რა უნდა იცოდეთ სამი ყველაზე პოპულარული პოლიტიკური იდეოლოგიის შესახებ

ფოტო გარეკანზე: ანტონიო ბერნი “მანიფესტაცია” (1934).

 

იდეოლოგია არ არის მხოლოდ გარკვეულ შეხედულებათა თუ ღირებულებათა სისტემა, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ინდივიდის ასევე მთლიანად საზოგადოების ცნობიერებაზე. იდეოლოგია ასევე არის პროცესი, ერთგვარი ცხოვრების წესიც კი რომელიც კონკრეტულ ინდივიდს, საზოგადოებას თუ სახელმწიფოს უდგენს გარკვეულ ნორმებსა თუ წარმოდგენებს იმის თაობაზე თუ როგორი უნდა იყოს ის სოციალური და პოლიტიკური წესრიგი, რომელშიც ჩვენ გვსურს ცხოვრება. ამ გაგებით, პოლიტიკური იდეოლოგიები ისტორიულად მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ინდივიდის ცნობიერების ფორმირების პროცესში, რაც საბოლოოდ აისახებოდა სხვადასხვა ტიპის საზოგადოებებისა და სახელმწიფოების ჩამოყალიბებით კაცობრიობის ისტორიული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. წარმოდგენილი წერილი მიმოიხილავს სამ ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ იდეოლოგიას: ლიბერალიზმს, სოციალიზმსა და კონსერვატიზმს. მიუხედავად იდეოლოგიების კრიზისისა გვიანი კაპიტალიზმის ეპოქაში, წარმოდგენილი პოლიტიკურ იდეათა სისტემა მაინც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თანამედროვე პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.

ლიბერალიზმი

მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალიზმის ისტორიული წარმოშობის ფესვები ჩვენ შეგვიძლია ანტიკური პოლიტიკური აზროვნების ტრადიციებში ვეძიოთ, ლიბერალიზმი როგორც პოლიტიკური იდეა მაინც ბრიტანული განმანათლებლობის ტრადიციაში იბადება. ლიბერალური წესრიგის პირველი ინაუგურაცია მოხდა 1688 წლის ინგლისის რევოლუციით. ეს იყო ინგლისის მდიდარი კლასის შეთქმულება ინგლისის კათოლიკე მონარქის ჯეიმს მეორეს წინააღმდეგ. შეთქმულება მიზნად ისახავდა ინგლისში ლიბერალური წესრიგის დამყარებას ჰოლანდიელი პრინცის უილიამის ხელით, რაც თავის მხრივ გულისხმობდა პარლამენტარიზმის, რელიგიური ტოლერანტობისა და კანონის უზენაესობის განვითარებას. ლიბერალიზმის პირველი თეორეტიკოსი და დამფუძნებელებიც ცნობილი ინგლისელი განმანათლებელი და მონებით მოვაჭრე ჯონ ლოკი იყო, რომელიც სიხარულით მიესალმა ინგლისის რევოლუციას. ამ რევოლუციამ ის ნიდერლანდებიდან საკუთარ სამშობლოში, ინგლისში დააბრუნა. ლოკის ისეთი ნაშრომები როგორებიცაა წერილი ტოლერანტობის შესახებ (1689) და ორი ტრაქტატი მმართველობის შესახებ (1689) განიხილება როგორც კლასიკური ლიბერალიზმის ფუძემდებლურ ტექსტებად.

ლიბერალური წესრიგის აღორძინების შემდგომი ისტორიული მოვლენა იყო ამერიკის რევოლუცია (1775-83), რომელიც ასევე კლასიკური ლიბერალიზმის პოლიტიკურ და სოციალურ დოქტრინებს დაეფუძნა. და მაინც რას წარმოადგენს კლასიკური ლიბერალიზმის ძირითადი პრინციპები? მარტივად რომ ავხსნათ, კლასიკური ლიბერალიზმის მთავარი არსი მდგომარეობს ინდივიდის ეკონომიკური თავისუფლების იდეალიზაციაში, ეს არის პოლიტიკური თეორია სადაც ინდივიდუალიზმი (ამ შემთხვევაში ინდივიდის ინტერესი) ჭარბობს საზოგადო ან სახელმწიფო ინტერესებს. ამიტომაც იყო, რომ კარლ შმიტი, დიდი გერმანელი პოლიტიკის თეორეტიკოსი და იურისტი, სკეპტიკურად უყურებდა ლიბერალიზმისა და დემოკრატიის დაძმობილების იდეას.

თუმცა, კლასიკური ლიბერალიზმის გარდა არსებობს თანამედროვე ლიბერალიზმიც, რომელიც ცდილობს დისტანცირდეს თავისუფლების იმ ვულგარული გაგებისგან რომელსაც კლასიკური ლიბერალური ტრადიცია გვთავაზობს. მაგალითად, თანამედროვე ლიბერალიზმის ყველაზე გამორჩეული თეორეტიკოსი ჯონ როულზი, მის ცნობილი ნაშრომში სამართლიანობის თეორია (1971) (რომელიც შეიძლება ჩაითვალოს თანამედროვე ლიბერალიზმის ერთ-ერთ ფუძემდებლურ ნაშრომად), საუბრობს თავისუფლებისა და თანასწორობის როგორც ორი იდეალის თანაბარ და ჰარმონიული განვითარებაზე, რამაც უნდა დააფუძნოს ისეთი სოციალური წესრიგი, სადაც საზოგადოების ყველა წევრი თავს დაცულად და ბედნიერად იგრძნობს. უფრო კონკრეტულად, როულზი ცდილობს ერთმანეთს შეუკავშიროს თავისუფლების ლიბერალური ტრადიციები და სოციალური სამართლიანობით განპირობებული თანასწორობის იდეალი. მიუხედავად იმისა, რომ როულზს სურს ლიბერალიზმის გაკეთილშობილება კლასიკური ლიბერალიზმის მკაცრ ინდივიდუალიზმთან გამიჯვნით, მისი შეხედულებები, ისევე როგორც ზოგადად თანამედროვე ლიბერალიზმი მაინც კრიტიკის საგანია დასავლეთის სამეცნიერო წრეებში. მაგალითად, ფრანგი თეორეტიკოსი სამირ ამინი, მიიჩნევს რომ თანამედროვე ლიბერალიზმის მიერ ჩამოყალიბებული ისეთი იდეები ან გნებავთ პროცესები როგორებიცაა „კარგი ინსტიტუტები“ და „კარგი მმართველობა“ წარმოადგენს საბაზრო ჰეგემონიის იდეოლოგიურ და ინსტიტუციონალურ გარანტიებს და არა იდეალური სოციალური წესრიგის მიღწევის საშუალებებს.

სოციალიზმი

მსგავსად ლიბერალიზმისა, თუ მოვიწადინებთ სოციალიზმის წარმომავლობასაც ანტიკურ პოლიტიკურ აზროვნებაში მივაგნებთ, კონკრეტულად კი ბერძნულ ტრადიციებში. თუმცა, სოციალიზმი მოდერნული იდეოლოგიაა, რომელიც ძირითადად მარქსის შეხედულებათა სისტემასა და ზოგადად მარქსისტულ პოსტულატებს ეფუძნება. ხშირად ხდება სოციალიზმის აღრევა კომუნიზმთან, რაც განპირობებულია იდეოლოგიების არასწორი ცოდნითა და იმ ინტელექტუალური დებატებით, რაც მიმდინაროებს მემარჯვენებსა და მემარცხენეებს შორის, სადაც მემარჯვენეების მიერ ხშირად ხდება სოციალიზმის გაიგივება კომუნიზმთან. სოციალიზმი არის ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დასავლური იდეოლოგია, რომელიც ენერგიულ ოპონირებას უწევს ერთი მხრივ კონსერვატიზმს, მეორე მხრივ კი ლიბერალურ კაპიტალიზმს. თავის მხრივ, სოციალიზმი საკმაოდ ფართო პოლიტიკური იდეაა და ის შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე განშტოებას, თუმცა სოციალიზმის ყველაზე დომინანტური ფორმები მაინც დემოკრატიული სოციალიზმი და სოციალ-დემოკრატიაა.

ისტორიულად, სოციალიზმი როგორც პოლიტიკური დოქტრინა იბადება განმანათლებლობის ეპოქაში და მის ნაკვალევს შეგვიძლია ძირითადად ფრანგული განმანათლებლობის ტრადიციებში მივაგნოთ. მაგალითად, 1789 წლის საფრანგეთის რევოლუცია, შინაარსობრივად უფრო ორიგინალური სოციალისტური მომენტი იყო ვიდრე ლიბერალური, რადგან რევოლუციის პათოსი დაფუძნებული იყო პოლიტიკურ და მატერიალურ უფლებათა გათანასწორებაზე. ამას ემატება ისიც, რომ რევოლუციას იდეურად კვებავდა რუსოს შეხედულებები, რომლებიც განსხვავებით ბრიტანული განმანათლებლობისგან უარყოფდა ლიბერალური ინდივიდუალიზმის პრინციპს და ცენტრალურ მნიშვნელობას კომუნიტარიანული დემოკრატიის იდეას ანიჭებდა. მე-19 და მე-20 საუკუნეებში, დემოკრატიული სოციალიზმი და სოციალ- დემოკრატია წამყვანი თემატიკა გახდა გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და თითქმის მთელი ევროპის ინტელექტუალურ და პოლიტიკური დებატებში. ამ დებატებში განსაკუთრებული როლი შეასრულა მარქსმა და მისმა მიმდევრებმა, რომლებმაც კაპიტალიზმი სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური ორგანიზების უვარგის ფორმად გამოაცხადეს. აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ მარქსი არ ეთანხმებოდა კაპიტალიზმის ‘ჰუმანიზაციის’ სოციალ-დემოკრატიულ იდეას და ხსნას მხოლოდ მსოფლიო პროლეტარულ რევოლუციაში ხედავდა. განსხვავება ორთოდოქს და რეფორმისტულ მარქსისტებს შორის იმაშია, რომ მაშინ როდესაც ორთოდოქსი მარქსისტები იბრძვიან უკლასო საზოგადოებისთვის, სადაც არ იქნება არანაირი კერძო საკუთრება, რეფორმისტები (მაგ. სოციალ-დემოკრატები) ცდილობენ კერძო საკუთრების მკაცრ რეგულირებას თანასწორობასა და სოციალურ სამართლიანობაზე დაფუძნებული საზოგადოების მისაღწევად.

რას ეფუძნება ზოგადად მოდერნული ევროპული სოციალისტური დოქტრინა? განსხვავებით ლიბერალიზმისგან, შეიძლება ითქვას, რომ სოციალიზმი არის ანტიკაპიტალისტური პარადიგმა, რომელიც მიზნად ისახავს კლასობრივ კომპრომისის (ანუ კლასობრივი შერიგების) მიღწევას საზოგადოებაში, რომელიც შეიძლება აღქმული იქნას როგორც ერთგვარი მორალური კონსესუსი საზოგადოებაში თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის დასამკვიდრებლად. თუმცა, კიდევ ერთხელ უნდა ვიცოდეთ ის, რომ მეოცე საუკუნის ევროპული სოციალიზმი ხშირად შეუთავსებელი და წინააღმდეგობრივია ტრადიციულ მარქსისტულ პოსტულატებთან, რომლებიც შინაარსობრივად გაცილებით რევოლუციურია და რადიკალურად შეურიგებული კლასობრივი კომპრომისის იდეასთან.

კონსერვატიზმი

კონსერვატიზმი წარმოიშვა როგორც ნეგატიური რეაქცია ფრანგული რევოლუციის მიმართ, რითაც ის დაუპირსპირდა რევოლუციის მიერ დამკვიდრებულ ისეთ იდეალს როგორიცაა ადამიანის გონების პრიმატი. ამ კონტექსტში, კონსერვატიზმი უარყოფითად უყურებს ადამიანის შესაძლებლობას თავად შექმნას ისტორია და განკარგოს საკუთარი ცხოვრება. კონსერვატიზმი ძირითადად კონცენტრირებულია იმ სოციალური ნორმების, ტრადიციებისა და პრაქტიკების შენარჩუნებაზე, რომლებიც კონკრეტულ ერში ისტორიული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ჩამოყალიბდა და რომლებმაც მარტივად რომ ვთქვათ დროს გაუძლეს. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი კონსერვატიზმი პირველად ფრანგმა პოლიტიკოსმა შატობრიანმა გამოიყენა (როდესაც მან დააფუძნა ჟურნალი სახელად კონსერვატორი), ამ იდეოლოგიის მამამთავარი მაინც ედმუნდ ბერკია, სახელგანთქმული ბრიტანელი ფილოსოფოსი და სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც პირველმა შემოგვთავაზა საფრანგეთის რევოლუციის მწვავე კრიტიკა მის ცნობილ ნაშრომში მოსაზრებანი საფრანგეთის რევოლუციაზე (1790). ბერკმა მის ნაშრომში დაგმო საფრანგეთის რევოლუცია და ბრალი დასდო მას ანარქისტულ მისწრაფებებსა და სულისკვეთებაში.

დასავლურ კულტურაში კონსერვატიზმი დროთა განმავლობაში სხვადასხვა ფორმებით გამოვლინდება და განვითარდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მსგავსად სოციალიზმისა არსებობს კონსერვატიზმის სხვადასხვა ფორმები, მაგალითად პროგერსული კონსერვატიზმი, ლიბერალური კონსერვატიზმი, რეაქციული კონსერვატიზმი და სხვა. კონსერვატიზმი ასევე სხვაგვარად აღიქმება ამა თუ იმ ევროპულ კულტურაში, მარტივად რომ ვთქვათ, მაგალითად ბრიტანული კონსერვატიზმი განსხვავადება გერმანული კონსერვატიზმისგან და ა.შ.

კონსერვატიული იდეოლოგია ასევე დომინირებს ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, როგორც ისტორიულად ასევე თანამედროვე ეპოქაში. ცხადია ამერიკაში კონსერვატიზმის იდეოლოგიური ექსპორტი ევროპიდან მოხდა, თუმცა ამერიკულმა ელიტამ მის სრულყოფასა და განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ამერიკული კონსერვატიზმი ძირითადად ეფუძნება ისეთ იდეალებს როგორებიცაა ტრადიცია და წესრიგი, თავისუფლება, მრწამსი და სხვა.

რას წარმოადგენს ზოგადად კონსერვატიზმი როგორც იდეოლოგიური კატეგორია? შეიძლება ითქვას, რომ კონსერვატიზმი არის არა იმდენად ცვლილებებისადმი მტრულად განწყობილი შეხედულებათა სისტემა, არამედ ეს არის საზოგადოებისა და პოლიტიკური წესრიგის რადიკალურად შეცვლის იდეოლოგიური და მორალური ოპონირების კულტურა. რთულია იმის მტკიცება, რომ კონსერვატიზმი პრინციპულად ეწინააღმდეგება რეფორმირების იდეას, ის მეტწილად თავისი შინაარსით ანტირევოლუციური დოქტრინა უფროა ვიდრე ანტირეფორმისტული. ამ გაგებით, კონსერვატიზმი არის პოლიტიკური რეალიზმის გამოვლინება, რომლის ერთგვარი ეთოსი აგებულია წესრიგისა და სტაბილურობის იდეაზე.

დასკვნის მაგიერ

როგორც ვხედავთ სამივე იდეოლოგია ძირითადად მოდერნული ეპოქის ინტელექტაულური და პოლიტიკური პროდუქტია. ლიბერალიზმი, სოციალიზმი და კონსერვატიზმი არ არის მხოლოდ ვიწრო გაგებით პოლიტიკური იდეოლოგიები, არამედ ეს არის გარკვეული ისტორიული და კულტურული პროცესი, რომელიც დასავლურ კულტურაში დაიბადა და განვითარდა. გვიანი კაპიტალიზმის ხანაში შეიძლება ითქვას, რომ სამივე იდეოლოგია კრიზისში შევიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში პრაქტიკულად გაქრა ინტელექტუალური და პოლიტიკური დებატები სოციალისტური, ლიბერალური თუ კონსერვატიული ტრადიციებისა და მორალური არგუმენტების გამოყენებით. პოსტმოდერნულმა ეპოქამ ლიბერალიზმი უალტერნატივო იდეოლოგიად აქცია, თუმცა ჰეგემონია შემდგომ გადაიზარდა ლიბერალიზმის საყოველთაო ლეგიტიმაციის კრიზისში, რომელმაც თავის მხრიც წარმოქმნა ახალი იდეოლოგიური ტალღა დასავლეთში, რომელიც ემიჯნება სამივე იდეოლოგიას. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ლიბერალიზმიც, სოციალიზმიც და კონსერვატიზმიც რჩება სამ ყველაზე პოპულარულ იდეოლოგიად, რომლებიც ჯერ კიდევ ასრულებანენ თავინათ სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ როლს დღევანდელ ეპოქაში.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.