პრო-რუსულობიდან პრო-საბჭოელობამდე: პოლიტიკური თხრობის მეტამორფოზა

რუსეთი უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოს საგარეო და საშინაო განზომილებების განუყოფელი ნაწილია. იგი იმდენად გაჯდა ქართულ პოლიტიკურ კონიუნქტურაში, მედია სივრცეში და, ზოგადად, საზოგადოებრივ განხილვაში, რომ სულ უფროდაუფრო რთული ხდება იმის გარჩევა, თუ რა არის რუსეთიდან მომდინარე რეალური საფრთხე და რა შექმნილი. კერძოდ, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი არა მხოლოდ რეალურ, არამედ გამოგონილ საფრთხედაც ჩამოყალიბდა. ამას ხელი შეუწყო ყოველდღიურობაში ისეთი პოლიტიკური ბრძოლის წარმატებული ბერკეტის ჩამოყალიბებამ, როგორიც არის პრო-რუსულობა. დღესდღეობით, ოპოზიციის და სხვა მეტოქეების მსგავსად, ქართული ოცნებაც უკვე აქტიურად იყენებს ამ კარგად დამუშავებულ „იარლიყს“ საკუთარი მეტოქეების მარგინალიზაციის და ბნელ ძალად წარმოსაჩენად. მეტიც, ესოდენ ეფექტურ „საფრთხობელას“ ალღო აუღეს წამყვანმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, რომლებიც პოლიტიკოსების კვალდაკვალ აუწყებენ საზოგადოებას ჩრდილოეთიდან მომავალ საფრთხეებზე და ხშირად სწორედ რომ საზოგადოებაში არსებულ შიშებზე თამაშობენ. თუმცა, ბოლო დროს ამ პოლიტიკურმა თხრობამ ცვლილება განიცადა და სულ უფროდაუფრო მეტი საუბარია უკვე საბჭოთა ნოსტალგიაზე. კერძოდ, პოლიტიკური ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას საბჭოთა მმართველობის სტილის დანერგვაში სდებს ბრალს; მეტიც, ოპოზიციასთან დაკავშირებული არხი მთავარი აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არა პრო-რუსი, არამედ უარესი, საბჭოთა ადამიანია.

არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი საბჭოთა ადამიანი – ამაზე პასუხი არავის აქვს, თუმცა ნათელია, რომ პოლიტიკური თხრობის ასეთ ცვლილებას აქვს თავისი მიზეზი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიზანიც.

პოლიტიკური ბერკეტი

უდავოა, რომ თანამედროვე რუსეთის პოლიტიკური ელიტა წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ძალიან დიდ გამოწვევას. მეტიც, საეჭვოა, რომ ეს საფრთხე სადმე გაქრეს მოსკოვში რეჟიმის ცვლილების შემთხვევაშიც, რადგან შესაცვლელია არა ხელისუფლება, არამედ აზროვნება, საგარეო პოლიტიკისადმი ზოგადი მიდგომა, რაც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მოხდება უახლოეს მომავალში. აქედან გამომდინარე, საქართველო უნდა იყოს მზად, რომ დაუპირისპიროს კრემლს შესაბამისი ძალისხმევა საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად. თუმცა ეს „დაპირისპირება“ უნდა იყოს გააზრებული ანუ დახვეწილი და კარგად გააზრებული. სამწუხაროდ, ამ კუთხით არსებობს ძალიან დიდი გამოწვევები ფსევდო-პატრიოტიზმისა და რადიკალური ანტი-რუსული განწყობების მიზანმიმართულად გავრცელების სახით. რომ განვაზოგადოთ, საქართველოში მიმდინარეობს ანტი-რუსული ისტერია, რომელიც ნაწილობრივ ლოგიკური შედეგია კრემლის აგრესიული პოლიტიკის და, ამასთანავე, განზრახ განვითარდა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში.

კოლუმბიის უნივერსიტეტის ყოფილმა პროფესორმა ლინკოლნ მიტჩელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ 2007 წლის 2 ნოემბერს, როდესაც ათასობით ადამიანი შეიკრიბა რუსთაველის გამზირზე გაეპროტესტებინა ხელისუფლების ძალმომრეობითი მიდგომები, ადამიანის უფლებების დარღვევები და კერძო საკუთრების ხელყოფა, მიხეილ სააკაშვილმა გაიაზრა, რომ ის უკვე აღარ იყო საყოველთაო კუმირი; მან გაიაზრა, რომ ხელისუფლების დაკარგვა შეეძლო. სწორედ მაშინ დაიწყო იმდროინდელმა პრეზიდენტმა აქტიურად ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა უკმაყოფილების ლეგიტიმური გზით ჩახშობა. და მან იპოვა ბრწყინვალე „საფრთხობელა“ – რუსეთი. საკუთარ პოლიტიკურ გუნდთან ერთად ვარდების რევოლუციის ლიდერმა რეალურ საფრთხეებთან ერთად შექმნა ვირტუალური, ბრალი დასდო ყველას, ვინც არ ეთანხმებოდა მის პოლიტიკურ შეხედულებებს პრო-რუსულობაში და, თუ დავეყრდნობით ქართველ მეცნიერს ლაშა მარკოზაშვილს, მოახდინა პრო-დასავლურობის პრივატიზაცია. ამიერიდან, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი, მისი გუნდი და მათი მომხრეები იყვნენ „ჭეშმარიტი“ პატრიოტები და მამულიშვილები. ხოლო საზოგადოების დანარჩენი ნაწილი „ჩარეცხილებად“ შერაცხა და საპროტესტო აქციებს, ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების დაცვის ეგიდით, არბევდა, ხოლო ოპონენტებს პანტაპუნტად უშვებდა ციხეში ჯაშუშობის ბრალდებით.

პირველი საზოგადოებრივი არხის დოკუმენტური ფილმი „ნოემბრიდან ნოემბრამდე“, რომელშიც ხელისუფლების მაღალი თანმდებობის პირები ამხელენ პოლიტიკურ ოპოზიციას რუსეთთან კავშირებში და იმედის დარბევას სახელმწიფოს გადარჩენის საჭიროებით ამართლებენ.

რა თქმა უნდა, საქართველოში არსებობენ ჯაშუშები, მაგრამ ძალზედ გულუბრყვილოა ვიფიქროთ, რომ ისინი მხოლოდ რუსეთის სასარგებლოდ მუშაობენ. ასეთ გამარტივებულ რეალობაში ამყოფებდა სააკაშვილი საქართველოს 2012 წლამდე, როდესაც პრო-რუსულობაც კი ვეღარ მალავდა სისტემაში არსებულ გამოწვევებს; პრო-რუსულობაც კი აღარ იყო საკმარისი იმისთვის, რო გაემართლებინა ნაციონალური მოძრაობის გუნდს სისასტიკე, წამება და ჟურნალისტების დევნა.

 არხი იმედის ე.წ. მოდელირებული ქრონიკა, რომელშიც მოცემულია მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარი; სააკაშვილის რეჟიმის გადატრიალება და პოლიტიკური ოპოზიციის პრო-რუსული პოლიტიკა

თხრობის მეტამორფოზა

რეჟიმის ცვლილებით მოსახლეობას იმედი გაუჩნდა, რომ ეს „ალქაჯებზე ნადირობა“ დასრულდებოდა, თუმცა აწ უკვე პოლიტიკურმა ოპოზიციამ შეძლო, რომ პრო-რუსულობის თხრობა არა თუ შეენარჩუნებინა, არამედ ამ ხშირად ემპირიულად უსაფუძვლო დებატში ქართული ოცნების გუნდიც ჩაეფლო. ამის შემდეგ ყოველ არჩევნებზე ქართველი პოლიტიკოსები ერთმანეთს ებრძვიან არა იმაში, თუ ვინ წარადგენს უკეთეს სამოქმედო გეგმას და ქვეყნის განვითარების ხედვას, არამედ იმაში, თუ ვინ უფრო მეტ პატრიოტულ ლოზუნგს გაისვრის და სხვას მეტ ლაფს შეასხამს, კრემლის სასარგებლოდ ჯაშუშობაში და სხვა მძიმე დანაშაულებში დასდებს ბრალს.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ქ. თელავში გაკრული პლაკატები. ფოტო: კახა კუპატაძე.

პრო-რუსულობა გახდა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, რომელზეც ადგილობრივი ახალგაზრდა თაობა მარტივად წამოეგება. მაგრამ, იგივეს ვერ ვიტყვით უკვე ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებსა და საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელიც მოესწრო სააკაშვილის მმართველობას. ამ ორი ძალზედ მნიშვნელოვანი მოთამაშისთვის ეს უკვე საკმაოდ კარგად ნაცნობი მონათხრობია, რომლის უკანაც, როგორც წესი, იდგა მხოლოდ პოლიტიკური ინტერესები და ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობები. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმის გათვალისწინებით, რომ ე.წ. რუსეთუმეების დიდი ნაწილი ახლა შეეკედლა პოსტ-რევოლუციურ გუნდს და წამიერად პრო-რუსებიდან პრო-დასავლელებად ჩამოყალიბდნენ. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ოპოზიციისთვის და მათი მომხრეებისთვის საჭირო გახდა ახალი თხრობის შემოთავაზება და სწორედ რომ ამიტომ მოხდა „საბჭოელების“ კონცეფციის გაცოცხლება. უდავოა, რომ ქართულ ოცნებას არაფერი აქვს საერთო კომუნიზმთან და მითუმეტეს საბჭოთა მმართველობის მოდელთან, რადგან ამ შემთხვევაში არც ოპოზიცია და არც ოპოზიციური მედია, როგორც ასეთი, ვერ იარსებებდნენ. მაგრამ, ტერმინ „საბჭოთა“-ს გამოყენებით მმართველი გუნდის მეტოქეებს იმედი აქვთ გამოიყენონ, როგორც საზღვარგარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით არსებული უარყოფითი განწყობები ხელისუფლების იმიჯის ხელყოფისთვის და ამომრჩევლებზე ემოციური ზეგავლენის მოსახდენად. მეტიც, შეიძლება ვთქვათ, რომ „პრო-რუსულობა“ და „საბჭოელობაც“ სწორედ რომ საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეებზე გათვალისწინებული პოლიტიკური ბერკეტებია, რადგან ოპოზიცია გრძნობს იმას, რომ ამომრჩევლისგან იმაზე მეტ ლეგიტიმაციას ვერ მიიღებს, ვიდრე აქვს; ამიტომ, საკუთარ უფლებას და ვალდებულებას, რომ ჩამოაცილოს ქართული ოცნება ხელისუფლებას სწორედ რომ დასავლეთიდან ცდილობს მიიღოს; გაამართლოს საკუთარი გამარჯვების საჭიროება და გარდაუვალობა დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით. ეს განსაკუთრებით კარგად იგრძნობა აგრეთვე ოპოზიციური არხების მონათხრობში. კერძოდ, არხი მთავარის ჟურნალისტები დასავლეთიდან წამოსულ „კრიტიკას“ უწოდებენ ქართული ოცნების პოლიტიკურ „განაჩენს“. ყველასთვის ნათელია, რომ ნებისმიერ ადგილობრივ ხელისუფლებას ასეთ განაჩენს გამოუტანს მოსახლეობა და არა გარე ძალები, მაგრამ ასეთი თხრობის მიზანია დააჯეროს ადამიანები, რომ რადგან დასავლეთმა უკვე „თქვა საკუთარი სიტყვა“, ქართველმა ამომრჩევლებმაც უნდა გაიზიარონ იგი იმისთვის, რომ იყვნენ პრო-დასავლელები ანუ ჭეშმარიტი მამულიშვილები.

2020 წლის 6 თებერვალს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა საბჭოთა საქართველოს დროშა დაწვა. წყარო: InterPressNews

არჩევნები მოდის და ქართული საზოგადოება უნდა მზად იყოს იმისთვის, რომ კვლავ წამოიწევა მოღალატეების, პრო-რუსების და საბჭოთა მენტალიტეტის მქონე ადამიანების საკითხები, რადგან არც ქართულ ოცნებას და არც მათ მეტოქეებს რაიმე ახლის შემოთავაზება უბრალოდ არ შეუძლიათ; ან თუ შეუძლიათ, მოსახლეობას უკვე აღარ სჯერა. სწორედ ასე ჩატარდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიამ ჩაიარა კომპრომატების ფონზე და ფაქტიურად მთელი მოსახლეობა გამოცხადდა რუსეთის აგენტებად და ჯაშუშებად.

არჩილ სიხარულიძე

თსუ-ს მოწვეული ლექტორი

SIKHA foundation

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.