მიშა როგორც დამარცხებული ლევიათანი

ფოტო გარეკანზე: გუსტავ დორე “ლევიათანის განადგურება” (1865)

 

“განა სხვას რას წარმოადგენს სახელმწიფო სამართლიანობის გარეშე, თუ არა ავაზკთა დიდ ხროვას?”

ნეტარი ავგუსტინე

 

მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის ჰეგემონია ფორმალურად 2012 წელს დასრულდა, მიშას აჩრდილები თან დასდევს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას. 2003-2012 წლებში საქართველოში ჩამოყალიბდა პოლიტიკური რეჟიმი, რომელმაც მისი საქმიანობა მოარგო არა ადამიანთა განვითარების (სოციალური, კულტურული და ეკონომიკური) საჭიროებებს, არამედ ერთი ქარიზმატული ლიდერის პათოლოგიურ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები კი გამოიხატებოდა ახალი საზოგადოებისა და ახალი ადამიანის ფორმაციაში, ქართველებისათვის სრულიად ახალი სოციალური სამყაროს შექმნაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი უპირობოდ იქნა გამოცხადებული როგორც ერის მამად. მისადმი თაყვანისცემა სამშობლოს თავყანისცემასთან  იგივდებოდა, ხოლო მისადმი მტრობა კი ხალხის მტრობის ტოლფასი იყო. აღმოჩნდა, რომ ის ავტორიტარული ენერგია, რაც მიშას სისტემის ინტეგრალური ნაწილი იყო დღესაც გამოავლენს თავს სხვადასხვა პათოლოგიური რეფლექსიებით. წარმოდგენილი წერილი არის მცდელობა მიშას მემკვიდრეობისა და მისი როგორც დამარცხებული ლევიათანის აჩრდილების კრიტიკულად განხილვის და გააზრების. წერილი ასევე კრიტიკულად მიმოიხილავს მიშას როლს და ადგილს თანამედროვე უკრაინაში.

პოლიტიკური დისკურსი მიშაზე

მიხეილ სააკაშვილმა უკვე განაცხადა, რომ ის არ არის ქართველი პოლიტიკოსი, არამედ ის არის უკრაინელი პოლიტიკოსი და საკუთარი თავიც უკრაინაში პოლიტიკური და სოციალური ცვლილებების აუცილებლობას მიუძღვნა. მიშას პოლიტიკური რიტორიკა უკრაინაში ძირითადად მიზნად ისახავს თავი წარმოაჩინოს,  როგორც ლიდერმა რომელმაც ქართველებს ახალი ქართული სახელმწიფო აჩუქა. ამიტომაც არის, რომ ხშირად, უკრაინულ დებატებში ის ხაზს უსვამს იმას, რომ მან საქართველოში დაამარცხა კორუფცია და იგივე მიზანი აქვს უკრაინაშიც. უფრო მეტიც, მისი მიზანია არა მხოლოდ კორუფციის დამარცხება, არამედ ოლიგარქიული მმართველობის დანგრევა უკრაინაში. ასე რომ, მიშა თავს წარმოაჩენს, როგორც ქართველი ერის განმანთავისუფლებელს, რომლის მისიაც ახლა უკე უკრაინელი ერის გათავისუფლებაა. ეს არის პოლიტიკური დისკურსი მიშაზე, რომლის აქტიურ პროპაგანდას მიშას ფანატიკოსები როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში ეწევიან. შევეცდები მოკლედ ავხსნა ამ დისკურსის ყალბი შინაარსი.

მიშას რევოლუციური პოლიტიკა საქართველოში ეფუძნებოდა ახალი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების იდეას, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო ადამიანთა საყოველთაო კეთილდღეობასთან, არამედ ეს იყო პარტია სახელმწიფო, სადაც პოლიტიკური და ფინანსური ელიტები გარიგდნენ კაპიტალის ტირანიის აუცილებლობაზე. შეიძლება ითქვას, რომ მიშას მმართველობის ეპოქა ეს იყო ქართველი ხალხის უპრეცენდენტო ძარცვა მათივე კეთილდღეობის სახელით. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მიშამ ჩამოაყალიბა მდიდრების ინტერესებზე მორგებული სოციალური და პოლიტიკური წესრიგი. შესაბამისად, საქართველოში ჩამოყალიბდა მდიდართა ახალი კლასი, რომლებმაც საკუთარი საქმიანობა ვულგარული კაპიტალიზმის სულისკვეთებაზე დააფუძნეს, რასაც თავის მხრივ ზურგს უმაგრებდა პოლიტიკური რეჟიმი, რომლის თავკაცებით აგრეთვე არნახულ დოვლათს იღებდნენ მდიდარ პოსტსაბჭოთა ქართულ ელიტებთან გარიგებით. რაში გამოიხატება რეჟიმის მიერ მდიდრების ლობირება? ამის მაგალითები მიშას რეჟიმის ისტორიაში მრავლად მოიძებნება, მაგრამ შეგვიძლია ერთ-ერთ ასეთ საილუსტრაციო მაგალითად მიშას შრომის  კანონმდებლობა მოვიყვანოთ, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად ანტიჰუმანური კანონმდებლობა იყო მთელს ევროპაში. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, მიშას შრომის კანონმდებლობამ პრაქტიკულად მონობის ინსტიტუციონალიზაცია მოახდინა პოსტ-საბჭოთა საქართველოში. ასევე, სხვა მაგალითად ისიც გამოდგვადგება თუ როგორ სამაგალითოდ სჯიდა მიშა ყველას ვინც გაბედავდა და ინვესტორს აუჯანყდებოდა (თანაც აჯანყების ძირითადი მიზეზი როგორც წესი ელემენტარული სამუშო პირობების შექმნა იყო, რათა მშრომელებს თავი ადამიანებად ეგრძნოთ და არა მონებად).

როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში ჩამოყალიბდა ყალბი ცნობიერება იმის შესახებ რომ მიშას მოაქვს წინსვლა და განვითარება. ეს არის მიშას სისტემის რომანტიზაცია და მითილოგიზაცია, რომლის კონსტრუქციაშიც გარდა მიშას ფანატიკოსებისა, ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მის მიერ დაქირავებული საერთაშორისო ლობისტები. როდესაც მიშას სისტემის პოლიტიკურ ასპექტზე ვსაუბრობთ, აქ მდგომარეობა გაცილებით მძიმეა ვიდრე სოციო-ეკონომიკურ განზომილებაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მიშას სისტემა მთლიანად აგებული იყო მემარჯვენე ექსტრემისტული ბუნების მქონე ისტერიული ლიდერის ფეტიშზე, რომლის ჰედონისტური მისწრაფებების დაკმაყოფილება მთელი ერის უმთავრეს მოვალეობად იქცა.

მიშა როგორც აუცილებელი ბოროტება

მაქვს ვებერი წერდა რომ სახელმწიფო ეს არის აუცილებელი ბოროტება. მიშაც ქართველებისთვის ერთგვარ აუცილებელ ბოროტებად იქცა 2003 წელს, რომლის მიზანიც იყო შევარდნაძის კორუმპირებული სისტემის განადგურება და ყველასთვის მისი ადგილის მიჩენა, რომლებიც ამ სისტემის სათავეებთან იდგა. შეიძლება ითქვას, რომ ამ აუცილებელი ბოროტების შესასრულებლად მიანიჭა მას ქართველმა ხალხმა უპრეცენდენტო ნდობის მანდატი 2004 წელს. მიშამაც არ დააყოვნა და მკაცრად გაუსწორდა შევარდნაძის ელიტებს, თუმცა აქაც სელექციურად, ანუ გაუსწორდა მათ ვინც მისი მოკავშირე არ აღმოჩნდა დიადი მიზნის – აუცილებელი ბოროტების შესრულებისთვის. მიშას მმართველობის ეპოქაში, მთელი გროტესკი და ტრაგედია მდგომარეობდა იმაში, რომ მას შემდეგ რაც ის გაუსწორდა შევარდნაძის პოლიტიკურ კლასს, მან ხელი შეუწყო ახალი პოლიტიკური კლასის ჩამოყალიბებას, რომლებმაც კორუფცია სრულიად ახალ სტანდარტში მოაქციეს და განსახვავებით შევარდნაძის სისტემისგან, სადაც მექრთამეობა სისტემის უმთავრესი პრაქტიკა იყო, მიშას კლასმა უარი თქვა ასეთ პრაქტიკაზე და ძირითადი აქცენტი ელიტურ კორუფციაზე გააკეთა ანუ სისტემაზე სადაც კორუმპირებულობა რჩეულთა პრივილეგიაა და არა ყველას, მათ შორის არც რიგითი პოლიციელის. სწორედ ამ ფონზე, როდესაც ახალი პოლიტიკური კლასი უპრეცენდენტოთ ძარცვავდა ქართველ ხალხს, მიშა კვლავ მის აუცილებელი ბოროტების როლის ჩარჩოში ისევ შევრდნაძის აჩრდილებს ებრძოდა, როგორც მოჩვენებებს, რომლებიც საერთოდ აღარ არსებობდნენ და მხოლოდ ავტორიტარი ლიდერის ღამის კოშმარის ფუნქციას ასრულებდნენ.

სააკაშვილის ოცნებაა ახლა უკვე უკრაინაში მოირგოს აუცილებელი ბოროტების როლი. ცხადია 43 მილიონიან უკრაინაში მიშას უმრავლესობა მხარს არ უჭერს, მაგრამ საზოგადოების ის ნაწილი ანუ 1.7%, რომელიც მას მხარს უჭერს ზუსტად ისეთივე დისკურსებითა და რიტორიკით არის მანიპულირებული, როგორც ქართველი ხალხი 2003 წელს, როდესაც ვარდების რევოლუცია არა ადამიანთა სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ემანსიპაციის თარიღად იქცა, არამედ მათი სოციალური და პოლიტიკური ჩაგვრისა ახალი ავტორიტარული დრამის პირობებში.

მიშა როგორც ლევიათანი

შეიძლება ითქვას, რომ მიშა პოსტსაბჭოთა საქართველოს ლევიათანია. მიშას მმართველობამ საქართველოში პრაქტიკულად ჩამოაყალიბა პიროვნების კულტი და პოლიტიკური ლიდერისადმი უპირობო თაყვანისცემის კულტურა. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ კერპოკრატიის აღზევების პირველი ფაზა პოსტსაბჭოთა საქართველოში ზვიად გამსახურდიას ხანმოკლე მმართველობას უკავშირდება, რა დროსაც გამსახურდიას ინტერესები ეროვნულ ინტერესებთან იქნა გაიგივებული. გამსახურდიას შემდეგ, შევარდნაძეს მისი სისტემის უკიდურესად სუსტი ლეგიტიმაციისა და საზოგადოებაში ნდობის დაბალი ხარისხის გამო არ აღმოაჩნდა საკმარისი რესურსები პიროვნების კულტის გასაძლიერებლად. ვარდების რევოლუციის შემდეგ კი, მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით აღფრთოვანებულმა მიშამ პიროვნების კულტი კვლავ დააბრუნა, არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკურ, ასევე კულტურულ ცხოვრებაში. საქართველოში მისი მმართველობის პერიოდში, მიშა ჩამოყალიბდა როგორც ნამდვილი ლევიათანი, რომლის დიადი მიზანი ემსახურებოდა კულტურულად “ობსკურანტული”, მართლმადიდებელი ქართველი ერის მენტალურ და კულტურულ ტრანსფორმაციას, რა დროსაც უნდა ჩამოყალიბებულიყო სრულიად ახალი ადამიანი და ახალი საზოგადოება. შეიძლება ითქვას, რომ მიშამ მიზნად დაისახა ქართველების კოგნიტური მდგომარეობის შეცვლა, როგორც ‘ჩამორჩენილი’ ერის, რომელიც საბჭოთა კოგნიტური მდგომარეობიდან დასავლურ თანამედროვე კოგნიტურ მდგომარეობაზე უნდა გადასულიყო.

მიუხედავად მცდელობისა, მიშას დიადი მიზანი, როგორც “ურჩხულისა”, რომელსაც რევულუციური ცვლილებები უნდა შეეტანა ქართველთა კულტურულ მოცემულობაში ჩავარდა. ამის მიზეზი კი თავის მხრივ ძალიან მარტივი და გასაგები იყო. საქმე იმაშია, რომ ნებისმიერ ავტორიტარი, რომელიც მიზნად დაისახავს ასეთი მისიის შესრულებას აუცილებელია რომ თან იყოს ასკეტი, ანუ შეიძლება ითქვას რომ უნდა ცხოვრობდეს ასკეტურად და არა ჰედონისტური პათოლოგიებით გაჯერებული ცხოვრებით, ისე როგორც მიშა, ანუ ქართველთა ლევიათანი ცხოვრობდა. აქედან გამომდინარე, ეტყობა მიშამ კარგად ისწავლა ქართული გაკვეთილები და უკრაინაში მის პოლიტიკური ცხოვრებაში შეიძლება ითქვას, რომ თითქმის არანაირი ადგილი არ ეთმობა უკრაინელი ერის მენტალური მდგომარეობის შეცვლას, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვხედავთ მის ამ რიტორიკას. თუმცა, ცხადია შესაძლოა ეს რიტორიკა და მიზანი მიშამ გადამალა მანამ, სანამ ხელისუფლებაში არ მოვა, შემდეგ კი შესაძლოა ყველაფერი ზუსტად ისე მოხდეს როგორც ჩვენთან – ახალი ლევიათანი რომლის მიზანიც ადამიანთა გონების ინჟინერიაა.

მიშას აპოლოგია და მიშიზმი როგორც იდეოლოგიური კატეგორია

მიშას მმართველობის ეპოქაში თავდაპირველად ყველაფერი რადიკალური ლიბერალური იდეოლოგიის აღზევებით დაიწყო, თუმცა მალევე ჩამოყალიბდა “მიშიზმი” როგორც ახალი იდეოლოგიური კატეგორია. ზოგადად, ავტორიტარებს ახასიათებს კლასიკური იდეოლოგიური კატეგორიების მიმართ სკეპტიციზმი და როგორც წესი საკუთარ იდეოლოგიურ მიმართულებებს აყალიბებენ. ასე იყო მაგალითად ლენინი, რომელმაც ლენინისტურ იდეოლოგიას ჩაუყარა საფუძველი და ამით საბჭოთა კავშირი ლენინისტურ იდეოლოგიას დააფუძნა და არა მარქსისტულს, ან თუნდაც ფრანკო რომელმაც უარი თქვა კლასიკური კონსერვატიული იდეოლოგიის ადაპტირებაზე და ამ იდეოლოგიაზე დაყრდნობით საკუთარი იდეოლოგია ფრანკოიზმი ჩამოაყალიბა. შეიძლება ასევე მოვიყვანოთ ათათურქის მაგალითი, რომელმაც ასევე ხელი შეუწყო სრულიად ახალი და სპეციფიკური იდეოლოგიის ჩამოყალიბებას, რომელსაც ქემალიზმი დაერქვა. მართალია ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ლიდერთან მიშას გაიგივება არც თუ ისე სერიოზული იქნება, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მიშა საკმაოდ იმიტაციური მოქმედებით გამოირჩეოდა ასეთი ლიდერებისადმი და შესაბამისად ისეთი პოლიტიკური და კულტურული გარემო შექმნა საქართველოში, სადაც მისი მმართველობა დაეფუძნა მიშიზმს, როგორც სრულიად ახალ იდეოლოგიურ კატეგორიას პოსტსაბჭოთა საქართველოში.

ცხადია მიშიზმი თავის მხრივ ეფუძნებოდა კონკრეტულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პოსტულატებს, რომლის ფესვებიც ნეოლიბერალურ იდეოლოგიაში უნდა ვეძიოთ. შეიძლება ითქვას, რომ მიშიზმი ეს არის ნეოლიბერალიზმის ერთ-ერთი ყველაზე ბრუტალური და ვულგარული რეფლექსია. მიშიზმის პროზელიტიზმი კი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია არც მორალური და არც ეთიკური ვალდებულება იზრუნოს საზოგადოების კეთილდღეობაზე, არამედ მისი ფუნქციაა ახალი კაპიტალისტური წესრიგის პირობებში ეკონომიკური საქმიანობა და ცხოვრება გაუადვილოს ქართველ და უცხოელ ინვესტორებს, რომელთა გამდიდრება პირდაპირ უნდა აისახოს არა ხალხის, არამედ ქვეყნის ლიდერისა და მისი ერთგული გუნდის კეთილდღეობაზე. შეიძლება ითქვას, რომ მიშიზმი ეს არის დაუსრულებელი ჰედონიზმისა და ადამიანთა წარმოუდგენელი სოციალური ჩაგვრის პოლიტიკური და კულტურული იდეოლოგია.

გამომდინარე იქედან, რომ მიშამ ჩამოაყალიბა მიშისტური იდეოლოგია, ამ იდეოლოგიის განვრცობისა და განვითარებისათვის მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდებოდა კულტურულ ჰეგემონიაზე. მიშას მმართველობის ეპოქაში, ჩამოყალიბდა აკადემიური და კულტურული ელიტები, რომლებიც მიშისტური იდეოლოგიიის ნორმებსა და პოსტულატებს პროპაგანდირებდა როგორც კულტურულ, ასევე პედაგოგიური სტრუქტურებში. მიშას ეპოქაში მოხდა აკადემიური და კულტურული სივრცის სრული იდეოლოგიზაცია. მისი ეპოქის დასრულების შემდეგ კი მიშიზმის როგორც იდეოლოგიური კატეგორიის პროპაგანდისტები კვლავ დომინანტურ პოზიციებს ინარჩუნებენ აკადემიურ სივრცეში, სადაც ნეოლიბერალური ნორმებისა და შეხედულებების, როგორც მიშიზმის მასაზრდოებელი იდეოლოგიის ინტენსიური კვლავწარმოება ხდება. ეს ყველაფერი კი თავის მხირივ ხელს უწყობს მიშიზმის ჰეროიზაციას და ნეოლიბერალური წარსულის სრულ ლეგიტიმაციას კულტურულ სივრცეში.

მიშას მისიის შეუძლებლობა საქართველოში

მიუხედავად იმისა, რომ მიშიზმის აჩრდილები თან გასდევს პოსტ-მიშისტურ საქართველოს, მიშას მისია შეუძლებელია დაუბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას. თავის მხრივ, ამ მისიის შეუძლებლობას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. პირველი მიზეზი არის ის, რომ მიშას ამბიცია უკვე გაცდა ქართულ მასშტაბს და მისთვის საქართველო აღარ არის საინტერესო იმდენად, რამდენადაც ის თავის თავს ილუზორულად, მაგრამ მაინც ხედავს როგორც 43 მილიონიანი უკრაინის პოლიტიკურ ლიდერად. მეორე მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ მიშიზმის მიმდევრები საქართველოში ძირითადად მიშას ფანატიკოსები არიან და არა ქართველი ხალხის უმრავლესობა, ანუ მიშას ფანატიკოსები ჩამოყალიბდნენ როგორც ერთგვარი “მდედრიონი”, რომელთა იმედები რომ ოდესმე მიშა ხელისუფლებაში დაბრუნდება მხოლოდ სამეცნიერო ფანტასიკის ნაწილი შეიძლება იყოს და არა რეალობის. მესამე მიზეზი არის ის, რომ მიშა და მიშიზმი ასოცირდება შიშთან, პოლიტიკურ ძალადობასთან და წარმოუდგენელ სოციალურ ჩაგვრასთან, რაც საზოგადოების სოლიდურ ნაწილს განაწყობს იმისკენ, რომ მიშიზმის დაბრუნების წინააღმდეგ სრული კონსოლიდაცია მოახდინონ და არ შექმნან შესაძლებლობა იმ ტრაგედიის ხელახალი გამეორების, რომელიც საქართველომ მიშიზმის ეპოქაში გამოსცადა.

მიშას მისიის შეუძლებლობას, ასევე განაპირობებს ისიც, რომ არც ნაციონალურ მოძრაობას და არც ევროპულ საქართველოს (როგორც მიშას იდეოლოგიური შეხედულებების გამტარ პარტიებს) არა აქვთ სოციალური ლეგიტიმაციის ის დონე, რაც შექმნის შესაძლებლობას მიშას პოლიტიკის დაბრუნებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ მიშას და მიშიზმს არ ჰყავს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ძლიერი ინსტიტუციონალური დასაყრდენი, განსახვავებით კულტურული ცხოვრებისგან. თუმცა, მიუხედავდ კულტურული სივრცის მიშისტური იდეოლოგიზაციისა, ეს არ არის საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ მიშიზმი როგორც პოლიტიკური პრაქტიკა დაუბრუნდეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკას.

დასკვნის მაგიერ

სრულიად აკურატული აკადემიური მიდგომით თუ მივუდგებით, მიშას პოლიტიკური რეჟიმი არ იყო ჰიბრიდულიც კი, არამედ ეს იყო მძლავრი მემარჯვენე ავტორიტარული ენერგიის მქონე პოლიტიკური რეჟიმი. მიშიზმი როგორც იდეოლოგია და როგორც პოლიტიკური პროექტი იმდენად ძლიერი იყო, რომ მის მიერ ჩამოყალიბებული სოციალური და ეკონომიკური წესრიგის წნეხი დღესაც აჩრდილივით გასდევს თან პოსტ-მიშისტურ საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ, ახალმა მმართველმა კლასმა მიშას წესრიგის მოშლა დაისახა მიზნად, ამოცანა იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე ამას ვინმე ელოდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პოსტ-მიშისტურმა საქართველომ შეძლო პოლიტიკური ცხოვრების ნორმალიზაცია, მაგრამ რაც ჯერ კიდევ ვერ შეძლო არის იმ სოციო-ეკონომიკური და კულტურული პარადიგმების შეცვლა, რომელიც მიშას რეჟიმის პირობებში ჩამოყალიბდა. მარტივად რომ ვთქვათ, თანამედროვე საქართველომ ჯერ კიდევ ვერ დააღწია თავი მიშიზმის პოსტულატებს. ქართული პოლიტიკა კვლავ რჩება მიშისტური იდეოლოგიის ტყვეობაში, სადაც მოიშალა პიროვნების კულტი, მაგრამ არ მოშლილა მიშას მიერ ჩამოყალიბებული სოციალური და კულტურული წარმოდგენები. თუმცა, საქართველოს აქვს შანსი და შესაძლებლობა განდევნოს მიშიზმის აჩრდილები, ხოლო უკრაინელმა ხალხმა კი უმჯობესი იქნება ქართული გაკვეთილები კარგად დაისწავლოს.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.