კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივიცა დაჯიჩი რამდენიმე დღის წინ კოსოვოს პრობლემის მოსაგვარებლად ახალი ინიციატივით გამოვიდა. მინისტრის განცხადებით კოსოვოში მცხოვრებ ეთნიკურ ალბანელებსა და სერბებს შორის ‘საზღვრების დადგენა’ ხანგრძლივვადიანი კონფლიქტის გადაჭრისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ‘საზღვრების დადგენაში’ იგულისხმება კოსოვოელი სერბებისთვის ავტონომიის მიცემა, კოსოვოს ტერიტორიაზე არსებული სერბული ორთოდოქსული ეკლესიებისთვის სტატუსის განსაზღვრა და კოსოვოს მიერ კონტროლირებადი იმ ინდუსტრიული და ენერგეტიკული ობიექტების გამო სერბეთისთვის კომპენსაციის გადახდა, რომელსაც სერბეთი თავისად მიიჩნევს.

დაჯიჩის ინიციტივას მისი კოსოვოელი კოლეგა ენვერ ჰოჯაი გამოხემაურა და სერბეთს მოუწოდა კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიაროს და არ დაბლოკოს მისი წევრობა ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიცაა ინტერპოლი და იუნესკო. კოსოვოელი ალბანელებისთვის კატეგორიულად მიუღებელია სერბული უმცირესობისთვის, რომელიც 120 000 სერბს შეადგენს, ფართო ავტონომიის მიცემა, რადგან აღნიშნული სერბული უმცირესობა, რომელიც ქვეყნის ჩრდილეოთ ნაწილში სახლობს ამჟამადაც არ აღიარებს ოფიციალური პრიშტინას სუვერენიტეტს, და დიდი ალბათობით, მათი ავტონომია მომავალში სერბეთისთვის კოსოვოს საშინაო საქმეებში ჩარევის ეფექტური ინსტრუმენტი გახდება.

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივა ქვეყნის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ალექსანდრ ვუჩიჩის წინასაარჩევნო დაპირებას ეხმიანება, რომელიც კოსოვოსთან პრობლემის გადაჭრას და შეთანხმების მიღწევას გულისხმობდა.

კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წლის თებერვალში, კოსოვოს ომიდან თითქმის დეკადის შემდეგ, გამოაცხადა. კონფლიქტს 13 000 ადამიანი ემსხვერპლა, საიდანაც 10 000 ეთნიკურად ალბანელიიყო. სერბეთი კოსოვოს დამოუკიდებლობა დღემდე არ აღიარებს, რადგან თვლის, რომ ეს ტერიტორია სერბეთის ‘იერუსალიმია’, სადაც რამდენიმე ისტორიული სერბული მონასტერია. ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 1389 წელს სერბეთის მეფე ლაზარმა ოტომანთა იმპერიის სულთანი მურადი დაამარცხა, საიდანაც ‘სერბული ცივილიზაციის’ ათვლა იწყება. კოსოვო გაეროს 114 ქვეყანამ უკვე აღიარა, მაგრამ არა რუსეთმა და ევროპის კავშირის რამდენიმე ქვეყანამ: საბერძნეთმა, ესპანეთმა, რუმინეთმა, კვიპროსმა და სლოვაკეთმა.

 

ინციდენტები 2017 წელს

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში, კოსოვოს სპეციალურმა პოლიციურმა ერთეულებმა ქვეყნის ტერიტორიაზე სერბეთიდან მომავალი მატარებელი არ შეუშვა, რომელიც სერბეთის დროშის ფერებში იყო შეღებილი და ზედ ‘კოსოვო სერბეთია’ ეწერა. აღსანიშნავია, რომ ეს მატარებელი სერბეთს რუსეთმა აჩუქა.

კოსოვოს პრეზიდენტის ჰაშიმ ტასის განცხადებით, სერბეთი კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილის ანექსიას გეგმავდა, ისევე როგორც ეს რუსეთმა ყირიმში მოახერხა. კოსოვოს მთავრობამ, აღნიშნული ფაქტი სერბეთის მხრიდან პროვოკაციის მოწყობის სურვილად შეაფასა, რომელსაც კოსოვოს იმ ნაწილის ანექსია სურდა, სადაც 50 000 სერბი ცხოვრობს, რომლებიც კოსოვოს ცენტრალურ ადმინისტრაციას არ აღიარებენ.

კოსოვოს პრეზიდენტმა პარალელი გაავლო ყირიმის ანექსიასთან, სადაც ადგილობრივი ეთნიკურად რუსი მოსახლეობა რუსეთის მმართველობის ქვეშ ცხოვრებას ამჯობინებდა და რუსული ჯარის ნახევარკუნძულზე შესვლა არ გაუპროტესტებიათ.

სერბული პროვოკაციის საპასუხოდ, მარტში, კოსოვოს მთავრობამ გადაწყვიტა იუგოსლავიის დროს მაშინდელი კოსოვოს პროვინციაში სერბეთის სამართლებრივ მფლობელობაში არსებული საკუთრების კოსოვოს მფლობელობაში გადაფორმება, როგორც ეს თავის დროზე იუგოსლავიის დაშლის შემდგომ სხვა რესპუბლიკებმა, როგორც მემკვიდრეებმა გააკეთეს. კოსოვოს საკადასტრო სააგენტოს განკარგულება მიუვიდა დროულად მოეხდინა ყველა უძრავი ქონების რეგისტრაცია, რომელშიც შედიოდა ორ მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი შენობების და მიწის ფართობი, მათ შორის სათხილამურო კურორტი ბრეზოვიცა და სამთო მრეწველობის კომპლექსი ტრეპჩა. განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრამ ისა მუსტაფამ მოაწერა ხელი.

იუგოსლავიის ქონების მემკვიდრეობით მიღება კომპლექსური საკითხი იყო სხვა რესპუბლიკებისთვის, ხოლო კოსოვოსთვის ეს ორმაგად რთულია, რადგან ის სერბეთს სახელმწიფოდ არ ჰყავს აღიარებული. ამიტომ ამ გადაწყვეტილებას სერბეთის უმაღლესმა დიპლომატმა დაჯიჩმა ‘მიუღებელი, არალეგალური და დამაზიანებელი’ უწოდა. სამართლებრივად სერბეთი კოსოვოს მიწის 29%-ის მფლობელია.

21 აგვისტოს, სერბეთმა მაკედონიიდან საკუთარი ელჩი გაიწვია, მას შემდეგ რაც მაკედონიამ კოსოვოს იუნესკოში გაწევრიანების მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა. საპასუხოდ, ივიცა დაჯიჩმა მიანიშნა, რომ სერბეთს შეუძლია მაკედონიის, როგორც ქვეყნის სახელწოდების აღიარება შეწყვიტოს და ამ კუთხით საბერძნეთის მხარე დაიჭიროს, რომელიც თავის მხრივ მაკედონიის ნატოში გაწევრიანებას მისი სახელის გამო წლებია ბლოკავს.

 

სერბეთი ევროგაერთიანების წევრობისკენ

სერბეთს საკუთარი სურვილი გახდეს ევროპის კავშირის წევრი უკვე წლებია გაცხადებული აქვს. 2009 წლამდე, როდესაც ქვეყანამ გაერთიანების წევრობაზე შეიტანა განაცხადი, სერბეთი უკვე სარგებლობდა შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით. 2012 წელს ევროგაერთიანებამ სერბეთი ოფიცალურად ცნო კანდიდატ ქვეყნად. 2013 წელს კი ძალაში შევიდა 2008 წელს ხელმოწერილი სტაბილიზაციისა და ასოცირების შეთანხმება (SAA). შეთანხმება მხარეებს შორის, როგორც თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებს, ასევე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს არეგულირებს. ამავე წელს, ევროპულმა საბჭომ სერბეთთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გადაწყვეტილება მიიღო. ხოლო 2014 წლის დასაწყისში, პირველი სამთავრობოშორისი კონფერენცია გაიმართა, რომელიც ამ მოლაპარაკებების დაწყების ღონისძიება აღმოჩნდა. სერბეთის ევროპის კავშირში სრულფასოვანი წევრად გახდომისთვის და გაწევრიანების პროცესის დაჩქარებისთვის ევროპული მხარე ქვეყანას კოსოვოს პრობლემის მოგვარებას მოთხოვნად უყენებს, რაც დღემდე სერბული პოლიტიკური ელიტებისთვის მნიშვნელოვან ბარიერად რჩება.

ამჟამინდელ პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის სერბულმა პროგრესულმა პარტიამ (SNS), მისი ლიდერობით, 2012 წელს ევროპის კავშირში გაწევრიანების დაპირებით საპარლამენტო არჩევნებში დიდი სხვაობით გაიმარჯვა. გამოკითხვების თანახმად, მაშინ სერბეთის მოსახლეობის 70%-ს ქვეყნის ევროპული გზის მხარდამჭერი იყო. 2017 წელს მოსახლეობის განწყობა მნიშვნელოვნად შეიცვალა – ევროკავშირში გაწევრიანებას ახლა მხოლოდ სერბთა 43% უჭერს მხარს, ხოლო 35% გაწევრიანების წინააღმდეგია. მიუხედავად სურათის ამგვარი რადიკალური ცვლილებისა, ვუჩიჩმა მისი პროევროპული დისკურსი მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შეინარჩუნა და პირველივე ტურში  დამაჯერებლად გაიმარჯვა. ის ეჭვის ქვეშ არ აყენებს სერბეთის ევროპულ მომავალს. მისი მყარი პოზიციისთვის მას მხარადაჭერა გამოუცხადეს გერმანიის კანცლერმა ანგელმა მერკელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმაც. ვუჩიჩის ვარაუდით სერბეთი ევროგაერთიანებაში გაწევრიანებას 2022 წლისთვის შეძლებს, მაგრამ ამისთვის მან კოსოვოს პრობლემა უნდა მოაგვაროს. მართალია ვუჩიჩმა პრეზიდენტის სიმბოლურ პოსტზე გადაინაცვლა, მაგრამ ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი ქვეყანაში დღემდე ის რჩება.

ქვეყნის პრემიერის თანამდებობა მისმა რჩეულმა ანა ბრნაბიჩმა დაიკავა, რომელიც საკუთარ განცხადებებში კიდევ უფრო გამოკვეთილ პროევროპულ მესიჯებს აჟღერებს. მისი განცხადებით ევროპის კავშირში გაწევრიანება სერბეთის მთავარ მიმართულებად რჩება და ასარჩევად რომ დადგეს საქმე, სერბეთი რუსეთს ევროპულ გაერთიანებას ამჯობინებს.

სერბეთის მთავრობის ვერბალურ დონეზე მსგავსი ევროპული მისწრაფებები არ მიუთითებს, რომ ქვეყანა საგარეო ვექტორში ცალსახოვანი ხდება. პრეზიდენტი ვუჩიჩი ეფექტურად თამაშობს ერთგვარ ‘ორმაგ თამაშს’. იგი როგორც ევროპისგან, ისევე რუსეთისგან სხვადასხვა პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამხედრო ბენეფიტებს იღებს. მიმდინარე წლის მარტში, ვუჩიჩი მოსკოვს ეწვია და რუსეთთან მორიგი სამხედრო სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია, რის მიხედვითაც, რუსული მხარე სერბეთს ექვს MiG-29 ავიაგამანადგურებლებს, 30 T-72 ტანკს და 30 BRDM-2 ტიპის შეიარაღებულ საბრძოლო ტექნიკას მიაწვდის. რუსეთის მხრიდან ამგავრი გადაწყვეტილების მიღება სერბეთის მეზობელი მონტენეგროს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებით იყო განპირობებული. ქვეყნებმა მსგავს სავაჭრო გარიგებას 2013 წელსაც მიაღწიეს, როდესაც ბელგრადში რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ იმყოფებოდა. ამავე წელს, სერბეთმა რუსეთისგან 800 მილიონი დოლარის სესხი რკინიგზის მოდერნიზაციისთვის, ხოლო 500 მილიონი დოლარი ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის მიიღო. მაშინ, როგორც პრემიერ-მინისტრმა, ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთს ნატოში გაწევრიანება არ სურდა, მაგრამ არც რუსულ ბლოკში გაერთიანებას აპირებდა. სერბეთი დიდწილად არის დამოკიდებული რუსეთთან ეკონომიკურ და ენერგეტიკულ კავშირებზეც. ქვეყანა ბუნებრივი აირის 80%-ის იმპორტსრუსეთიდან ახდენს. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ვუჩიჩი რუსეთში ვიზიტებს და რუსულ-სერბულ საერთო კულტურულ-რელიგიურ ტრადიციებზე დაფუძნებულ მეგობრობას არაპროევროპული ამომრჩევლის მხარდაჭერის მოსაპოვებლად იყენებს.

ალექსანდარ ვუჩიჩის მმართველობას ხშირად ადარებენ პუტინის მმართველობას, რადგან მან მოახერხა და ნაბიჯ-ნაბიჯ ძალაუფლების მის ხელში კონცენტრაცია მოახდინა. სერბეთში სასამართლო სისტემა საკმაოდ სუსტია და მთავრობის გავლენის ქვეშაა. იმავე ბედს განიცდის მედიაც, რომელთა უმრავლესობა ვუჩიჩის მხარდამჭერია და მის წინასაარჩევნო კამპანიებს სხვა კანდიდატებთან შედარებით მნიშვნელოვნად დიდ დროს უთმობს. კრიტიკა ისმის ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხითაც. პრემიერ-მინისტრად ლესბოსელი ანა ბრნაბიჩის დანიშვნა ამ მხრივ დასავლეთისთვის ფორმალურ სიგნალს წარმოადგენდა, რომ სერბეთი ადამიანის უფლებებს ყურადღებას აქცევს. ამასთანავე, ვუჩიჩის ხედვა ქვეყნის სუვერენულობის მიმართ უფრო რუსულ მოდელს ჰგავს, ვიდრე ევროპული კავშირისას. მაგრამ წარსულში ნაციონალისტი ვუჩიჩი მის განცხადებებში ხაზს უსვამს, რომ იგი მის ხედვებს იცვლის, ქვეყნის მომავლისკენ იყურება და სერბეთის მოდერნიზაცია სურს. მას ხშირად მოჰყავს სერბული გამონათქვამი, რომ ‘მხოლოდ ვირები არ იცვლებიან’. მართლაც, სერბეთში სულ უფრო ნაკლები ადამიანიღა საუბრობს რუსულად. საპირისპიროდ კი, ინგლისური იძენს პოპულარობას. სულ უფრო მეტი სერბი მის ეკონომიკურ აქტივობას დასავლეთთან აკავშირებს და რუსულ კონტაქტებს აღარ ენდობა.

ვუჩიჩის ‘ორმაგი თამაში’ სერბული საზოგადოების პოლარიზაციითაც აიხსნება. იგი პოლიტიკურად საკმარის ძალაუფლებას და გავლენას ფლობს, მაგრამ მას სურს საზოგადოებამ იუგოსლავიის ლიდერის იოზიფ ბროზ ტიტოს გამგრძელებლად მოიხსენიოს. იგი, როგორც დასავლეთისგან, ასევე რუსეთისგან მხარდაჭერისა და პრაქტიკული სარგებლის მიღებით, საზოგადოების სრული მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს. ამისათვის, იგი სერბი ნაციონალისტების სენტიმენტებზეც კი თამაშობს. წინასაარჩევნო კამპანიისას მან განცხადა, რომ კოსოვოში სერბებით დასახლებულ რეგიონში ჩასვლას გეგმავდა. ოფიციალურმა პრიშტინამ მას ამისთვის სამსაათიანი ვადა მისცა. საპასუხოდ, ვუჩიჩმა ვიზიტი გააუქმა, რადგან იგი პრიშტინას მითითებებს არ დაემორჩილებოდა.

 

დასკვნის მაგიერ

სერბეთის პოლიტიკური ელიტა უკვე დიდი ხანია თანხმდება იმაზე, რომ ქვეყნის მომავალი განვითარება ევროპის კავშირში გაწევრიანებასთან მნიშვნელოვნწილად არის დაკავშირებული. უკვე სამ წელიწადზე მეტია რაც სერბეთსა და ოფიციალურ ბრიუსელს შორის გაწევრიანების მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შედის. სერბეთის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციით ბრიუსელიცაა დაინტერესებული. პროცესის დაჩქარებისთვის და სანდო პარტნიორად ჩამოყალიბებისთვის სერბეთი მისი ევროპელი პარტნიორების საჩვენებლად საკუთარი მთავარი პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას იწყებს და  კოსოვოსთან მოლაპარაკებების დაწყებას ცდილობს. სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ კოსოვოსთვის შეთავაზებული ინიციატივათა პაკეტიც ამ ლოგიკაში ჯდება. რაც უფრო მოახლოვდება პრეზიდენტ ვუჩიჩის მიერ ევროპულ გაერთიანებაში  გაწევრიანების დათქმული ბოლო ვადა, ქვეყნის მთავრობა მით უფრო გააქტიურდება კოსოვოსთვის სხადასხვაგვარი შეთავაზებების გაკეთების კუთხით.

ალექსანდარ ვუჩიჩის მმართველობა ნაკლებად არის ევროპული დემოკრატიული სისტემების შესაბამისი და დასავლელი ევროპელი აქტორების მიერ დაწესებული კრიტერიუმების დამაკმაყოფილებელი, მაგრამ როგორც ჩანს ოფიციალური ბრიუსელი მზადაა სერბეთი მის რიგებში ბალკანეთის რეგიონული უსაფრთხოების სტაბილიზაციისთვის მაინც იხილოს. ამისთვის სერბეთმა კოსოვოს პრობლემა უნდა გადაჭრას. სერბეთის ხელისუფლებაში იაზრებენ, რომ კოსოვოს სახელმწიფოდ ქცევა თითქმის შეუქცავადი პროცესია, რადგან იგი უკვე 114 ქვეყანამ აღიარა. მაგრამ რამდენად შეძლებს თუნდაც ვუჩიჩის მსგავსი ძალაუფლების მქონე ლიდერი ისეთი არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმას, როგორიც კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებაა, ძნელად სავარაუდოა.

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.