პოსტსაბჭოთა განმანათლებლობის შიზოფრენია

–   Бывал, бывал и не раз! – вскричал он, смеясь, но не сводя несмеющегося глаза с поэта, – где я только не бывал! Жаль только, что я не удосужился спросить у профессора, что такое шизофрения. Так что вы уж сами узнайте это у него, Иван Николаевич!

მიხაილ ბულგაკოვი, ოსტატი და მარგარიტა

 

პოსტსაბჭოთა განმანათლებლობას პირობითად ვუწოდებ სოციალური და კულტურული ცვლილების იმ 30 წლიან პროცესს, რომელსაც პოსტსაბჭოთა განმანათლებლები ედგა სათავეში. თავის მხრივ, პოსტსაბჭოთა განამანათლებლებს ვუწოდებ  იმ ახალ (ძველ) სოციალურ კლასს, რომელსაც ლიბერალური ელიტა შეადგენს და რომელმაც როგორც მწემსმა მის თავზე აიღო ქართული საზოგადოების ლიბერალური გარდაქმნის მისია. მათი სოციალური, კულტურული, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ხედვები ხასიათდება  ლიბერალური აშლილობით და დელუზიებით – ასე ვთქვათ, პოსტსაბჭოთა განმანათლებლობის შიზოფრენიით.

პოსტსაბჭოთა განმანათლებლებმა, პოსტსაბჭოთა გარდაქმნის დაუსრულებელი თავგადასვლის ფერხულში, ბევრჯერ გამოავლინეს ლიბერალური აშლილობის სხვადასხვა ფორმები სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში. როგორც წესი, ეს არის კლასი, რომელიც გამოირჩევა არანორმალური დამოკიდებულებით სოციალური რელობის მიმართ და ცდილობს შექმნას „აზროვნების წესრიგი“, რომლის გასიგრძეგანება ყველასათვის საყოველთაო ეთიკურ ვალდებულებად უნდა იქცეს.

თუმცა, ახალი კორონავირუსის პანდემიამ, კიდევ უფრო ცხადი გახადა და გაამწვავა  ქართული ლიბერალური განმანათლებლობის სოციო-კულტურული აშლილობა. ამ მცირე წერილში, შევეცდები შევეხო სამ კონკრეტულ თემას თუ მოვლენას, რომელიც ნათლად გვიჩვენებს პოსტსაბჭოთა განმანათლებლობის შიზოფრენიას.

ინდივიდუალიზმის გამაყრუებელი ფეტიში 

ზოგადად, ქართულ ლიბერალურ კლასს სწამს, რომ ინდივიდი უნდა იყოს თვითნებურად თავისუფალი და შესაბამისად შეუზღუდავი. ამის აუცილებლობას კი იმით ხსნიან, რომ საბჭოთა ადამიანი იყო შეზღუდული და სისტემის მორჩილი და ახლა აუცილებელია, რომ ადამიანი იყოს აბსოლუტურად თავისუფალი და უპირობოდ შეუზღუდავი. რასაკვირველია, თავისუფლების ასეთი გაგება სინამდვილეში თავისუფლების ანტითეზისია და მას არა თავისუფლებასთან, არამედ ბარბაროსობასთან და არანორმალურ ქცევასთან მივყავართ. ჩეხი სოციოლოგი და ფილოსოფოსი იან პატოჩკა მართებულად შენიშნავს, რომ ლიბერალური თეორია სუსტია, რადგან ის ვერ იაზრებს ინდივიდს სიღრმისეულად, განსაკუთრებით მაშინ როდესაც საქმე ეხება ინდივიდის პასუხისმგებლობას. ასევე, შეგვიძლია გავიხსენოთ დიდი ნორვეგიელი დრამატურგი ჰენრიკ იბსენი და მისი პერ გიუნტი, რომელიც საკუთარი ეგოს ტყვედ იქცა და ამით დაკარგა ნამდვილი თავისუფლება.

პოსტსაბჭოთა განმანათლებლობას თან დაჰყვება ერთგვარი სოციალური ჰალუცინაციები, რომ თითქოს სახელმწიფო მუდმივად ინდივიდის მტერია, მაშინაც კი როდესაც საქმე ინდივიდის და საზოგადოების უსაფრთხოებას ეხება. ჯერ კიდევ მარტში, სანამ საქართველოს მთავრობა საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებდა, გაბატონებული ქართული ლიბერალური კლასი ვერ ურიგდებოდა იმას, რომ თვითიზოლაციის დამრღვევი პირები კარანტინში სახელმწიფოს იძულების წესით გადაყავდათ და ცხადია ამას ადამიანის გადაადგილების უფლების დარღვევად თვლიდნენ. საქმე იმაშია, რომ ლიბერალურ ელიტას მორგებული აქვს ლიბერალური კონსტიტუციონალიზმის ტექნიკურ-ლეგალისტური ენა, მათთვის არ არის საინტერესო საზოგადოების კეთილდღეობა და სოციალური მშვიდობა, რადგან მათი აზროვნების სრუქტურაში არ არსებობს არც საზოგადოება და არც ერი, როგორც ცნება. მათთვის არსებობს მხოლოდ კერძო ინტერესი და ინდივიდუალიზმის გამაყრუებელი ფეტიში, უშინაარსო ყმუილი, რომელიც სინამდვილეში ადამიანის წინააღმდეგ არის მიმართული.

ამასთანავე, რასაც ხაზი უნდა გავუსვათ არის ის, რომ პოსტსაბჭოთა განმანათლებლების მიერ თავისუფლებისა და პიროვნების გაუკუღმართებული გაგება არ ემხასახურება სხვა ინიდივიდის ავტონომიურობის თუნდაც კლასიკურ ლიბერალური იდეას და ეს მხოლოდ საკუთრივ მათი ეგოცენტრიზმისა და მეგალომანიის ერთგვარი დემონსტრაციაა, რომელიც სხვისი თავისუფლების დაცვის დროშის ქვეშ ლეგიტიმირდება.

ლიბერალიზმი როგორც სეკულარული რელიგია

ფრანგი სოციოლოგი და პოლიტოლოგი, რაიმონ არონი მარქსიზმს სეკულარულ რეილიგიად განიხილავდა.  ჩვენ კი შეგვიძლია თავისუფლად და ეჭვგარეშედ ვთქვათ, რომ პოსტსაბჭოთა ქართული განმანათლებლობის სეკულარულ რელიგიას ლიბერალიზმი წარმოადგენს. ამიტომ, გასაკვირი არც უნდა იყოს ის, რომ ზოგიერთი ქართველი მედიკოსის მიერ გამოთქმულმა რელიგიურმა ხედვებმა, უფრო კონკრეტულად კი მათ მიერ გამოვლენილმა ემოციამ და გრძნობებმა ქრისტიანული მრწამსის მიმართ განსაკუთრებით გააღიზიანა და ისტერიკაში ჩააგდო ქართული ლიბერალური კლასი. თითქოსდა მეცნიერებისა და ემპირიული ცოდნის უზენაესობის მეთოდისა და პრინციპის გამოყენებით, ჩვეულ ფორმაში დაიწყეს მათგან განსხვავებული სოციალური თუ კულტურული შეხედულებების მქონე ადამიანთა მორალური მარგინალიზაცია სოციალურ ქსელებში, რაც ცხადია მედიკოსებს ვერაფერს დააკლებს, მაგრამ თავად ეს მცდელობა მიზნად ისახავს მათ დამცირებას და მათი მრწამსის შეურაცხყოფას, რაც ცხადია პოსტსაბჭოთა განმანათლებლების მიერ კარგად ათვისებული მეთოდია.

რასაკვირველია, პოსტსაბჭოთა განმანათლებლობის შიზოფრენიის მაჩვენებელია ისიც, თუ როგორც ცდილობს ქართული ლიბერალური განმანათლებლობა ადამიანის რელიგიური რწმენა, მისი ემოციური თუ საკრალური გრძნობები არა მხოლოდ დაამციროს, არამედ შექმნას ისეთი წარმოდგენა, რომ თითქოს ქართულ საზოგადოებას არაფერი აქვს საერთო რელიგიურ რწმენასთან და რომ თითქოს ქართული საზოგადოებისათვის ლიბერალური სეკულარიზმი კი არ არის უცხო, არამედ რელიგიური გრძნობები. ცხადია ეს კულტურული აშლილობა, ერთგვარი ჰალუცინაცია, კიდევ უფრო ამძიმებს პოსტსაბჭოთა განმანათლებლობის გაუსაძლის ესკაპისტურ ყოფას. ის ფარსი, რომ თითქოს ისინი გამოხატავენ საზოგადოების ინტერესებს არის მათი კულტურული დელუზია, პოსტაბჭოთა განნმანათლებლობის შიზოფრენიის კრიტიკული მაჩვენებელი.

აღსანიშნავია და ირონიული ისიც, რომ პოსტსაბჭოთა განმანათლებლები დიდი ხანია ცდილობენ ლიბერალიზმის გარდაქმნას რელიგიური რწმენის სისტემად, რომელიც ეჭვის ქვეშ არავინ არ უნდა დააყენოს და რომლის უარყოფაც აღიქმება როგორც ერესი, ხოლო მწვალებლები კი ცხადია შესაბამისად დაისჯებიან. შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს სეკულარული რელიგიის მიერ წამოწყებული ომთან, რომელიც აუცილებლად დასრულდება მისი დამარცხებით.

აშლილობა სახელმწიფოს წინააღმდეგ

კორონავირუსის პანდემიამ, მსოფლიო ერებს დაანახა თუ როგორ ღაფავს სულს ნეოლიბერალური კაპიტალიზმი და ლიბერალური დემოკრატია. აქედან გამომდინარე, ისევ დღის წესრიგში დადგა სახელმწიფოს შემობრუნების იდეა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, სახელმწიფოს გარეშე, მისი ჩარევის გარეშე ვერანაირი კრიზისი ვერ დაიძლევა. ამასთანავე, სახელმწიფოს ჩარევა არის მორალური აქტი, სადაც დაცული უნდა იყოს კოლექტიური ინტერესები და არა გაბატონებული კერძო ინტერესები. მიუხედავად ამისა, პოსტსაბჭოთა განმანათლებლობა განაგრძობს ჰალუცინაციებს იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ბოროტი და უძლურია და რომ კერძოა მხოლოდ უპირატესი და ეფექტური. ამ ჰალუცინაციების ნაწილია ისიც, რომ ისინი ვერ აღიქვამენ სოციალურ რეალობას, სადაც მათი იდეებისა და შეხედულებების დემითოლოგიზაცია ხდება. ადამიანები, მათ შორის ჩვენთან, იწყებენ სრულიად ახალ მენტალურ გიმნასტიკას, სადაც ფიქრები სახელწმიფოს როლისა და მნიშვნელობის შესახებ ცენტრალურ ადგილს იკავებს.

მიუხედავად ამისა, პოსტსაბჭოთა განმანათლებლობა განაგრძობს სახელმწიფოს იდეის ირონიზაციასა და დემონიზაციას, რადგან  პოსტსაბჭოთა განმანათლებლობა სახელმწიფოს გაგების მხოლოდ ლიბერალურ თეორიას ეყრდნობა და აღიარებს, სადაც წარმოუდგენელია პოლიტიკური აზროვნების განსხვავებული მეთოდის დაშვება. ფრანგი ფილოსოფოსი და სოციოლოგი ჟაკ ელული ამტკიცებდა, რომ მითი იდეოლოგიაზე ძლიერია, რადგან მისი ფესვები ღრმად არის გადგმული ადამიანის სულში. როგორც ჩანს პოსტაბჭოთა განმანათლებლებიც არა იდეოლოგიური მრწამსის, არამედ მითის მძლავრი ზემოქმდების ქვეშ ცხოვრობენ, რომელიც ისე ღრმად არის მათ სეკურალურ სულში გადგმული, რომ სხვანაირად არ შეუძლიათ იაზროვნონ.

ცხადია, პოსტსაბჭოთა განმანათლებლებს უფლება აქვთ იცხოვრონ ლიბერალურ მითში, საქართველოში კი (ისევე როგორც გლობალურად) ვხედავთ, რომ იწყება სრულიად ახალი ეპოქა,   სადაც ხალხი ადვილად გაარჩევს მითს რეალობისაგან.

——-

ფოყო გარეკანზე: ედვარდ მუნქი “შფოთვა” (1894).

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.