ავტორი: შოთა მგელაძე – საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი
ალექსანდერ ვენდტი თავის ცნობილ წიგნში საერთაშორისო ურთიერთობების სოციალური თეორია, აღნიშნული დისციპლინის გაგების ალტერნატიულ გზას გვთავაზობს. კერძოდ, დავიწყოთ იქედან, რომ ავტორი ღიად უპირისპირდება ქენეთ უოლცის მიერ შემუშავებულ თეორიას რომელიც მიკრო-ეკონომიკური პრინციპებზე დაფუძნებული სისტემური თეორიის ნაირსახეობაა. ვენდტის მთავარი კრიტიკის ობიექტი ნეორეალიზმის მიერ წამოყენებულ მთავარ არგუმენტებს უპირისპირდება. მოკლედ, როდესაც სტრუქტურული რეალიზმი(ან ნეორეალიზმი) ყურადღებას ამახვილებს ანარქიაზე და მატერიალურ ძალებზე, ვენდტი ანარქიის ახასიათებს როგორც ლოგიკას მოკლებულს და მას უწოდებს ისეთს, როგორსაც ქვეყნები აღიქვამენ. ზოგადად კონსტრუქტივიზმისთვის დამახასიათებელია აპელირება კულტურაზე, იდეებზე ნორმებზე და სოციალურ სწავლებაზე. მათი წარმომადგენლების აზრით, სწორედ, ეს არის ის მახასიათებლები, რითაც შეგვიძლია ავხსნათ სახელმწიფოების ინტერაქცია. მაგალითად, ისტორიიდან გამომდინარე ჩვენ მარტივად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სახელმწიფოების ქცევა იცვლება დროთა განმავლობაში. კითხვაზე თუ რატომ კონსტრუქტივისტები გვიპასუხებენ მოკლედ, რომ ისინი სწავლობენ და ვითარდებიან. მართალია, რომ სახელმწიფოს ანთროპოგენიზაცია არ შეიძლება აბსოლუტურად, თუმცა საერთაშორისო თეორიები სახელმწიფოებს ხშირად მიაწერენ სახელმწიფოებს ადამიანთა ნიშან თვისებებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ვენტდის წიგნში გახლავთ მისი იდეაა სამი ანარქიული კულტურის შესახებ. პირველ რიგში შევეცდები მოკლედ განვმარტო თუ რას ნიშნავს ავტორის მიერ წარმოდგენილი ჰობსისეული, ლოკისეული და კანტისეული კულტურული ლოგიკა და როგორ ოპერირებენ ისინი. წერილის მეორე ნაწილში კი შევეცდები გავაკრიტიკო ვენტდის შემოთავაზებული ანარქიული კულტურული ლოგიკა არსებული მსოფლიო წესრიგიდან გამომდინარე.
ანარქია ისეთი როგორსაც ქვეყნები აღიქვამენ, ანუ ანარქიის სამი კულტურა
როგორც უკვე აღვნიშნე, ვენტდისთვის ანარქია უბრალოდ ცენტრალიზებული მსოფლიო მთავრობის არ არსებობის მამოწმებელია, თუმცა ნეორეალიზმის თეორიის განსხვავებით, მისთვის მას არ ააქვს ის კაუზალური ეფექტი, რომელიც ქვეყნებს ერთმანეთის მიმართ განაწყობს. ანარქია თითქმის არაფერს არ ცვლის , ეს არის მოცემულობა , რომლის შიგნითაც ქვეყნები ახდენენ ინტერაქციას. სწორედ, უკანასკნელია ვენდტისთვის ამოსავალი წერტილი. ინტერაქციას ამ შემთხვევაში თან ახლავს ცოდნა, რომელსაც სახელმწიფოები ერთმანეთის მიმართ იყენებენ. მაგალითად, როდესაც აცტეკებმა არ იცოდნენ თუ საერთოდ ვინ იყვნენ მათ წინ წარმოდგენილი ესპანელები, ისინი ფიქრობდნენ, რომ უცხო არსებები ღმერთები გახლდნენ. შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ როცა არ იცი სხვისი წარმომავლობის, ისტორიის კულტურისა და განზრახვების შესახებ, პირველი ვარდები გაურკვევლობაში და არ იცი როგორ მოიქცე. რეალიზმის მიხედვით, სწორედ, რომ ქვეყნებმა არ იციან ერთმანეთის განზრახვების შესახებ, და ვინაიდან მათი პირველი ამოცანა გადარჩენაა, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა უაღრესად კომპლექსურია. ამავდროულად, თუ ადამიანს შეუძლია თავი გაწიროს, უანდერძოს ქონება, შეიყვაროს და სხვა სახელმწიფოებს არ გააჩნიათ მსგავსი ფუფუნება. ისინი აგროვებენ ან საკმარის ძალას რათა შეინარჩუნონ სტატუს-კვო, ან ახდენენ ძალების მაქსიმალიზაციას. მართალია ვენდტს აკრიტიკებენ, რომ ის თითქოს ვერაფერს უპირისპირებს გაურკვევლობის კონცეპტს, რომ სახელმწიფოები შეიძლება იქცეოდნენ განზრახ პოზიტიურად, თუმცა მალავდნენ თავიანთ მზაკვრულ გეგმებს. თუმცაღა ვენდტი თავის კულტურულ-ანარქიულ ალტერნატივებს ლაიტმოტივად ერწყმის სახელმწიფოთა ქცევის ბუნების ვარიაციები. ამით ის ერთი მხრივ, ის აბათილებს კლასიკური რეალიზმის დებულებებს, თითქოს რომ სახელმწიფოები დაუსრულებლად ჩაბმულნი არიან ძალაუფლების მარათონში და თითქოს უნივერსალური კანონები თუკიდიდედან დღემდე არ შეცვლილა. მეორე მხრივ კი უარყოფს ანარქიის ნეოკლასიკური რეალიზმის გაგებას. საკითხის უკეთ საილუსტრაციოდ მოკლედ შევეხები სამივე ანარქიას და მათ პრინციპებს.
ჰობსისეული ანარქია ანუ „ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ“
თომას ჰობსი უდავოდ გამოჩენილი ინგლისელი ფილოსოფოსია, რომლის ცნობილი ნაშრომი ლევიათანი დღესაც აქტიურად ისწავლება. თავის ნაშრომში ის ეხება ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობას და ახდენს მის ფორმულირებას როგორც მდგომარეობას სადაც: „ადამიანი ადამიანისთვის მგელია.“ თავდაცვის მიზნით კი, მას სჭირდება ცენტრალური ხელისუფლების მოდელი. საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიას თუ გადავხედავთ სახელმწიფოების წარმოშობის დროიდანვე იმყოფებიან ერთმანეთის მიმართ მძაფრ კონკურენციაში. ვენდტის აზრით ეს ხდებოდა 1648 წლამდე, სანამ ვესტფალიის ზავამდე მივიდოდით. კერძოდ ჰობსისეულ ანარქიულ კულტურაში სახელმწიფოების განადგურება, ანუ ისტორიის რუკიდან მათი გაქრობა ჩვეულებრივი პრაქტიკის ნაწილი გახლდათ . ისინი ჰობსისეული ლოგიკის თანახმად ქმნიდნენ ისეთ კულტურას სადაც სახელმწიფო სახელმწიფოს მტრად აღიქმებოდა. ძალადობა დაშვებული გახლდათ და არ არსებობდა არცერთი საეთაშორისო ნორმა თუ ინსტიტუტი, რომელიც შემაკავებელი ძალის მექანიზმით ისარგებლებდა. ასეთ სამყაროში, უმთავრესი პრინციპი გადარჩენა გახლდათ (შენიშვნა პრინციპს რეალიზმი დღემდე აპრიორად აღიქვამს) 30 წლიანი ომის დასასრული საერთაშორისო ურთიერთობის ისტორიაში გარდამტეხი ეპოქალური მოვლენაა. გარდა ამისა, სწორედ, ამ მომენტიდან იწყებს ვენტდი თავისი მეორე ანარქიული კულტურის არსებობის ათვლის წერტილს.
ლოკისეანური კულტურა – Cuius regio, eius religio
მართალია ჯონ ლოკს ხშირად ლიბერალურ თეორიებთან აკავშირებენ, თუმცა კონსტრუქტივიზმი მას სხვა ასპექტში განიხილავს. კერძოდ, ლოკისეულად წოდებულ ანარქიულ კულტურაში იცვლება, სახელმწიფოების წარმოდგენა ერთმანეთისადმი. მტრობის მაგივრად შემოდის პაექრობის ელემენტი, სადაც ნაცვლად აბსოლუტური ძალის გამოყენებისა, ანუ სახელმწიფო მიერ მეორე სახელმწიფოს განადგურების ნაცვლად, ასპარეზს იკავებს შეჯიბრითობის პრინციპი. კერძო ინტერებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიზანი გარკვეულწილად სტატუს-კვოს შენარჩუნებას. ამის კარგი მაგალითია ვენის კონგრესი, სადაც ნაცვლად იმისა, რომ საფრანგეთი თავისი იმპერიალისტური ზრახვების გამო მკაცრად დაესაჯათ, ევროპული კონცერტი ძალთა ბალანსის პრინციპზე დაფუძნდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებულმა მსოფლიო წესრიგი გამოირჩეოდა სტაბილურობით და მასშტაბურ დაპირისპირებას ადგილი არ 1914 წლამდე. ლოკისეანურ კულტურაში გამოსაყოფია სახელმწიფოთა ტრანსფორმაცია . კერძოდ, სახელმწიფოების ცნობიერებაში 1648 წლის შემდეგ შემოდის სუვერენიტეტის ცნება. ანუ მოკლედ რომ აღვნიშნოთ სახელმწიფოებში მკვიდრდება ნორმა, რომელიც დროთა განმავლობაში, კრისტალიზდება, როგორც გარდაუვალი ქცევა. შესაბამისად, ისადგურებს პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოები აცნობიერებენ, რომ მათივე უსაფრთხოების მიზნითაც კი საჭიროა, რომ იხელმძღვანელონ ახალი თამაშების წესებით. თუმცა ეს არ გახლავთ დასასრული და ლოკისეანური კულტურიდან საფუძველი დაედო კანტისეანურ კულტურას.
კანტისეული კულტურა – Foedus Pacificum
იმანუელ კანტს უდავოდ განსაკუთრებული ადგილი უკავია ფილოსოფიის ისტორიაში. უფრო მეტიც მის აზრებზე იქნა დაფუძნებული დღესდღეობით ერთ-ერთი პოპულარული მეტათეორია, რომლის მიხედვითაც დემოკრატიული სახელმწიფოები ერთმანეთის წინააღმდეგ ომში არ მიდიან. კანტიანური იდეალისტური მიდგომა კარგად შეითავსა ლიბერალურმა თეორიებმა, თუმცა მათ არც კონსტრუქტივიზმი ჩამორჩა. ვენტდის აზრით, ვესტფალიის ზავიდან საუკუნეების გასვლის შემდგომ სახელწიფოთა შორის მესამე განსხვავებული კულტურა ჩამოყალიბდა. კერძოდ, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, დასავლურ კულტურაში განსხვავებული ცნობიერება დომინირებს. გარდა იმისა, რომ სახელმწიფოებმა დაიწყეს ეგრეთწოდებული „თიმფლეის“ მოქმედების პრინციპით თამაში, რაც მოკლედ რომ ვთქვათ კარგად არის ასახული ნატოს წესდების მეხუთე მუხლში, ვენდტი გამოყოფს ძალის გამოყენების უარყოფის პრინციპს. მისი აზრით, კულტურულმა ცვლილებამ ჰიპოთეტურ რეალობაში ინტერნალიზაციის მხრივ ისეთ დონეს მიაღწია, რომ სახელმწიფოებს უბრალოდ სხვაგვარად ფიქრიც არ შეუძლიათ და ძალის გამოყენება ითვლება ვულგარულ წინა საუკუნეების ხერხად . შეგიძლიათ გაიხსენით რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდგომ გაკეთებული შეფასებები. მსგავსი სამყარო არ გამორიცხავს რევიზიონისტული ძალების არსებობას. თუმცა არსებობს ანტიდოტი. შეგახსენებთ სადამ ჰუსეინის შემთხვევა, როდესაც დასავლურმა ძალებმა მას თავისი ადგილი მიუჩინეს.
საბოლოოდ უნდა ითქვას , რომ ვენდტის ლოგიკური სისტემების ჩამოყალიბებით ჩვენ ვხედავთ შეუქცევად პროცესს, რომელიც ვითარდება ინტერაქტიული გზებით.
განსხვავებული რეალობა
თუმცა რამდენად ასახავს ობიექტურ რეალობას ვენდტის ანალიზი საკითხის ცალკე მხარეა. დავიწყოთ იქედან, პოსტ-მეორე მსოფლიო ომის პერიოდი, რომელსაც ვიცნობთ როგორც ბიპოლარულ სისტემას, მოიცავს ორ ძალის ცენტრს. კონტინენტური ევროპისა და შეერთებული შტატების ურთიერთობა ძირითადად განაპირობა ძირითადად ამერიკის ეროვნულმა ინტერესმა, რომელიც კარგად არის ასახული მარშალის გეგმასა და ეგრეთწოდებული შეკავების სტრატეგიაში. ინტერესები, რომ მოკავშირეებზე მაღლა დგას შეგიძლიათ გაიხსენოთ 1956 წელს წარმოქმნილი სუეცის კრიზისი. რაც შეეხება დემოკრატიების შესახებ ცნობილ თეორიას, რომლის მიხედვითაც ისინი არ წარმოებენ საომარ მოქმედებებს ერთმანეთის წინააღმდეგ, შეგიძლიათ იხილოთ კრისტოფერ ლაინის კრიტიკა. ემპირიული თვალსაზრისის გარდა, სამწუხაროდ, ვენტის წიგნი სადაც რევიზიონისტულ ძალებს ახსენებს, ჯერ კიდევ ის დროა, როდესაც ჩინეთი მიჰყვება დენ სიაოპინის მოძღვრებას: მოიგე დრო -დამალე შესაძლებლობები. რუსეთი კი 1990 იანი წლების ქაოსშია. საინტერესოა, რა პასუხი ექნება ვენდტს რუსეთის დასჯის მეთოდებზე ყირიმის ანექსიის , ან ჩინეთის ფარულ ეკონომიკურ ექსპანსიაზე.
დღეს სახელმწიფოები კიდევ უფრო ზრდიან თავიანთ სამხედრო ხარჯებს. მსოფლიოში ისევ ჰობსისეული შიში მძვინვარებს. დღემდე ეჭვის თვალით უყურებენ გერმანიის ეკონომიკურ ზრდას, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია თავისი ეკონომიკური ძალა ასახოს სამხედრო ძალაში. იაპონიის კონსტიტუციის მეცხრე მუხლის გადახედვის პოტენციალი (შინზო აბეს ოცნება) სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში ნამდვილად არ ქმნის სტაბილურობის განცდას. ის ინსტიტუტები, რომლის მიხედვითაც ვენტდი ეგრეთწოდებულ „თიმფლეის“ ლოგიკას აყალიბებს, ღრმა იდეოლოგიურ კრიზისს განიცდიან.
დონალდ ტრამპის მიერ არჩეული საგარეო კურსი საერთოდ ჰობსისეულ სამყაროს უფრო ეხმიანება, ვიდრე კანტისა. ამერიკის პრეზიდენტი ღიად აკრიტიკებს იმ ინსტიტუტებს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შტატების წარმატებაში. დღეს, ამერიკა გლობალური ლიდერობის ნაცვლად ცდილობს ნაციონალისტური ელემენტების გაღვივებას.
კორონავირუსის ფონზე ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ვაქცინის ნაციონალიზაციაზე, როდესაც იმის მაგივრად, რომ სახელმწიფოებმა ითანამშრომლონ , მუშაობენ იმისთვის რომ პირველმა მიიღონ ეფექტური ვაქცინები. უნდობლობა, რომელიც სუფევდა სახელმწიფოთა შორის კიდევ უფრო გაიზარდა. ეკონომიკური მოწყობის პრინციპითაც კი, პოსტ კორონავირუსული მსოფლიო მიდრეკილი იქნება ეკონომიკის ნაციონალიზაციაზე.
ყოველივე არსებულის შემდგომ, შეგვიძლია თუ არა რომ ვივარაუდოთ კანტისეული ლოგიკიდან მსოფლიო წავიდა უკან და დეგენერირდა ჰობსისეულ სამყაროში? რა თქმა უნდა არა, ვინაიდან სამყაროს ცნობიერს არანაირი ტრანსფორმაცია არ განუცდია. მსოფლიოში შეიცვალა თამაშის წესები, თუმცა არ შეიძლება ამ ტრანსფორმაციას მივაწეროთ სახელმწიფოთა ცნობიერების შეცვლა. 50 წლის შემდეგაც, თუ სახელმწიფოები იარსებებენ გვექნება ანარქია არამედ იგვე მსოფლიო, რომელშიც სახელმწიფო ინტერესები განსაზღვრავენ მათ საგარეო პოლიტიკას.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.