ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

ირანში ტრადიცია არ დაირღვა და როგორც წინამორბედ პრეზიდენტებს, ჰასან როჰანსაც ირანელმა ამომრჩეველმა 19 მაისს, ამჯერად უფრო მაღალი ლეგიტიმაციით, მეორედ გამოუცხადა ნდობა. შინგან საქმეთა მინისტრმა აბდულრეზა ფაზლიმ არჩევნების საბოლოო შედეგები უკვე გამოცხადა, რომლის მიხედვითაც არჩევნებზე მისული 41 მილიონი ირანელის 57%-მა ჰასან როჰანის დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ კონკურენტ ებრაჰიმ რაისის მხოლოდ 38%-მა. პრეზიდენტობის დანარჩენმა ორმა კანდიდატმა, მუსტაფა აქა-მირსალიმმა და მუსტაფა ჰაშმითაბამ ხმათა უმნიშვნელო რაოდენობა, შესაბამისად 1.2% და 0.5% მიიღეს.

საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა – საარჩევნო ყუთთან ხმის უფლების მქონეთა 73% მივიდა. საარჩევნო უბნებთან გრძელი რიგების გამო საარჩევნო დღე რამდენიმე საათით გაგრძელდა. მოსაზრება, რომ ირანში ამომრჩევლის აქტიურობა ტრადიციულად რეფორმისტთა გუნდისთვის წარმატებით სრულდება ხოლმე კიდევ ერთხელ დადასტურდა. 2013 წლის არჩევნებთან შედარებით, ჰასან როჰანიმ ამჯერად ხუთი მილიონით მეტი – 23 მილიონი ხმა მიიღო, რაც აქამდე ირანის არცერთ პრეზიდენტს არ მიუღია.

არჩევნებში დამარცხება ებრაჰიმ რაისიმ უკვე აღიარა და ირანელი ხალხის არჩევანს პატივისცემა გამოუცხადა. ქვეყნის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ხამენეიმ მისი ფავორიტი კანდიდატის დამარცხების მიუხედავად, არჩევნები პოზიტიურად შეაფასა და მას ირანელი ხალხის გამარჯვება უწოდა. მან არჩეულ პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას წინდახედული და ქვეყნისთვის სასარგებლო ძალისხმევის გაღებისა და ასევე საერთაშორისო არენაზე ‘ქვეყნის ღირსების’ შენარჩუნებისკენ მოუწოდა, მაგრამ როჰანისთვის გამარჯვება არ მიულოცია.

როჰანიმ არჩევნებამდე ხამენეის დაქვემდებარებაში მყოფ რევოლუციური გვარდიის უსაფრთხოების ძალებს მოუწოდა არჩევნების პროცესში არ ჩარეულიყვნენ. გამომდინარე იქიდან, რომ ირანის სულიერი ლიდერმა ქვეყანაში არსებული სტაბილურობა და უსაფრთხო გარემო დიდ მონაპოვრად მოიხსენია, არჩევნებში რომელიმე მხარის მიერ ძალის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია.

გამარჯვების შემდეგ როჰანიმ მის სატელვიზიო გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმას, რომ ირანელმა ხალხმა მშვიდობის და თანამშლობლობის გზა აირჩია და უარი თქვა ძალადობასა თუ ექსტრემიზმზე; რომ ირანელი ხალხი ერთიანია და მიუხედავად მცდელობებისა, მის ეთნიკურ, რელიგიურ, კლასობრივ თუ თემობრივ დაყოფას ვერავინ შეძლებს.

ჰასან როჰანს გაპრეზიდენტება ევროპის კავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ უკვე მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ბირთვული შეთანხმების პირობების შესასრულებლად მხარეები აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას. ირანის პრეზიდენტს გამარჯვება მისმა რუსმა და სირიელმა კოლეგებმაც მიულოცეს. ვლადიმერ პუტინმა ირანთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავების და ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების საკითხზე ერთად მუშაობის სურვილი გამოთქვა. ასევე უსაფრთხოების თემა იყო მთავარი გზავნილი  ბაშარ ალ-ასადის წერილობით მილოცვაშიც.

 

როჰანის მხარდაჭერის ზრდა

ჰასანი როჰანის არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვება ირანელი ხალხის ფუნდამენტალისტებზე რევანშად შეიძლება იქნას აღქმული. ირანულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ მაღალია იზოლაციონისტი ‘ჰარდლაინერების’ მიერ რთული მემკვიდროების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება და მის მიმართ წინააღმდეგობა. ირანელთა უმრავლესობას აღარ სურს მათი ქვეყანა საერთაშორისო საზოგადოებას მოწყვეტილი და საკუთარ მძიმე პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში ჩაკეტილი იყოს.

მას შემდეგ რაც ერთ-ერთმა წამყვანმა ფუნდამენტალისტმა კანდიდატმა, თეირანის მერმა მუჰამედ ყალიბაფმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მეორე ფუნდამენტალისტის და აიათოლა ხამენეის მიერ შერჩეული კანდიდატის ებრაჰიმ რაისის სასარგებლოდ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დიდი ალბათობა გაჩნდა, სადაც ჰასან როჰანის გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. ამგვარი სცენარი ირანელი ამომრჩევლისთვის მიუღებელი იყო. ამიტომ არჩევნების დღეს მათ მასშტაბური მობილიზაცია მოახდინეს და შედეგად, არჩევნებში მაღალი აქტივობა დააფიქსირეს.

ჰასან როჰანის წინა პრეზიდენტობის მთავარი დაპირება, რომ ბირთვული შეთანხმების შედეგად ირანში პირდაპირი საერთაშორისო ინვესტიციები გაიზრდებოდა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა, მხოლოდ მცირე ნაწილით შესრულდა, რაც მოსახლეობაზე არ ასახულა. მიუხედავად ეკონომიკის 6%-იანი ზრდისა, ნავთობის გაყიდვების გაორმაგების და ვალუტის ინფლაციის მნიშვნელოვანი შემცირებისა, 2015 წლიდან ქვეყანაში უმუშევრობის დონე არათუ შემცირდა, არამდე გაიზარდა. ყოველივე ეს ირანელი მოსახლეობისთვის საკამირისი არ აღმოჩნდა როჰანის რეფორმისტული პოლიტიკისთვის ზურგი ექცია და ფუნდამენტალიზმისკენ შებრუნებულიყვნენ.

საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების დადებიდან სულ ორი წელია გასული და ირანზე მხოლოდ სანქციების ნაწილია მოხსნილი. ამერიკულ ბანკებს ჯერ კიდევ ეკრძალებათ ირანის ბაზარზე შესვლა და მსხვილი ნავთობკომპანიებიც მასშტაბური გარიგებებისგან თავს იკავებენ. ამის ფონზე გასაგები ხდება თუ რატომ ვერ მოხერხდა როჰანისეული პროგნოზების გამართლება. ირანელმა ამომრჩეველმა გაითავლისწინა ეს ფაქტორები და ჰასან როჰანის ეკონომიკური ღიაობის პოლიტიკას კვლავ მისცა შანსი. როჰანის მეორე ვადით არჩევა პოზიტიური მესიჯია საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც, რადგან იგი ირანის სტაბილური ქვეყნის იმიჯს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და ინვესტორებისთვის მიმზიდველს ხდის.

როჰანის პოპულარობა მისმა ახალმა, სოციალურმა და პოლიტიკურმა უფლებების და თავისუფლებების გაზრდის დაპირებამაც განაპირობა. მან ეს მისი პრეზიდენტობის წინა ვადაში ვერ მოახერხა. როჰანი ირანელებს ეთნიკურად, გენდერულად და რელიგიურად დაბალანსებული საზოგადოების შექმნას შეპირდა, რამაც უმცირესობებში მისი ნდობა გაზარდა.

როჰანის კონკურენტი იბრაჰიმ რაისი ყურადღებას მმართველი გუნდის მცდარ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ქვეყანაში არსებულ კორუფციაზე, სიღარიბესა და უმუშევრობაზე ამახვილებდა. მისი მთავარი სამიზნე ჯგუფი ქვეყნის ღარიბი მოსახლეობა იყო, რომელთაც იგი ყოველთვიური დახმარების გაზრდას პირდებოდა, მაგრამ დახმარების ფონდი რა მეთოდებით უნდა გაეზარდა მას არ დაუკონკრეტებია. იგი აიათოლა ხამენეის გაჟღერებულ ვესტრენიზაციის საფრთხეზეც საუბრობდა, რაც ბირთვულ შეთანხმებას შეიძლება მოჰყოლოდა.

რაისის მოწინააღმდეგები აქტიურად ახსენედნენ მის შავ წარსულს, როდესაც იგი 1980-იანი წლების ბოლოს ‘სიკვდილის კომიტეტის’ მოსამართლე იყო, რომელმაც 4000-მდე პოლიტიკური პატიმარი გაასამართლა და ასეულობით მათგანს სიკვდილი მიუსაჯა. ამ ფაქტორმა მის კანდიდატურაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონია.

საბოლოო ჯამში, რაისის წინასაარჩევნო კამპანია პოპულისტურ სახეს უფრო ატარებდა, ვიდრე ჰასან როჰანისთვის რეალური ალტერნატივის შექმნას და კონკურენციის გაწევას ისახვდა მიზნად.

 

აიათოლა და საპრეზიდენტო არჩევნები

გავრცელებული მოსაზრება რომ პრაქტიკულად შეუზღუდავი ძალაუფლების მქონეს ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ხამენეი დიდწილად წყვეტს საპრეზიდენტო არჩევნების ბედს, მცდარია. ირანში გამოცდილებამ აჩვენა, რომ მოსახლეობა მის კანდიდატურას მხარს არ უჭერს და ყოველთვის ანტიისტებლიშმენტურ კანდიდატს ამჯობინებს ხოლმე.

ამგავრი ‘ტრადიცია’ უკვე ოცი წელია გრძელდება. 1997 წელს, როდესაც აიათოლას რჩეული ალი აქბარ ნური პრეზიდენტობის ფავორიტ კანდიდატად ითვლებოდა, იგი მოულოდნელად უცნობმა რეფორმისტმა მუჰამედ ხატამმა დაამარცხა. იგივე განმეორდა რვა წლის შემდგომაც. ხამენეის რჩეული ალი აქბარ ჰაშემი რაფსანჯანი საპრეზიდენტო არჩენებში კვლავ უცნობ კანდიდატ მაჰმუდ აჰმადინეჯადთან დამარცხდა.

მაგრამ 2009 წელს როლები შეიცვალა. ხამენეიმ მხარი აჰმადინეჯადს დაუჭირა და როდესაც მან მისი კონკურენტი ჰუსეინ მუსავი არჩევნებში დაამარცხა, არჩევნების შედეგები მოსახლეობამ გაყალბებულად გამოაცხადა და ქუჩაში გამოვიდა. საპროტესტო აქციებში ნახევარ მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც 1979 წლის რევოლუციის შემდგომ ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური გამოსვლები იყო. ხელისუფლებას მაშინ დემონსტრაციების ძალის გამოყენებით დაშლა მოუწია, რასაც ორი ათასზე მეტი ადამიანის დაკავება და რამდენიმე ადამიანის მკვლელობა მოჰყვა. აღნიშნულ გამოსვლებს პროგრესული ‘მწვანე მოძრაობის’ შექმნა მოჰყვა, რომელიც 2010 წლამდე სამოქალაქო დაუმორჩილებლობას აცხადებდა. მას შემდეგ რაც მან სოლიდარობა გამოუცხადეს ‘არაბული გაზაფხულის’ დემონსტრაციებს, ხელისუფლებამ ის ძალის გამოყენებით ჩაახშო.

2013 წელს, აიათოლა ხამენეი, როგორც ქვეყნის სულიერი ლიდერი, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ დაძაბულობას და ეკონომიკურ სტაგნაციას ვეღარ დაუჭერდა მხარს და მას ახალი სახის, რეფორმისტი ჰასან როჰანის მხარდაჭერა მოუწია. მაშინაც როჰანი მხოლოდ მცირედით ასცდა (50.7%) პირველი ტურის ბაირერს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მოგება მეორე ტურში საეჭვო გახდებოდა.

მეორე წარმოდგენაც, რომ ირანი ‘აიათოლას რეჟიმია’, მცდარია. მიუხედავად მისი ძალაუფლებისა, ირანი ბოლო წლებში უსაფრთხო პოლიტიკურ სისტემად ჩამოყალიბდა, ვიდრე თეოკრატია გამყარდა. თვითონ აიათოლაც ხშირად მიდის პოლიტიკურ კომპრომისებზე. ეს საპრეზიდნტო არჩევნებიც ამის დასტურია: მიუხედავად სხვა არჩევანისა, მან და რევოლუციურმა გვარდიამ როჰანის გამარჯვება მიიღეს და აღიარეს.

 

როჰანი და საერთაშორისო საზოგადოება

ჰასან როჰანის მეორე ვადით გაპრეზიდენტება ირანის საერთშორისო პოლიტიკასაც სტაბილურს ხდის. საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების სრულად და ეფექტურ შესრულებას ბუნებრივია დრო ჭირდება, რაც როჰანის პირველი ვადის ამოწურვამდე ცოტა ჰქონდა. კიდევ ოთხი წელი როჰანის საშუალებას მისცემს შეთანხმების შედეგად ირანი გლობალურ ეკონომიკაში უფრო კომპლექსურად ჩართოს, რაც, როგორც ირანისთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის სასარგებლო იქნება.

ბირთვული შეთანხმების შედეგად სანქციების სრულად მოხსნა მალევე ვერ მოხდება, მაგრამ ევროპელი აქტორებისგან, რუსეთისა და ჩინეთისგან ამ პოლიტიკის გატარების ღიაობა ნათლადაა გამოხატული. 2016 წელს, როჰანი ბოლო 16 წლის განმავლობაში პირველი ირანელი პრეზიდენტი გახდა, ვინც ევროპას ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. იგი ვატიკანში რომის პაპს, რომში კი იტალიის მაშინდელ პრემიერ მინისტრ მატეო რენცის შეხვდა. ხოლო შემდგომ პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდმა იგი ელისეს სასახლეში მიიღო.

შეთანხმების მიმართ სკეპტიკური მხოლოდ მისი ინიცატორი აშშ რჩება. აშშ-ის პრეზიდენტი ირანის ბირთვულ შეთანხმებას ჯერ კიდევ მის წინასაარჩევნო კამპანიისას აკრიტიკებდა და ‘ყველაზე ცუდ გარიგებად’ მოიხსენიებდა. ანტიირანული რიტორიკა მისი გაპრეზიდენტების შემდგომაც გაგრძელდა. იგი და სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ირანულ მხარეს შეთანხმების პირობების პატივისცემას თხოვდნენ და ბალისტიკური რაკეტების გამოცდისგან თავის დანებებას მოითხოვდნენ. მიუხედავად ამგავრი რიტორიკისა, გასულ კვირას ტრამპის ადმინისტრაციამ ირანზე ამერიკული სანქციების აღდგენა გადაავადა.

21 მაისს, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადში ვიზიტისას დონალდ ტრამპმა მის სიტყვით გამოსვლაში ირანს ტერორიზმის ნომერ პირველი დამფინანსებელი უწოდა და არაბული ქვეყნების ლიდერებთან ახლო აღმოსავლეთში მისი შეკავების პოლიტიკაზე იმსჯელა. საუდის არაბეთთან გაფორმებული უპრეცედენტო სავაჭრო გარიგება, რომელიც ასი მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის ერ რიადზე მიყიდვას გულისხმობს, მიიჩნევა, რომ რეგიონში სწორედ ირანული გავლენის შესამცირებლად არის მიზანმიმართული. ზემოთხსენებული ფაქტები თუ ტენდენციებიდან გამომდინარე, აშშ-ისა და ირანს შორის სამომვლო ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.

ირანში ფუნდამენტალისტების გამარჯვება და იზოლაციონიზმის პოლიტიკის გაგრძელება ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას გამოიწვევდა. ირანის ამგვარი პოლიტიკით ტრადიციულად ისრაელი სარგებლობდა და აშშ-ის მხრიდან მეტ სამხედრო დახმარებას იღებდა. როჰანის რეფორმისტთა გუნდის ხელისუფლებაში დარჩენა და მათი მიერ ეკონომიკური ღიაობის პოლიტიკა, როგორც ისრაელს, ასევე აშშ-საც საშუალებას არ აძლევს მის მიმართ აგრესიული პოლიტიკა აწარმოონ და ამაში საერთაშორისო საზოგადოება მოიმხრონ.

აიათოლა ხამენეის მიაჩნია, რომ ბირთვული შეთანხმება ირანის ღირსებას საერთაშორისო არენაზე ლახავს, მაგრამ რეალობა სხვას ამტკიცებს. ჰასან როჰანის გაპრეზიდენტებიდან მოყოლებული ირანის გავლენა ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ობამას ადმინისტრაციის მიერ რეგიონის ‘მიტოვებამ’ (ერაყიდან და ავღანეთიდან ჯარის გაყვანა, სირიის კონფლიქტში პასიური როლი) ირანს საშუალება მისცა მის სამეზობლოში აქტიური პოლიტიკა ეწარმოებინა. რამდენიმე ათასი ირანელი ჯარისკაცი სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დასახმარებლად იბრძვის; ირანი სამხედრო კავშირებს ამყარებს ლიბანურ ‘ჰეზბოლასთან’; ქვეყანა დახმარებას უწევს იემენში ამბოხებული შიიტი ჰუტების ჯგუფებს საუდის არაბეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ირანი ასევე, აქტიურადაა ჩართული ბაჰრეინის მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლაშიც.

ირანის საგარეო პოლიტიკაზე საბოლოო სიტყვა ხამენეის ეკუთვნის, მაგრამ მიუხედავად ერთმანეთის მიმართ ცივი დამოკიდებულებისა, აიათოლას როჰანის საერთაშორისო პოლიტიკა არ დაუბლოკია და სავარაუდოდ, ამას არც მომავალში გააკეთებს.

 

დასკვნა

ირანის მე-12 საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ ირანელ ხალხს ევოლუციის და არა რევოლუციური გზით სიარული სურს. ფუნდამენტალისტი კანდიდატის გამარჯვებით ქვეყანაში დესტაბილიზაციის და დეზინტეგრაციის პროცესების დაწყების რისკი გაჩნდებოდა. ამასთან ერთად მათ მაჰმუდ აჰმადინეჯადის მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური პერიოდის დაბრუნება მკვეთრად არ სურდათ. ამიტომ ირანელებმა ფუნდამენტალისტ ებრაჰიმ რაისის კანდიდატურის მიერ შემოთავაზებულ პრაქტიკულად, უპერსპექტივო მომავალს მტკიცე უარი უთხრეს და როჰანის მანდატი უპრეცედენტო ლეგიტიმაციით გაამყარეს.

ირანელთა უმრავლესობისთვის დღის წესრიგში დღეს არა პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური ყოფის გაუმჯობესება დგას. მართალია საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების შედეგად ჰასან როჰანის მიერ შეპირებული ეკონომიკური ზრდა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესება არ მომხდარა, მაგრამ მისი არსებობა ქვეყნის განვითარების შესაძლებლობას ტოვებს. ქვეყნის რეფორმისტი ლიდერის პოლიტიკა საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის, გაზისა და ნავთობის გაყიდვის, ეკონომიკის ზრდის და ირანული რიალის სტაბილიზაციის სამომავლო პერსპექტივებს ქმნის. თუკი პროცესები როჰანის გეგმის მიხედვით განვითარდა იგი რეფორმისტებს ირანის ხელისუფლებაში ყოფნას კიდევ დიდი ხნით გაუხანგრძლივებს.

ჰასან როჰანი გარდა ეკონომიკური ცვლილებებისა, ადამიანის უფლებების გარემოს გაუმჯობესების დაპირებითაც გამოირჩა, რომელიც მან წინა ვადაში ვერ შეარულა.

ამას გარდა, ირანის პრეზიდენტი ‘ქვეყნის ღირსებას’ ეფექტურად იცავს საერთაშორისო არენაზე და რეგიონში გავლენის გასაზრდელად აქტიურ საგარეო პოლიტიკას ეწევა.