტელი კონფლიქტების მიღმა, გარკვეულ კავშირებს გააღრმავებენ.

იქნება თუ არა დერეფნები?

დარიალის საბაჟო გამშვები პუნქტი

2019 წლის 6 თებერვალს ჟენევაში ტრანსკავკასიური სატრანსპორტო დერეფნების ამოქმედების მექანიზმების შემუშავების შესახებ საქართველოს და რუსეთის უწყებათშორისი დელეგაციების პირველი შეხვედრა გაიმართა. ეს ისტორია 2011 წლის ნოემბრის მოვლენებთან გვაბრუნებს. შეგახსენებთ, რომ მაშინ ხელი მოეწერა შეთანხმებას „საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“. მან რუსეთისთვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად ბოლო ბარიერი მოხსნა. რეალურად, არსებული დოკუმენტი იქცა პოლიტიკურ კომპრომისად, რომელმაც ორივე მხარეს სახის შენარჩუნების საშუალება მისცა. მოსკოვმა უარი არ თქვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე, ხოლო საქართველომ არ აღიარა „ახალი რეალიები ამიერკავკასიაში“ და მოითხოვა, რომ ნეიტრალური მხარის კომპანიის მონიტორინგის დროს დე-ფაქტო დაცული იყოს მისი ტერიტორიული მთლიანობა. მიუხედავად ამისა, ხელმოწერილი დოკუმენტის იმპლემენტაცია დიდი ხანი ვერ მოხერხდა. საქართველო და რუსეთი სხვადასხვაგვარად განიხილავდნენ საზღვრებს, რომელზეც მონიტორინგი უნდა განხორციელებულიყო. მოსკოვისთვის ეს ოფიციალურად აღიარებული სახელმწიფოთაშორისი საზღვრებია, ხოლო თბილისისთვის საქმე ეხება ადმინისტრაციულ საზღვრებს რეგიონებთან, რომლებიც ერთიანი ქართული სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილებად განიხილება.

2017 წელს მხარეებმა სცადეს ამ საკითხის გადაწყვეტის ინტენსიფიკაცია, ხოლო 19 დეკემბერს თბილისმა ხელი მოაწერა კონტრაქტს შვეიცარულ კომპანია SGS-თან (Societe Generale de Surveillance), რომელიც საქონლისა და ტვირთების საბაჟო მონიტორინგზე სპეციალიზდება. მოსკოვმა მოიწონა არსებული ნაბიჯი და ოფიციალური წარმომადგენლების პირით განაცხადა, რომ ანალოგიურ გადაწყვეტილებას თვითონაც მიიღებდა. 2018 წლის იანვარში პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრიდან რამდენიმე დღეში გრიგორი კარასინმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა: „ჩვენ ვეცდებით სწრაფად დავასრულოთ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები, რომ უახლოეს თვეებში ხელი მოვაწეროთ აუცილებელ დოკუმენტებს. ამის შემდეგ შეთანხმება ამოქმედდება“. თუმცა მოლაპარაკებებმა ჩეხეთის დედაქალაქში სრულიად სხვა შედეგები მოიტანა. კომპრომისის მიღწევა ვერ მოხერხდა. მოსკოვი და თბილისი ტერმინებზე დავით ჩიხში შევიდნენ. უპირველეს ყოვლისა, საუბარი ეხებოდა ცნებას – „საქართველოს საბაჟო საზღვარი“. მიუხედავად ამისა, უკვე 2018 წლის მაისში რუსეთის ფედერაციამ კომპანია SGS-თან კონტრაქტი გააფორმა. თითქოს ხელშეკრულების პრაქტიკული იმპლემენტაციის წინაშე ბოლო ბარიერიც მოიხსნა. მუშაობა დაიწყო შეთანხმების განხორციელების კონტროლის საერთო კომიტეტმა, რომელსაც ხელი საქართველომ, რუსეთმა და კომპანია SGS-მა მოაწერა.

თუმცა დღესაც დიპლომატები, რომლებიც დერეფნების გახსნაზე არიან პასუხისმგებლები, ფრთხილობენ. „კომერსანტისთვის“ მიცემულ ბოლო ინტერვიუში გრიგორი კარასინმა პირდაპირ განაცხადა: „სწრაფ გარღვევებს არ ელოდოთ!“. მანვე მოუწოდა ყველას, არ მოახდინონ ამ პრობლემის პოლიტიზება. თუმცა შესაძლებელია კი ამ შემთხვევაში ეკონომიკის პოლიტიზების თავიდან აცილება? შესაძლებელია კი დერეფნების პრობლემის რუსულ-ქართული ურთიერთობების მთელი სპექტისგან ამოღება? ეს რიტორიკული შეკითხვებია. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უკვე დაადანაშაულა ეროვნული ინტერესების ღალატში. რუსეთში განსხვავებული სიტუაციაა. პოლიტიკა საჯარო ხასიათს არ ატარებს, თუმცა ცხადია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ქცევა ყველას არ მოსწონს. საქართველოსთან კომპრომისებში ისინი „აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ღალატს ხედავენ“. ამ კონტექსტში შემთხვევითი არ არის აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაურ კოვეს განცხადება, რომ სოხუმის აზრის გათვალისწინების გარეშე ტვირთების მოძრაობა თბილისის და მოსკოვის მიმართულებით შეუძლებელია.

მოსკოვის წითელი ხაზები

საქართველოს სამხედრო გზა

გამოცდილი პოლიტიკოსი და ექსპერტი პეტრე მამრაძე (იგი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო კანცელარიას ხელმძღვანელობდა) თავის დროზე აღნიშნავდა, რომ მოსკოვს „არ შეუძლია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ამბიციების დაოკება“, რაც ხელშეკრულების იმპლემენტაციის მთავარ პრობლემას წარმოადგენს. თბილისში ეს პოზიცია ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის მომხრეებს შორისაც საკმაოდ პოპულარულია. სამწუხაროდ, აღნიშნული სიუჟეტი ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზაციის კონტექსტში საკმარისად არ განიხილება. თუმცა ის, რაც პრობლემას წარმოადგენს პოლიტიკოსებისა და დიპლომატებისთვის, უნდა განიხილონ ექსპერტებმა. წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომელშიც საქართველოსთან თანამშრომლობის ქარტიით დაკავშირებული აშშ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის პირდაპირ დაიწყებს კავკასიური უსაფრთხოების (მათ შორის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრობლემების) განხილვას თბილისის მონაწილეობის გარეშე. როგორი იქნება ქართველი დიპლომატების, ექსპერტების, სამოქალაქო აქტივისტების რეაქცია? ეს რთული გამოსაცნობი არაა.

შეიძლება ბევრი ვისაუბროთ იმ ფაქტზე, რომ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ორი ყოფილი ავტონომია მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ეგზოტიკურ ქვეყნებს ჰყავთ აღიარებული და მათი დამოკიდებულება რუსეთზე უზარმაზარია (რაც მართლად ასეა). თუმცა ისინი წარმოადგენენ განსაკუთრებულ პოლიტიკურ გარემოს. შეიძლება გავაკრიტიკოთ მათი მოტივაცია, მაგრამ მისი არგათვალისწინება პრაქტიკულ პოლიტიკაში შეუძლებელია.

სადავო არ არის, რომ მოსკოვს დიდი რესურსები აქვს ორ ნაწილობრივ აღიარებულ რესპუბლიკაზე გავლენის მოსახდენად. როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური. ჰიპოთეტურად მას შეუძლია მათი ამოქმედება. თუმცა გარდაუვალია შეკითხვა: რას მიიღებს ის სანაცვლოდ? საქართველოსთან ურთიერთობების სრულფასოვანი დარეგულირება აშშ-სთან, ევროკავშირთან და ნატოსთან (საქართველოს მოკავშირეები) ურთიერთობების ნორმალიზაციის გარეშე არ მოხდება, ისევე როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის კორექტირება. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ზეწოლა და მათთვის გაუგებარი გადაწყვეტილების იძულება ხელშესახები სარგებლის მიღების გარეშე მათთან ურთიერთობების გაფუჭებას ნიშნავს. მითუმეტეს ამ კაზუსის შემყურე მოსკოვის სხვა მოკავშირეები, რომლებიც გაეროს წევრები არიან (უპირველეს ყოვლისა სომხეთი), პოლიტიკურ სასწორზე სამჯერ აწონიან რუსეთის და ევრაზიული ინტეგრაციის სასარგებლოდ გაკეთებული სტრატეგიული არჩევანის დადებით და უარყოფით მხარეებს. შესაბამისად ინტერესთა გარკვეული შეთანხმება სოხუმისა და ცხინვალის პოზიციებთან გარდაუვალია. აღნიშნული პოზიცია თავის დროზე ნათლად გააჟღერა გრიგორი კარასინმა: „ჩვენ გვსურს საქართველოსთან კეთილმეზობლობის აღდგენა, თუმცა არა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ინტერესების ხარჯზე“. აღნიშნული მიდგომა შეიძლება გააკრიტიკო, მას არ დაეთანხმო. თუმცა ასეთია მოსკოვის დღევანდელი პოზიცია. „წითელი ხაზები“ მკაფიოდაა დაფიქსირებული. ცხადია, რუსეთისთვის მომგებიანი იქნება, რომ კავკასიაში მის სტრატეგიულ მოკავშირე სომხეთს რუსეთთან სარკინიგზო დერეფანი ჰქონდეს. ეს ხელს შეუწყობდა რუსულ-სომხური კომუნიკაციის დივერსიფიკაციას, არ აქცევდა მას ბუნებრივ ფაქტორებზე (ზვავებზე საქართველოს სამხედრო გზაზე) კრიტიკულად დამოკიდებულს. არსებობს აზერბაიჯანის ინტერესებიც, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში რუსეთისას არ ემთხვევა. უფრო მეტიც, მათი იგნორირება ბაქოს მოკავშირე საქართველოსაც გაუჭირდება.

შესაბამისად საქმე მხოლოდ სოხუმის და ცხინვალის „ამბიციების მოთოკვას“ არ ეხება. რუსეთი სარგებელს ხედავს იმ სტატუს-ქვოდან, რომელიც 2008 წელს ჩამოყალიბდა. მის დანგრევას იგი უკავშირებს არა იმდენად საქართველოს გამარჯვებას, რამდენადაც საკუთარ სამხრეთის საზღვრებზე მსხვილი გეოპოლიტიკური ოპონენტების გაძლიერებას. მიუხედავად ამისა, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ კონფლიქტის დარეგულირების პროცესში მრავალი მაგალითია, როდესაც სახელმწიფოები დიალოგს იმ მხარეებთან აწარმოებენ, რომელთაც სტატუსური დავების მიღმა ჩამოშორებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ. არ არის აუცილებელი დავაკვირდეთ კვიპროსის ან მოლდოვას მაგალითს, საკმარისია შევხედოთ ისეთ გამოცდილებას, როგორიცაა ენგურჰესის ექსპლუატაცია – ენერგეტიკული ობიექტის, რომელიც როგორც თბილისისთვის, ასევე სოხუმისთვის მნიშვნელოვანია. საშიშია ილუზია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უფრო მეტად ვერ გაფუჭდება და ამიტომაც არ ღირს არსებული კავშირების მოფრთხილება. სინამდვილეში ქვემოთ კიდევ ბევრი საფეხურია, მაგრამ არ იქნება პროდუქტიული იმ საფეხურებიდან ქვემოთ ჩასვლა, რომელიც უკვე მიღწეულია და გამყარებას საჭიროებს. მიუხედავად ამისა, მოსკოვი ტრანსკავკასიური დერეფნების გახსნის საკითხში მისდევს პრინციპს „იჩქარე ნელა“. გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი პრობლემა არსებობს არა თავისთავად, არამედ საერთაშორისო პოლიტიკის და ეკონომიკის რთულ კონტექსტებში.

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას

დატოვე კომენტარი