კეთილდღეობის სახელმწიფოს აღზევება და დაცემა: ისტორიულ-იდეოლოგიური პერსპექტივა

ევროპული კეთილდღეობის სახელმწიფოს იდეის აღმასვლა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იწყება. სახელმწიფოს მოწყობის ეს მოდელი ბევრს მოსწონს, მათ შორის იმ მემარცხენე პოლიტიკურ თუ ინტელექტუალურ კლასს, რომელიც ამ იდეას იყენებს, როგორც ერთგვარ იდეოლოგიურ მზღვეველს, მათი მემარცხენე ხედვა საბჭოთა კომუნიზმის სენტიმენტალიზაციად რომ არ იქნას აღქმული. თუმცა, ევროპული კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელის ტრიუმფალური განვითარება საბჭოთა კავშირის არსებობის შედეგია, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მის გარეშე ის უბრალოდ ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც ის იყო მისი ისტორიული განვითარების საუკეთესო ეპოქაში (1950-70-იან წლებში). შესაბამისად, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მისი დაღმასვლაც დაიწყო.

I

მოდი ცოტა სხვანაირად დავიწყოთ ჩვენი მსჯელობა. ჯერ ვთქვათ ის, თუ რა დღე უდგას  ზოგადად სახელმწიფოს იდეას ჩვენს ეპოქაში. გლობალური ლიბერალური წესრიგის პირობებში სახელმწიფოს იდეამ განიცადა ისტორიული კატასტროფა, ის აღარ წარმოადგენს საჯარო ინტერესების დამცველს. თავის მხრივ, ლიბერალურ იდეოლოგიას დეზინტეგრაციული ფუნქცია აქვს და ანგრევს საზოგადოებრივი სიქველის იდეას, რა დროსაც ხდება საზოგადო ინტერესის ცნების დელეგიტიმაცია და ინდივიდუალიზმის ფეტიში. სახელმწიფოს იდეის გადაგვარებას, როგორც საზოგადო ინტერესების მცველის, სათავეში უდგას ლიბერალური ყაიდის პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ელიტები, რომლებიც რეპეტიციულად იმეორებენ გაბატონებულ სოციალურ, პოლიტიკურ თუ კულტურულ დისკურსებს და  გაგონებაც არ უნდათ იმის, რომ შესაძლოა არსებობდეს ლიბერალური კაპიტალიზმის ალტერნატივა. სახელმწიფო კარგავს მის მორალურ ფუნქციას, პოლიტიკური ინსტიტუტების მენტალიტეტი კი დატყვევებულია თანამედროვე ლიბერალური კაპიტალიზმის ვერბალურ სპეკულაციებში.

ამას ხელს უწყობს ისიც, რომ ლიბერალურ თეორიაში ყველაფერი უკუღმაა დალაგაებული. მაგალითად, სუსტი სახელმწიფო, რომელსაც კერძო ინტერესი უფრო მაღლა ჰყავს დაყენებული ვიდრე საზოგადო ინტერესი, აღქმულია როგორც კარგი სახელმწიფო, ხოლო პირიქით კი როგორც ცუდი სახელმწიფო. უფრო უარესი კი ის არის, რომ ხშირად ხდება კერძო ინტერესების სარფიანად გაყიდვა როგორც საზოგადო ინტერესის და ამ გაყიდვის პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტები და პოლიტიკოსები დოყლაპიების როლს ირგებენ. რასაკვირველია, სახელმწიფოს იდეას ამგვარი რეინჟინერიზაცია, როგორც მოწინავე ევროპულ კაპიტალისტურ საზოგადოებებში, ასევე მის პოსტკომუნისტურ პერიფერიაში,  ანგრევს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაგროვილ ტრადიციებს და უკან აბრუნებს კლასიკური ლიბერალიზმის ანტიჰუმანურ შეხედულებებს.

გამომდინარე აქედან, არც არის გასაკვირი, რომ ლიბერალებმა მოშალეს კეთილდღეობის სახელმწიფოს იდეა ყველგან, ის უბრალოდ დღეს საჭირო აღარ არის. ცხადია ისმის კითხვა – რატომ?

II

ახლა კი შევეცდები პასუხი გავცე ამ კითხვას. დღეს ცხოვრება გვიწევს სულ სხვა ისტორიულ ვითარებაში. საქმე იმაშია, რომ კეთილდღეობის სახელმწიფოს იდეა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შედგა, იყო არა  კაპიტალიზმის მიერ თვითწარმოებული ადამიანური გარდაქმნის შედეგი, არამედ შედეგი დაჩაგრული კლასების სოციალური და პოლიტიკური მობილიზაციისა სრულიად ახალ სამყაროში. თუმცა ამ ბრძოლას თავის მხრივ ხელს უწყობდა სხვადასხვა ფაქტორები თუ გარემოებები, მათ შორის ის, რომ მეორე მსოფლიო ომის და კაპიტალიზმის კატასტროფის შედეგად, ევროპაში კომუნიზმი გამარჯვებულ იდეოლოგიად პოზიციონირებდა. თუმცა, ცხადია კეთილდღეობის სახელმწიფოს შექნმის ისტორიულ პროცესში საკმარისი არ იყო მხოლოდ მემარცხენე და ჩაგრული კლასების სოციო-პოლიტიკური მობილიზაცია. ასე ვთქვათ, ეს მოძრაობა თავისთავად ვერ გამოიღებდა შედეგს, რომ არ ყოფილიყო კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, და ეს იყო საბჭოთა კავშირის, როგორც ძლიერი პროექტის არსებობა, რომელიც იდეოლოგიურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ ოპონირებას უწევდა მორალურად განადგურებულ კაპიტალისტურ სამყაროს.

შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირის არსებობამ მნიშვნელოვნად განაპირობა კეთილდღეობის სახელმწიფოს აღმასვლა დასავლეთ ევროპაში, რადგან ევროპელ კაპიტალისტებს ეშინოდათ საბჭოთა კომუნიზმის გავრცელების ისტორიულად კაპიტალისტურ კულტურაში, და მოუწიათ დათმობაზე წასვლა და ძალაუფლების გადაცემა იმ პოლიტიკური კლასისათვის, რომელსაც ისეთი საზოგადოება უნდა შეექმნა, სადაც ადამიანთა საჭიროებები საყოველთაოდ იქნებოდა უზრუნველყოფილი. კეთილდღეობის სახელმწიფო იყო იძულებითი კომპრომისი, რაც საბჭოთა კავშირის არსებობით იყო გამოწვეული. რასაკვირველია, ასეთი დათმობის გარეშე ევროპა ვერ შეინარჩუნებდა კაპიტალისტურ წყობას, განსაკუთრებით მაშინ, როცა იზრდებოდა მემარცხენე პოლიტიკური კლასის გავლენა პოლიტიკურ ცხოვრებაზე. როგორც შვედი სოციოლოგი, ვალტერ კორპი წერს „კეთილდღეობის სახელმწიფოს ახალი გამოღვიძება გამოიწვია ძალაუფლებრივი ურთიერთობათა უზარმაზარმა ცვლილებამ, როდესაც ისტორიაში პირველად, მემარცხენე პარტიები ან დომინანტურ სახელისუფლებო პარტიებად იქცნენ ან უმთავრეს ოპოზიციურ პარტიებად ჩამოყალიბდნენ“. ასე, რომ შეიძლება ითქვას, რომ ამ კომპრომისით, ევროპულმა კაპიტალისტურმა კლასმა პირველ რიგში საკუთარ თავს უშველა.

დღეს უკვე აღარ არსებობს საბჭოთა კავშირი, შესაბამისად, არც არავინ არის ვალდებული, რომ კეთილდღეობის მექანიზმებზე იფიქროს სხვა იდეოლოგიისათვის წინაღობის შექმნის მიზნით. ასეთი იდეოლოგიური პროექტი არ არსებობს, შესაბამისად არ არსებობს ძლიერი სოციალური  სახელმწიფო.

III

რასაკვირველია კეთილდღეობის სახელმწიფო არ არის იდეალური მეთოდი სამართლიანი და ადამიანური სოციალური წესრიგის ჩამოსაყალიბებლად, მაგრამ ცხადია, მისი შინაარსით, ის უკეთესია, ვიდრე კაპიტალიზმის თუ კაპიტალისტური სისტემის სხვა ფორმები, განსაკუთრებით ლიბერალური კაპიტალიზმის ის იდეოლოგიურად გაბატონებული რადიკალური ფორმა, რომელსაც ნეოლიბერალურ კაპიტალიზმს ვუწოდებთ.

კეთილდღეობის სახელმწიფოს ევროპული მოდელი შესაძლებელი გახადა ძალთა ბალანსმა და საბჭოთა კავშირის, როგორც ენერგიული ანტიკაპიტალისტური პროექტის არსებობამ. ევროპაში მემარცხენე მოძრაობების გარკვეულ ისტორიულ ფაზებს თუ დავაკვირდებით, მაშინ ჩვენ დავინახავთ, რომ მემარცხენე ძალების თვითორგანიზების იდეა, თუკი მას ხელს არ უწყობს შესაბამისი პოლიტიკურ-იდეოლოგიური კლიმატი სამყაროში, სუსტი და არაეფექტურია. ეს მეტწილად რომანტიკა და ფუტურისტული ხედვაა, სწრაფვა იდეალისტური ჩანაფიქრისკენ, რომელიც რეალობად არასდროს იქცევა. მემარცხენე ძალები და იდეები ყოველთვის არსებობდა ევროპაში, მაგრამ ისინი მხოლოდ ვიწრო ინტელექტუალურ მოძრაობად რჩებოდა. იდეთა პრაქტიკულ დონეზე განხორციელება შესაძლებელი მხოლოდ მაშინ გახდა, როცა არსებობდა ძალთა ბალანსი. ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ძალა მუშაობს და მის გარეშე იდეები უბრალოდ შემოქმედებითი არტია.

თავის მხრივ, რასაკვირველია, წინააღმდეგობა ლიბერალური კაპიტალიზმის მიმართ უნდა გაგრძელდეს, სხვაგვარად უბრალოდ არ შეიძლება. ჩვენ ვხედავთ, რომ თანამედროვე ლიბერალური კაპიტალიზმი აწარმოებს იმგვარ სოციალურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ პროცესებს, რომელიც ჩვენს სამყაროს განვლილ დრამატულ ისტორიულ წარსულში აბრუნებს, ამ წარსულის გამეორება კი ისტორიული შეცდომა იქნება. ამრიგად, დღევანდელ ეპოქაში, სადაც არ არსებობს ძლიერი იდეოლოგიური პროექტი (ჯერჯერობოთ), რომელიც კაპიტალიზმს ისევ იძულებით დათმობაზე წაიყვანს, ლიბერალური კაპიტალიზმის კრიტიკა ადამიანის მორალური ვალდებულების სფეროს განეკუთვნება.

——-

ფოტო: ულოფ პალმე, ბრუნო კრაისკი და ვილი ბრანდტი, ფრანკფურტი, 1975 წლის ოქტომბერი

© ulstein bild-AP

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.