ლოგისტიკური კოშმარები: რას გვასწავლის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კრიზისი

ეველინა გამბინოUniversity College London-ის გეოგრაფიის დეპარტამენტის დოქტორანტი. მისი ნაშრომი ეხება მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს საქართველოში. ეთნოგრაფიული კვლევის მეთოდოლოგიის გამოყენებით, ის იკვლევს ფინანსური კაპიტალის მოძრაობას, შრომით ურთიერთობებს, ნარატივებს, მოლოდინებსა და კონფლიქტებს, რომლებიც საქართველოს ლოგისტიკური მომავლის განმსაზღვრელ ორ მთავარ ადგილას, ანაკლიასა და ახალქალაქში ვითარდება. ეველინას ნაშრომები გამოქვეყნებულია ისეთ აკადემიურ ჟურნალებსა და ონლაინ გამოცემებში, როგორებიც არის: Geopolitics; Work, Organisation, Labour, Globalisation (WOLG); Caucasus Analytical Digest (CAD); Euronomade; Lo Squaderno; მათ შორის Duke University Press-ისა და Werkleitz Festival-ის კრებულებში. 

სტატიის ორიგინალი იხილეთ აქ.

სტატია ქართულად თარგმნა თეკლა ასლანიშვილმა

 

საქართველოს მთავრობამ, ახლახანს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ის წყვეტს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და ოპერირების მიზნით გაფორმებულ ხელშეკრულებას. ღრმაწყლოვანი პორტი, რომლის მშენებლობაც აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საზღვრიდან მხოლოდ რამოდენიმე კილომეტრის მოშორებით დაიწყო, მიჩნეულია ყველაზე მნიშნელოვან განვითარების პროექტად, რომელიც საქართველოს უნდა დაეხმაროს განხორციელოს მისი მისწრაფება და იქცეს “სარტყელი და გზის ინიციატივის” სტრატეგიულ ჰაბად.

გასულ წელს, პორტის მშენებლობა საქართველოს ხელისუფლებასა და პროექტის განმახორციელებელ კომპანიას შორის არსებული მზარდი დაპირისპირების ეპიცენტრში აღმოჩნდა. მართალია, ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, სიახლე ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გასაკვირი სულაც არ არის, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტის ერთი შეხედვით დაუსრულებელ ისტორიაში ეს მომენტი მაინც მნიშვნელოვანია.

ამბის თანმდევი კომენტარების კითხვისას, იკვეთება ნაცნობი ნარატივი: ქართული პოლიტიკური სცენის დიდი კაცების, ტიტანების დაპირისპირება. ერთ მხარეს დგას ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და საქართველოს უდიდესი კერძო “თიბისი ბანკის” ყოფილი მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი, მამუკა ხაზარაძე, მეორე მხარეს კი – მმართველი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი.

ანაკლია, 2018 ფოტო: ეველინა გამბინო

რეაქციები ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მზარდ კრიზისთან დაკავშირებით ორ პოზიციად იყოფა: მთავრობისა და მისი მხარდამჭერების პოზიციის მიხედვით, კონსორციუმმა ვერ შეასრულა დაკისრებული ვალდებულებები და შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტა მთავრობის მოვალეობა იყო. მეორე პოზიცია კი, რომელიც თავად ხაზარაძის მიერ წინ წამოწეული თვალსაზრისია და რომელსაც კომენტატორებისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი იზიარებს, ამ გადაწყვეტილებას განიხილავს ივანიშვილის მიერ ხაზარაძის წინააღმდეგ მიმართულ პირად შურისძიებად და პროექტსა და ზოგადად ქვეყანაზე დაკარგული კონტროლის უკან დასაბრუნებელ ფანდად. მე, როგორც მკვლევარი, რომელიც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვიკვლევდი ამ ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტს, ვთვლი რომ ეს ორივე ნარატივი კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს.

საკითხის ირგვლივ არაერთი კითხვა დაგროვდა, თუმცა მათ გასაშლელად პირველ რიგში საჭიროა შევხედოთ თავად ანაკლიის ტერიტორიას და იმას, თუ რა ხდებოდა ადგილზე კონფლიქტის გამწვავებასთან ერთად.

ანაკლიაში პორტის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია ამჟამად ნახევრად მიტოვებულ მდგომარეობაშია. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სამშენებლო მოედნიდან სქელი მტვრის ფენა აიშალა, რომელიც ქარს ადგილობრივების სახლებში შეაქვს და გავრცელებული ინფორმაციით, სერიოზულ ალერგიულ რეაქციებსა და თვალის დაზიანებებს იწვევს როგორც ბავშვებში, ისე სოფლის სხვა მოსახლეებში. მტვერმა ასევე გავლენა იქონია ტურისტულ სეზონზეც, რადგან პორტის ტერიტორიასთან ახლოს მდებარე ოჯახურ სასტუმროებს დახურვა მოუწიათ. ეს შავი ქვიშა, ახლადაშენებული სასტუმროების ზედაპირებზე მოხვედრასთან, სუფთა ზეწრების დაბინძურებასა და არაერთი ადგილობრივი, ტურისტულ ბიზნესში დამბანდებელი მაცხოვრებლის დიდი ხნის ნანატრი შემოსავლების ჩაშხამებასთან ერთად, გახდა უფრო ღრმა პროცესების ინდიკატორი, რომლებმაც ინფრასტრუქტურული სპეკულაციების უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში გავლენა იქონიეს ანაკლიელების ცხოვრებაზე.

პორტის მშენებლობის დაპირებამ, და მანამდე სააკაშვილის წარუმატებელმა პროექტმა, რომელიც ანაკლიაში ფუტურისტული ქალაქის გაშენებას ითვალისწინებდა, მკვეთრად შეცვალა სოფლის ცხოვრება. ეს ლოგისტიკური პერსპექტივა დროდადრო წარმოშობდა გამარჯვებულებს, თუნდაც პორტის ტერიტორიიდან მაღალი კომპენსაციის სანაცვლოდ გადასახლებული ადგილობრივების სახით. მეტწილად კი, მან ნიადაგი მოამზადა უამრავი ახალი შესაძლო უიღბლობისათვის. მცდელობებმა, რომ ეს მიტოვებული სასაზღვრო მიწა ლოგისტიკურ ჰაბად ქცეულიყო, სოფელი და მისი მიმდებარე ტერიტორიის ცხოვრება დროში გააჩერა და უკეთესი, მდიდარი მომავლის უსასრულო მოლოდინში გამოჰკიდა. ამ დროში წყვეტებმა მატერიალური გავლენა იქონია ადამიანებზე, რომელებმაც განვითარების პროექტიდან ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კერძო საკუთრებაში ჩადეს ინვესტიცია, ამისთვის კი ბევრ მათგანს, ხშირად სწორედ პორტის განვითარებაზე პასუხისმგებელი ბანკისგანვე, საკმაოდ მაღალპროცენტიანი სესხის აღება მოუწია. აღებული სესხების დაფარვა პორტის განვითარების ჰორიზონტის კიდევ უფრო შორს გადაწევასთან ერთად რთულდება. ის რამდენიმე იღბლიანი ოჯახი, რომელიც პორტის ტერიტორიიდან გადასახლების შედეგად მიღებული კომპენსაციის წყალობით სესხზე არ არის დამოკიდებული, ხშირ შემთხვევაში, შეჩერებული დროის შიშისმომგვრელ ციკლშია ჩართული: მათ მთელი ცხოვრების ორიენტირება მოსალოდნელი ტურისტული ბუმის ირგვლივ მოახდინეს, რომელიც, მთავრობისა და კომპანიის დაპირების მიუხედავად, ჯერ არ დამდგარა.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში წარუმატებელმა სპეკულაციებმა და ტურიზმის განვითარების მცდელობებმა დაასახიჩრა ანაკლიის ლანდშაფტიც, სადაც სანაპიროზე მიტოვებული ჟანგმოკიდებული შენობები, მართლაც დისტოპიურ სურათს ქმნის. დღეს ანაკლიის პორტის მიტოვებული ტერიტორია წარუმატებელი ინვესტიციების სასაფლაოს უერთდება. ეს გამოშიგნული “კარკასები” მთლიანობაში განასახიერებს საქართველოს სამარკო საბაზრო ეკონომიკის განმეორებადი მარცხის მონუმენტს. ამ სოფელში, ინვესტიციათა ტალღების უკან, სააკაშვილის დროიდან უცვლელი, გეოპოლიტიკური აღიარების ბუნდოვანი ოცნება და გეოეკონომიკური ამბიცია იკვეთება.

მაშასადამე, შეკითხვა ის კი არ არის, თუ რატომ ვერ მოახერხა ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულება, არამედ ის, თუ რამდენად არის შესაძლებელი სარისკო სასაზღვრო მიწაზე მრავალმილიონიანი დოლარის ღირებულების ლოგისტიკური ჰაბის განვითარება ყოვლისმომცველი სატრანსპორტო სტრატეგიის გარეშე, რომელიც სხვა ქართულ და საერთაშორისო ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ურთიერთკავშირს დაადგენდა და უზრუნველყოფდა? როგორც ჩემი კვლევისთვის საველე მუშაობის დროს, სახელმწიფო თანამდებობის პირთან საუბრისას გამოვარკვიე, საქართველოს მთავრობა ანაკლიაში სამუშაოების დაწყებიდან რამოდენიმე წლის შემდეგ, 2019 წლის შემოდგომაზე, ჯერ კიდევ ასეთი დოკუმენტის განხილვის ფაზაში იყო.

დავის საწყისი წერტილი, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტამდე მივიდა, იყო პოტენციური ინვესტორების მხრიდან სახელმწიფოსათვის გარანტიების მოთხოვნა სახელმწიფოსთან მათი კომერციული რისკების დაზღვევის თაობაზე. ეს ერთის მხრივ ცხადყოფს „თავისუფალი ბაზრის“ ქომაგთა სითამამეს, რომ სახელმწიფომ ინვესტორებს ნებისმიერი დაბრკოლებისგან უნდა გაუწმინდოს მოგებისკენ მიმავალი გზა. მეორეს მხრივ, მათი ეს პარადოქსული მოთხოვნა პირდაპირ გამომდინარეობს „ქართული ოცნების“ პარტიაში ნეოლიბერალური იდეოლოგიის გადალახვის პოლიტიკური ნების არარსებობიდან, რომელიც მანამდე მიხეილ სააკაშვილის მიერ აგრესიულად იქნა დანერგილი და რომელიც სახელმწიფოსა და მისი აქტივების კერძო კაპიტალის მანქანისთვის გადაცემაზე იდგა. უფრო მეტიც, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მოხდა ქვეყნის საკვანძო ინფრასტრუქტურული აქტივების პრივატიზება, რამაც საქართველო საკუთარ ლოგისტიკურ სექტორზე კონტროლის გარეშე დატოვა: შავი ზღვის ქართულ, 100 კმ სიგრძის სანაპიროზე არაერთ საზღვაო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურულ ობიექტი, მათ შორის ბათუმის პორტი და საკონტეინერო ტერმინალი, სუფსისა და ყულევის ნავთობ ტერმინალები და ფოთის პორტი – ყველა მათგანის ოპერირებას ის უცხოური კომპანიები ეწევიან, რომლებსაც ეს ობიექტები გრძელვადიანი იჯარით ან სრულ საკუთრებაში აქვთ გადაცემული და შესაბამისად, მათზე კონტროლი სახელმწიფოს დღეს არ აქვს.

პრივატიზების პროცესის შემობრუნების ნაცვლად, საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ გააგრძელა ბუნებრივი რესურსების ექსპლოატაცია, და სხვადასხვა სფეროებში დამატებითი მსხვილი ინვესტიციების განხორციელების ნებართვის გაცემით, უგულვებელყო ქვეყნის მყიფე ეკოსისტემები. ამ პროექტთა გამანადგურებელი გავლენები უკვე იჩენს თავს მოსახლეობის დიდ ნაწილებში და საფრთხეს უქმნის მათ საცხოვრებელ პირობებს. მეტიც, ქართული ოცნების მთავრობამ, აბსოლუტურ პრიორიტეტად დასახა კერძო ინვესტორების ხელშეწყობა მშრომელი მოსახლეობის ყველაზე საბაზისო უფლებების დაცვის ხარჯზე. საბოლოოდ კი, ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე ხელმოწერილი არაერთი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებით, საქართველომ კიდევ უფრო გაუხსნა მისი შიდა განუვითარებელი ბაზარი ისეთ ბევრად უფრო ძლიერ ეკონომიკებს, როგორებიც არიან ჩინეთი და ინდოეთი.

მდგრადი განვითარების სტრატეგიის ნაკლებობის ფონზე, ანაკლიის პორტი მხსნელ ინფრასტრუქტურულ პროექტად აღიქმება, რომელიც ქვეყნის ყველა პრობლემას, დაწყებული უმუშევრობით და დამთავრებული მყიფე გეოპოლიტიკური მდგომარეობით, სასწაულებრივად გადაჭრის. თუმცა არსებითი ინფრასტრუქტურები, რომელიც ზურგს უნდა უმაგრებდეს მსგავს შთამბეჭდავ პროექტს, ქვეყანაში არ არსებობს და საქართველო კიდევ ერთხელ დარჩა კერძო ინვესტორებისა და სააქციო კომპანიების სამადლოდ, რომლის მთავარ აქციონერს ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ოპერირების არავითარი გამოცდილება არ გააჩნია.

ანაკლია, 2018 ფოტო: ეველინა გამბინო

ანაკლიის პორტის მარცხი განსაკუთრებული შემთხვევა არ არის. მსოფლიო სავსეა წარუმატებელი ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომლებიც საინვესტიციო კაპიტალის ნაკლებობის გამო დაიხურნენ. თუმცა, ყველა ამ ინფრასტრუქტურული ნანგრევის შემხედვარე ჩნდება კითხვა: როდის უნდა ვისწავლოთ, რომ განვითარების დასაწყებად პირველ რიგში საჭიროა სათანადო სტრატეგიის შემუშავება? ისეთი სტრატეგიის, რომელიც მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარეობს, მიმართულია თვითმყოფადი ეკონომიკის განვითარებისკენ და რომელიც საწარმოო საქმიანობასთან ერთად, იმ საჭირო ხალხის კვლავწარმოებასაც განახორციელებს, რომლებიც მსგავსი პროექტების განხორციელებისათვის არიან საჭირო.

ანაკლიაში სამუშაოების უკანასკნელი წლის მანძილზე, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა, USAID-თან პარტნიორობით წამოიწყო ორმილიონ დოლარიანი პროგრამა, რომელიც მიმართული იყო ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობისაკენ. პროგრამა ითვალისწინებდა სხვადასხვა ხელობებში, ბიზნეს განვითარებაში, ენებსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალობებში მოკლევადიანი ტრენინგების ჩატარებას. ამას გარდა, პროგრამა გასცემდა მცირე და საშუალო გრანტებს ადგილობრივი მეწარმეების მიერ განვითარებული პროექტების და პატარა ინფრასტრუქტურული ინტერვენციების მხარდასაჭერად, რომელიც სოფლის მომარაგებით უზრუნველყოფას ემსახურებოდა. თუმცა, ეს მცდელობები კიდევ ერთი მაგალითია გლობალური ტენდენციისა, სადაც ისეთი სტრუქტურული პრობლემები, როგორიცაა დასაქმების შესაძლებლობების ნაკლებობა და მწირი ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა, ისეთ პრობლემათა რანგში განიხილება, რომელიც კერძო კომპანიის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიით უნდა გადაიჭრას. ადგილობრივების იმ მოტივით “დატრენინგებით,” რომ მათ საკუთარი მცირე ბიზნესები წამოიწყონ და ტურისტულ ბუმში ჩაერთონ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და USAID-ის მსგავსი პროგრამები, უყურადღებოდ ტოვებენ ქვეყანაში კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობის ფუნდამენტურ, პრობლემას.

მართალია, კონსორციუმმა ვალდებულება აიღო პორტის მშენებლობაზე მთლიანი დასაქმებულების 90%-მდე საქართველოს მოქალაქეებით შეევსო, საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილის დასაქმება იქ მხოლოდ დაბალკვალიფიციურ სამუშაო ადგილებზე მოხდა, ხოლო მაღალანაზღაურებადი სამუშაოების შესასრულებლად ისეთმა კონტრაქტორმა კომპანიებმა, როგორიცაა ვან ოორდი, საკუთარი, უცხოელი კვალიფიციური მშრომელებით დაკომპლექტებული გუნდები ჩამოიყვანეს. ამგვარად, კონსორციუმმა გაიმეორა შრომის გადანაწილების ის მოდელი, რომელსაც კარგად ვიცნობთ განვითარებად ქვეყნებში განხორციელებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან.

ახლო წარსულში ანაკლიაში მდგრადი ინტერვენციების ნაკლებობის ფონზე, ადგილობრივი მოსახლეობა ახლანდელი ინფრასტრუქტურული პროექტის ირგვლივ გაერთიანდა იმ იმედით, რომ ცხოვრება ოდნავ გამარტივდებოდა და ის შედარებით ნაკლებად მერყევი და დამქანცველი იქნებოდა. ახლა კი ანაკლიის პროექტი შეჩერებულია და ეს მარტივი იმედიც კიდევ ერთხელ დაიმსხვრა. მოსახლეობას შერჩა მხოლოდ უზარმაზარი მტვრიანი ორმო, სადაც ერთ დროს სახლები და პატარა მიწის ნაკვეთები იყო, დღეს კი ცარიელია მანამ, სანამ შემდეგი შთამბეჭდავი პროექტის მშენებლობა გამოცხადდება.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.