სპორტი და პოლიტიკა

ფოტო გარეკანზე: Flickr.com

დღეს სპორტული დიპლომატია ორგანულად ეწერება „რბილი ძალის“ ფართო კონცეფციაში, რომელიც ქვეყნის მიმზიდველობის გაზრდისკენ არის მიმართული. ამავდროულად როგორც სხვა ნებისმიერი დიპლომატია, სპორტული დიპლომატიაც მოწოდებულია აიცილოს თავიდან შეიარაღებული კონფლიქტები. სწორედ ამ კეთილშობილურ მიზანს ემსახურებოდა სპორტი ანტიკური ხანიდან. ოლიმპიური თამაშები თავიდანვე მშვიდობის სიმბოლოდ იქცა. თუმცა პიერ დე კუბერტენის მიერ XIX საუკუნის ბოლოს აღორძინებული ოლიმპიური შეჯიბრებების ტრადიცია უკვე აღარ წარმოადგენს თამაშების დროს სისხლისმღვრელი კონფლიქტების შეწყვეტის მიზეზს. გასულ საუკუნეში არა ომები, არამედ თავად თამაშები წყდებოდა მსოფლიო კატაკლიზმების პერიოდში.

ტენდენციების დაპირისპირება

ოლიმპიური მოძრაობის პოპულარობისა და საერთაშორისო გავლენის ზრდასთან ერთად შეინიშნებოდა ორი ტენდენცია. ერთი მხრივ, სპორტსმენების შეხვედრები ხელს უწყობდა კონტაქტების და მეგობრული კავშირების გაფართოებას. ცივი ომის პერიოდში სპორტული შეჯიბრებები საერთაშორისო დაძაბულობის მიუხედავად მშვიდობის შენარჩუნების და ხალხთა შორის თანამშრომლობის გარანტიად ითვლებოდა. ცნობილი ამერიკელი დიპლომატის ჯიმ კეინის სიტყვებით „სწორედ სპორტი შეიძლება იქცეს სხვადასხვა კულტურებს და ეთნოსებს შორის ურთიერთობების დამყარების საშუალებად, ისეთი საერთო ღირებულებების არსებობის მაცნედ, როგორიცაა პატივისცემა, ტოლერანტობა, დისციპლინირებულობა, კანონმორჩილება და შესაძლებლობათა თანასწორობა. შესაბამისად სპორტი საგარეო პოლიტიკის უფრო ეფექტურ რესურსს წარმოადგენს, ვიდრე მათრახის და თაფლაკვერის პოლიტიკა“. გამარჯვებული სპორტსმენები დღეს „მშვიდობის ელჩების“ როლს ასრულებენ. ფართო აუდიტორია უსმენს მათ მოწოდებებს სიღარიბის პრობლემის გადაჭრის, დაავადებათა დამარცხების, გარემოს დაცვის აუცილებლობის საკითხებში.

მეორე მხრივ, დროთა განმავლობაში თამაშები სულ უფრო მეტად წარმოადგენენ არა თავად სპორტსმენების, არამედ ეროვნული ნაკრებების დაპირისპირების არენას. სტადიონებზე ხშირია ნაციონალისტური და აგრესიული განწყობების აფეთქება.[1]

სახელმწიფოებიც წინააღმდეგი არ არიან გამოიყენონ ოლიმპიური თამაშები ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად. ეს ნათლად გამოჩნდა 2018 წლის იანვარში პიონგჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს. დაძაბულობა, რომელსაც ხელს უწყობდა მედია და პოლიტიკოსთა განცხადებები, ქმნიდა „არსებობის მანძილზე ყველაზე მილიტარიზებული ოლიმპიური თამაშების განწყობას“. 50 ათასამდე შეიარაღებული ჯარისკაცი, ტანკები და არტილერია იყო კონცენტრირებული სეულის გარშემო, ხოლო ამერიკის საელჩოსთვის პოლიციელებს უსაფრთხოების წრე ჰქონდათ შემორტყმული. პენტაგონიდან ისმოდა გაფრთხილება 38-ე პარალელთან განლაგებული ათასობით ჩრდილოკორეული საარტილერიო თუ სარაკეტო დანადგარის შესაძლო თავდასხმის შესახებ. საბედნიეროდ, სწორედ ეს თამაშები, სადაც კორეის გაერთიანებული ნაკრები გამოვიდა, იქცა ორ ქვეყანას შორის შერიგების და თანამშრომლობის ახალი ეტაპის დასაწყისად. უფრო მეტიც, გასულმა ოლიმპიადამ ხელი შეუწყო მოლაპარაკებების განახლებას კორეის ნახევარკუნძულის დემილიტარიზაციის შესახებ.

მეორე მხრივ, დროთა განმავლობაში თამაშები სულ უფრო მეტად წარმოადგენენ არა თავად სპორტსმენების, არამედ ეროვნული ნაკრებების დაპირისპირების არენას. სტადიონებზე ხშირია ნაციონალისტური და აგრესიული განწყობების აფეთქება.

სპორტის კომერციალიზაცია

დღეს აღინიშნება სპორტის კომერციალიზაციის ზრდის ტენდენცია. 2017 წლის მონაცემებით მსოფლიო სპორტული ბაზარი 90 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, რაც აზიის და აფრიკის განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობის წლიურ მშპ-ს აღემატება. კომერციალიზაციის პროცესში მოხდა ძალაუფლებრივი უფლებამოსილებების გადანაწილება შესაბამის მმართველობით სტრუქტურებში. გაიზარდა ტრანსნაციონალური კორპორაციების და მასმედიის გავლენა. კორპორაციები ხელს უწყობენ მასშტაბური სპორტული შეჯიბრებების ჩატარებას სხვადასხვა ქვეყნებში. მაგალითად ჩინეთი მსხვილი სახელმწიფო კორპორაციების გარეშე ვერ შეძლებდა დიდი ტურნირების ჩატარებას.

საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებზე ტრანსნაციონალური კორპორაციების ფინანსური გავლენის პოზიტიურად გამოყენების მაგალითად მიიჩნევენ სკანდალს, რომელიც 2022 წლის მსოფლიო ფეხბურთის ჩემპიონატის ჩატარებაზე ყატარის გამარჯვებას უკავშირდება. მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ სამშენებლო სამუშაოებზე დაიღუპა ათას ხუთასამდე მშრომელი. მთელმა რიგმა მსხვილმა კომპანიებმა, მაგალითად Sony-მ, Visa-მ, Coca-Cola-მ უარი განაცხადეს სპონსორულ კონტრაქტებზე იმ შემთხვევაში, თუ ფიფა არ მიიღებდა ზომებს შრომის პირობების გასაუმჯობესებლად. მათმა პოზიციამ ხელი შეუწყო სამართლებრივი საქმის დაწყებას ფიფას ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ, რომლებიც ყატარის წარმომადგენლებისგან ქრთამს იღებდნენ.

თუმცა კორპორაციების ჩართულობას შეიძლება ნეგატიური გავლენაც ჰქონდეს. მაგალითად, ავსტრალიაში ოლიმპიადის მომზადების დროს გარკვეულმა კორპორაციებმა გარემოს ზიანი მიაყენეს. მიუხედავად საპროტესტო აქციებისა და ამ შემთხვევასთან დაკავშირებით მიღებული კანონისა, დაზარალებული მოქალაქეები იძულებული იყვნენ უარი ეთქვათ სასამართლოში ჩივილზე.[2]

კოლოსალურ თანხებს შეადგენს სპორტული ღონისძიებების ტრანსლაცია მსოფლიო და ადგილობრივი მასმედიის მიერ. დათვლილია, რომ მაუწყებლობის უფლების გაყიდვა (2016 წლის მონაცემებით) შეადგენს მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის შემოსავლის 74%-ს, ხოლო ყველაზე დიდი მოგება მისთვის ამერიკულ NBC-ს მოაქვს.

 

ბოიკოტი თუ დიალოგი?

ბოიკოტის მომხრეები, მათ შორის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრები ამტკიცებენ, რომ შეჯიბრებათა ბოიკოტი საზოგადოების ყურადღებას ამახვილებს პრობლემურ ქვეყნებში არსებულ სიტუაციაზე, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები და არ იცავენ საერთაშორისო სამართლის წესებს. ისინი იხსენებენ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მოუწია ბოდიშის მოხდა 1936 წელს ჰიტლერის გერმანიაში ოლიმპიური თამაშების ჩატარების გამო. 1980 წელს საბჭოთა ჯარების ავღანეთში შეჭრის გასაპროტესტებლად მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადა 65-მა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ, გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, კანადამ, იაპონიამ, თურქეთმა, რუმინეთმა და ჩინეთმა. 1984 წელს საბჭოთა კავშირმა და ვარშავის პაქტის სხვა წევრებმა საპასუხოდ ბოიკოტი გამოუცხადეს ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებს და მოაწყვეს საკუთარი შეჯიბრება „მეგობრობა-84“. 2018 წელს ევროპარლამენტის დეპუტატებმა მოუწოდეს ევროკავშირის ქვეყნებს ბოიკოტი გამოეცხადებიათ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის რუსეთში.

ბოიკოტის მოწინააღმდეეები დაუშვებლად მიიჩნევენ სპორტის და პოლიტიკის ერთმანეთში არევას და ბოიკოტის ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ სპორტული შეჯიბრებების იდეოლოგიზაცია და პოლიტიზაცია საშუალებას არ აძლევს სპორტსმენებს შეხვდნენ ღირსეულ მოწინააღმდეგეებს, მოიპოვონ სანატრელი გამარჯვება და აღიარება მსოფლიო დონეზე. დავა ამ ორ მიდგომას შორის დღესაც გრძელდება.

შეჯიბრებათა ბოიკოტი საზოგადოების ყურადღებას ამახვილებს პრობლემურ ქვეყნებში არსებულ სიტუაციაზე, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები და არ იცავენ საერთაშორისო სამართლის წესებს.

 

სპორტი დიპლომატიის სამსახურში

სახელმწიფოები აქტიურად იყენებენ სპორტულ დიპლომატიას, რომელიც ხელს უწყობს საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევას. ეფექტური და წარმატებული იყო მაგალითად „პინგ-პონგის დიპლომატია“, რომელმაც 1970-იანი წლების დასაწყისში ხელი შეუწყო აშშ-სა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას. 2008 წელს ჩინეთში გამართულმა ოლიმპიურმა თამაშებმა მოახდინეს ამ ქვეყნის, როგორც ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოს იმიჯის ფორმირება. საპასუხოდ, 2014 წელს სოჭში გამართული ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს არსებულმა ხარვეზებმა და თანმდევმა დოპინგ-სკანდალმა რუსეთს რეპუტაციის მხრივ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ქვეყნები, რომლებიც საერთაშორისო თამაშებს ატარებენ, როგორც წესი მათი ორგანიზაციისთვის გაწეული ხარჯების ამოღებას ვერ ახერხებენ. სანაცვლოდ ისინი აუმჯობესებენ საკუთარ იმიჯს, ხელს უწყობენ ტურიზმის განვითარებას, იზიდავენ უცხოურ ინვესტიციებს, ხოლო შეჯიბრებისთვის აშენებული კომპლექსები მომავალში ეროვნული სპორტის განვითარებისთვის გამოიყენება.

ამავდროულად საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებები საშუალებას იძლევა სხვადასხვა ქვეყნების ლიდერთა შეხვედრისთვის. ეს კი კიდევ ერთხელ ადასტურებს სპორტული დიპლომატიის, როგორც დიალოგის ინსტრუმენტის მნიშვნელობას.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას

[1] R. Redeker. Sport as an opiate of international relations: The myth and illusion of sport as a tool of foreign diplomacy, Sport in Society, 11 (4), 2008

[2] Hall C.M. ‘Urban entrepreneurship, corporate interests and sports mega-events: The thin policies of competitiveness within the hard outcomes of neoliberalism’ / The Sociological Review, 54 (Supplement s2), 2005. – P. 68