ადგილობრივი არჩევნები - ქართული პოლიტიკის ლაკმუსის ქაღალდი

ფოტო გარეკანზე: http://quaysnews.net/

 

2017 წლის ადგილობრივი არჩევნები მნიშვნელოვანი გამოწვევა გამოდგა, როგორც მმართველი პარტიისათვის, ასევე ოპოზიციისა და მთლიანად მთელი ქართული პოლიტიკური ცხოვრებისათვის. არჩევნებმა პრაქტიკულად გამოაჩინა ყველა ის სისუსტე, რაც დამახასიათებელია ქართული პოლიტიკისა და პარტიული პოლიტიკისათვის პოსტსაბჭოთა საქართველოში. წარმოდგენილი წერილი არის მცდელობა მოკლედ მიმოიხილოს არჩევნების პოლიტიკური შედეგები და მისი თანმდევი გამოწვევები თუ ტენდენციები.

ოპოზიციის კრიზისი

არჩევნებში ოპოზიციამ პრაქტიკულად იმაზე დიდი მარცხი განიცადა ვიდრე ამის მოლოდინები არსებობდა. ქართულ ოცნებასა და სხვა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღებული ხმები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. კერძოდ, მაშინ როდესაც ქართულმა ოცნებამ ხმათა 55.74% მიიღო, ოპოზიციურმა პარტიებმა ამ დროს მიიღეს ხმათა 17.08% (ნაციონალური მოძრაობა), 10.4% (ევროპული საქართველო), 6.56% (პატრიოტთა ალიანსი), 3.27% (ლეიბორისტული პარტია), 2.59% (დემოკრატიული მოძრაობა) და ა.შ. ანუ შეიძლება ითქვას რომ ვერც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ვერ გადააჭარმა ხმათა 20% მაინც. ოპოზიციის ასეთი სუსტი შედეგები კი შეიძლება ორი მიზეზის გამო იყოს განპირობებული.

პირველ რიგში ეს ეხება დასუსტებულ ნაციონალურ მოძრაობას, რომლის გაყოფამაც 2017 წლის დასაწყისში ნაციონალური მოძრაობა როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა ღრმა კრიზისში შეიყვანა და მისი ელექტორატი ორ ნაწილად გაჰყო. მაგალითად, თუკი გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალურმა მოძრაობამ ხმათა დაახლოებით 27.11% აიღო, წელს ხმათა 10% ნაციონალური მოძრაობიდან გამოყოფილმა ბაქრაძე-უგულავას გუნდმა ანუ პარტია ევროპულმა საქართველომ აიღო ხოლო 17% კი ნაციონალურმა მოძრაობამ. ამ ყველაფერმა კი ცხადია ნაციონალურ მოძრაობას, როგორც ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას სერიოზული ზიანი მიაყენა და ხმათა დიდი რაოდენობა დააკლო. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ნაციონალური მოძრაობა აღარ წარმოადგენს ქვეყანაში ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიას.

მეორე მიზეზი რამაც განაპირობა ოპოზიციის ნეგატიური შედეგები უკავშირდება ოპოზიციური პარტიებისა და მათი პლატფორმის, სტრატეგიისა თუ მოქმედების სტილის სისუსტეს. უფრო კონკრეტულად, ოპოზიცია ვერ სთავაზობს ამომრჩეველს ისეთ ალტერნატიულ ხედვას და პრობლემების მოგვარების ისეთ კონკრეტულ სტრატეგიას, რაც ხელს შეუწყობდა მათი სოციალური ლეგიტიმაციის ზრდას. ამას ასევე ემატება ისიც, რომ პრაქტიკულად არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ გააჩნია საკმარისი რესურსები ამომრჩეველთა ხმების მობილიზაციისათვის, რასაც თავის მხრივ განაპირობებს არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, არამედ პარტიათა მოუქნელობა პოლიტიკური ცხოვრების პროცესში. შეიძლება ითქვას, რომ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ვერ ხედავს ოპოზიციაში იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მათ ნდობას დაიმსახურებას, ამიტომ ამომრჩეველი უკვე რაიმე ახლის ძიებაშია.

ელისაშვილი-სმიტის კომპლექსი

მიუხედავად დამარცხებისა, ადგილობრივ არჩევნებში საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა თბილისის მერობის დამოუკიდებელმა, უპარტიო კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა და აგრეთვე წარმოშობით ბრიტანელმა საქართველოს მოქალაქემ ჯოზეფ ალექსანდერ სმიტმა, რომელიც საკრებულოს მაჟორიტარი წევრობისთვის იბრძოდა როგორც ასევე უპარტიო კანდიდატი. ელისაშვილი კახა კალაძის (51.1%) შემდეგ ხმათა 17.48 პროცენტით მეორე ადგილზე გავიდა. ხოლო რაც შეეხება ჯოზეფ ალექსანდერ სმიტს კი მან ხმათა 14.04 პროცენტით 12 კანდიდატს შორის მის საარჩევნო ოლქში მესამე ადგილი დაიკავა.

ძირითადი მიზეზი რამაც განაპირობა ელისაშვილის წარმატება მდგომარეობდა იმაში, რომ ის პოზიციონირებდა როგორც უპარტიო პოლიტიკოსი, რომელიც აუჯანყდა ყველა პარტიულ ელიტას და ამ სტრატეგიის გამოყენებით მან პარტიული ელიტებისადმი სკეპტიკურად განწყობილი მოქალაქეების ხმები მობილიზაცია სცადა. ელისაშვილის რიტორიკა რომელიც მორგებული იყო „რევოლუციურ დიალექტიკაზე“ ელიტების წინააღმდეგ საკამოდ კარგი სტრატეგია აღმოჩნდა იმ ამომრჩეველთა მოსაზიდად, რომლებსაც არსებული პარტიების მიმართ უნდობლობის მაღალი ხარისხი აქვთ და გამოსავალს მხოლოდ ახალი პოლიტიკური „ჰაბიტუსის“ მქონე ლიდერში ეძებენ, რომელიც არც ერთ აქამდე მოქმედ მეინსტრიმულ პარტიასთან არ იქნებოდა ასოცირებული, ასეთი ლიდერი კი მათთვის როგორც სჩანს ელისაშვილი აღმოჩნდა.

რაც შეეხება ახალგაზრდა ბრიტანელ ბიბლიოთეკარს ჯოზეფ ალექსანდერ სმიტს, მიუხედავად მისი ასევე უპარტიობისა (მსგავსად ელისაშვილისა) ელისაშვილისგან განსხვავებით მისი წარმატება არჩევნებში მეტწილად ალბათ მისმა კულტურულმა თუ ეროვნულმა კუთვნილებამ განაპირობა, ვიდრე უპარტიო კანდიდატად პოზიციონირებამ, რაც მანიპულაციური აღმოჩნდა ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილისათვის. კერძოდ, მაგალითისათვის, ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი წარმოშობით რომელიმე აზიური კულტურიდან ან თუნდაც პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან რომ ყოფილიყო და არა დასვლური ქვეყნიდან, ნაკლებად სავარაუდოა რომ მას საერთოდ ვინმე მისცემდა ხმას, პირიქით, შესაძლოა მის მიმართ აგრესიაც და სიძულვილიც იმაზე მეტი ყოფილიყო ვიდრე სხვა ნებისმიერ ქართველი პოლიტიკოსის მიმართ. ამას კი თავის მხრივ განაპირობებს ის, რომ ჩვენ როგორც პოსტსაბჭოთა კომპლექსების ქვეყანა ხშირად ვახდენთ დასავლეთის და ზოგადად დასავლური საზოგადოების ფანატიკურ იდეალიზაციას, რა დროსაც დასავლეთის მესიანური აღქმა ჩვენი რეალური ცხოვრების ალტერნატივად წარმოგვიდგენია.

ქართული ოცნების კრიზისი და უპირატესობა

ქართული ოცნების წარმატება ადგილობრივი არჩევნებში ერთმნიშვნელოვნად განაპირობა ქართული ოპოზიციის სისუსტემ. მარტივად რომ ვთქვათ, რამდენადაც სუსტდება ოპოზიცია, იმდენად ძლიერდება მმართველი კლასი. შესაბამისად, ოპოზიციას სჭირდება თავის თავი ხელახლა აღმოაჩინოს და თავისი მოქმედების სტილი გახადოს უფრო პოლიტიკური, იდეოლოგიური, რაციონალური და პრაგმატული. გარდა ამისა, საჭიროა ოპოზიციამ შეცვალოს აქამდე არსებული პრაქტიკა და პრობლემების ზერელედ აღქმისა და პრიმიტიული ინტერპრეტაციების ნაცვლად საზოგადოებას შესთავაზოს არსებული პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების დღის წესრიგის ალტერნატიული პროგრამა. ამისათვის კი ოპოზიციას მოუწევს არსებული რეალობის სრულიად ახლებურად გააზრება რაც დაანახებს ამომრჩეველს, რომ ქვეყანაში არსებობს ისეთი ოპოზციური სპექტრი, რომელსაც შეუძლია მაღალი სოციალური ლეგიტიმაციის მოპოვება. თუმცა, ცხადია ისიც “ნორმალურია”, რომ ისეთი დაბალი ეკონომიკური განვითარების ქვეყანაში როგორიც საქართველოა პარტიები ვერ ძლიერდებიან ფინანსურად, რაც რასაკვირველია ხელს უშლის მათ ეფექტურ ტრანსფორმაციას. თუმცა ეს მაინც არ შეიძლება გამოდგეს ოპოზიციის სისუსტის ლეგიტიმაციის საფუძველად. ამ ფონზე კი ცხადია ძლიერდება ქართული ოცნება, როგორც მმართველი პარტია, რომელიც სუსტი ოპოზიციური სივრცის პირობებში პოზიციონირებს როგორც ერთადერთი უალტერნატივო პარტია, რასაც რასაკვირველია ასევე განაპირობებს მათი ძლიერი რესურსები და ხელისუფლებაში ყოფნა.

თუმცა, მიუხედავად ქართული ოცნების ამ უპირატესობისა რაც განპირობებულია ოპოზიციის კრიზისით, თავის მხრივ მმართველი პარტიაც განიცდის ერთგვარ კრიზისს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ქართული ოცნება არის ეკლექტური შემადგენლობის პარტია, რომელსაც არ გააჩნია გამოკვეთილი იდეოლოგიური იდენტობა და პოლიტიკური იდეალები. აგრეთვე, ხშირად მმართველი პარტიის პოზიციები არის ამბივალენტური და არათანმიმდევრული. შესაბამისად, ქართულ ოცნებას, მსაგავსად ოპოზიციისა სჭირდება განვითარება და პარტიული პოლიტიკის დახვეწა, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ისიც იმავე კრიზისის სივრცეში აღმოჩნდეს როგორშიც ქართული ოპოზიციაა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუკი ქართული ოცნება არ განავითარებს მის პარტიულ პოლიტიკას და არ იტყვის უარს სოციალურ თუ პოლიტიკური პრობლემათა ზედაპირულ აღქმებზე, შესაძლოა მისმ სოციალური ლეგიტიმაციის დონემ იკლოს რაც ცხადია ასევე შეასუსტებს მის როლს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

აგრეთვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღემდე ქართული ოცნების წარმატება მეტწილად დგას ორ ძირითად ფაქტორზე. პირველი რიგში ეს უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის სოციალურ კაპიტალს, რაც ქართული ოცნების წარმატებასთან პირდაპირ არის ბმაში. ხოლო მეორე ფაქტორი კი უკავშირდება ნაციონალური მოძრაობის მიმართ არსებულ სკეპტიციზმს საზოგადოებაში, რაც ცხადია გავლენას ახდენს ამომრჩეველთა სოლიდური ნაწილის მობილიზაციაზე ქართული ოცნების მხარდასაჭერად.

ამომრჩეველთა ქცევა

ადგილობრივ არჩევნებში, ისევე როგორც სხვა განვლილ არჩევნებში, თუკი კარგად დავაკვირდებით, მოქალაქეთა უმეტესობამ ხმა ძირითადად ემოციური ორიენტირების გამოყენებით მისცა. კონკრეტულად, ძნელია ითქვას, რომ ამომრჩევლებმა ხმა ამა თუ იმ პარტიას ან ამა თუ იმ კანდიდატს პროგრამების მიხედვით მისცა ხმა. ეს უბრალოდ შეუძლებელია, რადგან არჩევნებში მონაწილე არც ერთ სუბიექტს არ ჰქონდა დეტალურად და მკაფიოდ გაწერილი ვრცელი პროგრამა რითაც ისინი იხელმძღვანელებდნენ არჩევნებში გამარჯვების შემთხევაში.

ამომრჩეველმა არჩევანის გაკეთებისას ძირითადად ყურადღება მიაქცია პარტიათა ან კანდიდატთა პოლიტიკურ თუ ღირებულებით „ჰაბიტუსს“. მაგალითისათვის, პარტიოტთა ალიანსს სავარუადოდ ის სოციალური ფენები დაუჭერდნენ მხარს, რომლებიც ნაციონალისტური და კულტურული კონსერვატიზმის იდეების მიმართ ლოიალურად არიან განწყობილნი. ევროპული საქართველოს მიმართ კი მხარდაჭერას სავარუდოდ ის ფენები გამოხატავდნენ, რომლებსაც ნაციონალური მოძრაობის “განწმენდის” სწამთ და გამოსავალს ლიდერთა ცვლაში ხედავენ. ელისაშვილის ამომრჩეველი კი ის სოციალური ფენაა, რომელიც ყველა პარტიაზეა გაბრაზებული და ზოგადად უნდობლობას უცხადებს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში წარმოდგენილ პარტიულ ელიტებს. ხოლო ქართულ ოცნებას კი თავის მხირვ ჰყავს ის ამომრჩეველი, რომელიც ოპოზიციის სისუსტის ფონეზე ისევ ქართულ ოცნებაში ხედავენ ეფექტურ ძალას, და ა.შ.

გამომდინარე აქედან, როგორც ვხედავთ ამომრჩეველთა ქცევა საქართველოში საკმაოდ ეკლექტურია და მას ძირითადად განსაზღვრავს ემოციური ფაქტორები და ცალკეულ პოლიტიკოსთა რიტორიკული პათოსი, რა დროსაც რიტორიკა განაპირობებს ამომრჩევლის საბოლოო არჩევანს, რადგან რიტორიკა ხშირად ამომრჩევლის გრძნობებზე სპეკულაციური თუ მანიპულაციური მექანიზმია.

ამომრჩეველთა აქტიურობა და თვითმმართველობა: ევროპული პრაქტიკა და ქართული კონტექსტი

საქართველოში 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა 45.64% მონაწილოებდა, რაც აღქმულია როგორც საკმაოდ დაბალი მაჩვენებლი. თუკი დასავლეთ ევროპულ საარჩევნო პრაქტიკას შევადარებთ შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის მაღალი მაჩვენებლი, თუმცა იმის გათვალისწინებით რომ ჩვენ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ ამ სტატისტიკაში ალბათ საგანგაშოც არაფერია. დასავლეთ ევროპის გამოცდილებას რომ გადავხედოთ, მაგალითისათვის, 2014 წელს ადგილობრივ არჩევნებში შვედეთში ამომრჩეველთა 83% მონაწილოებდა, ხოლო ნორვეგიაში კი 67%, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი ჩრდილოეთ ევროპის განვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყნებს შორის ფინეთს აქვს, სადაც 2012 წლის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა მხოლოდ 58% მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება ისეთ მნიშვნელოვან დასავლეთ ევროპულ დემოკრატის როგორიც საფრანგეთია, 2014 წლის მუნიციპალურ არჩევნებში ამომრჩეველთა 36.45% არ მიიღო მონაწილეობა. თუმცა, მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპის ისეთ ქვეყანაში როგორიცაა ლატვია 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა მხოლოდ 50.39% მონაწილეობდა

ზოგადად, დასავლეთში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც განაპირობებს ამომრჩეველთა აქტიურობას არჩევნებში არის, ის რომ მოქალაქის მაღალი სოციალური სტატუსი განსაზღვრავს მის მეტ პოლიტიკურ ინტეგრაციას საზოგადოებაში. თუმცა, დასავლურ პრაქტიკაში ამომრჩეველთა დაბალი აქტიურობა შესაძლოა ასევე გამოწვეულ იქნას როგორც პოლიტიკური ნიჰილიზმის მომძლავრებით, ასევე ისეთი სოციალური ფაქტორით როგორიცაა მაგალითად პენისაზე გასვლა, რა დროსაც ადამიანი უფრო მეტ ყურადღებას პრივატულ ცხოვრებას უთმობს ვიდრე საჯაროს, თუმცა ეს ფაქტორი ხშირად ცვლადია სხვადასხვა საზოგადოებებში.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ადგილობრივ არჩევნებში მოქალაქეთა ჩართულობა საგანგაშო არ არის. ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ პრაქტიკულ პოლიტიკური ცხოვრებაში ცენტრალიზებული მმართველობის ფონზე, საქართველოში თვითმმართველობა არ არის ძლიერი და მისი მნიშვნელობა არ შეიძლება იმავე კონტექსტში გავიაზროთ როგორც ეს დასავლეთშია. საქართველოში სუსტ თვითმმართველობას ასევე განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, რაც იმას ნიშნავს რომ რაც უფრო ღარიბია ქვეყანა მით უფრო სუსტია თვითმმართველობა და ზოგადად ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხი.

შესაბამისად, 2017 წლის ადგილობრივი არჩევნები არ შეიძლება აღვიქვათ როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოვლენა ადგილობრივი მმართველობის განვითარებისთვის. თუმცა, ამ არჩევნებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და წარმოჩინდა როგორც ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი ქართული პოლიტიკური პარტიებისა და ქართული პოლიტიკისათვის, რამაც კარგად დაგვანახა პარტიული პოლიტიკის და პოლიტიკურობის კრიზისი საქართველოში.

პარტიული პოლიტიკის და პოლიტიკურობის კრიზისი

როგორც უკვე ითქვა, ადგილობრივმა არჩევნებმა და მასში ოპოზიციის დიდმა მარცხმა და აგრეთვე დამოუკიდებელი კანდიდატების წარმატებამ ნათლად წარმოაჩინა პარტიული პოლიტიკისა და პოლიტიკურობის კრიზისი საქართველოში. ერთის მხრივ ჩვენ ვხედავთ, რომ რაც დროს გადის საზოგადოებაში მით უფრო ნაკლებია პარტიებისა და ზოგადად პოლიტიკური ინსტიტუტებისადმი ნდობა, რაც აისახა როგორც ამომრჩეველთა აქტიურობის ხარისხში, ასევე პარტიათა შედეგებში. ხოლო მეორეს მხრივ კი დამოუკიდებელი კანდიდატების წარმატება რაც განპირობებულია პარტიული პოლიტიკისადმი მოქალაქეთა აპათიურობით, ასევე მანიშნებელია პოლიტიკურობის კრიზისის, რადგან დამოუკიდებელ კანდიდატებს არა აქვთ, ყოველ შემთხვევაში აქამდე არ ჰქონდა სურვილი ჩამოაყალიბონ პარტიები, რის გარეშეც პოლიტიკა თანამედროვე ეპოქაში უბრალოდ ვერ კეთდება. შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებელი კანდიდატები ანუ უპარტიო პოლიტიკოსები პოზიციონირებენ, როგორც ემოციური და „ჰუმანური“ პოლიტიკოსები, რომლებიც ტრადიციული პარტიული ელიტების წინააღმდეგ რევოლუციური პათოსით გამოირჩევიან, რითაც მათი სიმბოლური კაპიტალი და სოციალური აღიარება საზოგადოებაში მნიშვნელოვნად იზრდება. შესაბამისად, დამოუკიდებელი კანდიდატები მეტწილად წარმოგვიდგენიან როგორც ანტიპოლიტიკური პოლიტიკოსები, რომლებიც პოლიტიკური ცხოვრების ერთგვარ კარნავალიზაციაში არიან ჩაბმულნი. ამრიგად, მხოლოდ აქტიური პარტიული პოლიტიკის კეთება არის ის საშუალება, რითაც შესაძლოა დამოუკიდებელმა კანდიდატებმა საკუთარი მოქმედება გახადონ უფრო მეტად პოლიტიკური და გარკვეულ იდეოლოგიური პლატფორმაზე დაფუძნებული.

თუმცა, ისიც ცხადია რომ პარტიული პოლიტიკის კრიზისს საქართველოში განაპირობებს ქვეყნის პოსტსაბჭოთა სოციო-პოლიტიკური იდენტობა რა დროსაც პარტიები ღარიბი იდეოლოგიური იდენტობის არიან და ძირითადად ერთმანეთის იმიტაციას ახდენენ უამრავ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ საკითხებთან მიმართებაში. შესაბამისად, განახლება და ინოვაციური მიდგომა როგორც იდეოლოგიურ, ასევე პოლიტიკურ კონტექსტებში არის ის მექანიზმი რაც ხელს შეუწყობს საქართველოში პარტიული პოლიტიკის კრიზისის დასასრულს და სრულიად ახალი პოლიტიკური რეალობის გაჩენას.

დასკვნის მაგიერ

საქართველომ ადგილობრივი არჩევნებიდან შესაძლოა რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა და გაკვეთილი გამოიტანოს. პირველ რიგში ეს ცხადია ეხება იმას, რომ იმისათვის რომ პარტიათა შორის პოლიტიკური კონფლიქტი თუ თანამშრომლობა მიმზიდველი გახდეს პოლიტიკურ ცხოვრებაში, საჭიროა რომ ყველა პარტიამ გამოკვეთოს საკუთარი იდეოლოგიური იდენტობა და პოლიტიკური იდეალების სივრცე. იდეოლოგიური იდენტობის გამოკვეთა ხელს შეუწყობს ერთის მხრივ დემოკრატიული პროცესების განვითარებას, ხოლო მეორეს მხრივ კი აყალიბებს ევროპული ტიპის პარტიულ სისტემას, სადაც მიუხედავად იდეოლოგიური კრიზისისა პარტიები მაინც ახდნენ საკუთარი შეხედულებების აგებას გარკვეულ იდეოლოგიური ნარატივებზე და შემდეგ საზოგადოებას საკუთარ ალტერნატიულ პროგრამას სთავაზობენ.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.