ევროპის საბჭოს მინისტერიალის სხდომასთან დაკავშირებით

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვედრის ჩატარება თბილისის ნაცვლად ქ. სტრასბურგში უკვე გადაწყვეტილია, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საზოგადოებისთვის აღნიშნული მოვლენის ირგვლივ დეტალური იურიდიული და ეკონომიკური ანალიზის შემოთავაზება, მათი სრულფასოვანი ინფორმირებისათვის. სამწუხაროდ თავის დროზე საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება მსგავსი ანალიზის გარეშე განხორციელდა, რაც სასურველია მომავალში აღარ განმეორდეს და გადაწყვეტილების მიღებას წინ საკითხის სრულფასოვანი ანალიზი უძღვოდეს. შესაძლოა ამ ანალიზს საბოლოო შედეგი მაინც არ შეეცვალა და ის ჩვენი აზრითაც ოპტიმალურია, თუმცა გადაწყვეტილების ინტუიციურად მიღებას, მისი გააზრებულად მიღება სჯობს.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ქ. სტრასბურგში ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების სხდომაზე 2020 წლის 26 თებერვალს მიიღეს. გადაწყვეტილება განაპირობა-რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით არსებულმა სამართლებრივმა საკითხმა, რაც გამოწვეულია რუსი დიპლომატების მიერ ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით.

საქართველო დადგა არჩევნის წინაშე, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში გასამართ მინისტერიალზე არ შემოეშვა რუსი დიპლომატები საქართველოში, მიეცა მათთვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება, ან დაეწყო სამართლებრივი პროცედურები კონკრეტული დიპლომატების სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად.

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებების, ასევე საერთაშორისო ჩვეულებებისა და საყოველთაოდ აღიარებული სამართლის პრინციპების პრიმატს საქართველოს კანონმდებლობასთან მიმართებით, იმ დათქმით, რომ ნორმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას. ანალოგიური დებულებები განსაზღვრულია ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლითა და ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით.

ევროპის საბჭოს წესდების, მე-40 მუხლის შესაბამისად ევროპის საბჭო (საბჭოს გენერალური მდივანი, მდივნის მოადგილე და თანამშრომლები), ასევე, წევრი ქვეყნების წარმომადგენლები სარგებლობენ ე. წ. ფუნქციონალური იმუნიტეტით.

ევროპის საბჭოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ გენერალური შეთანხმების მე-9 მუხლის თანახმად, მინისტრთა კომიტეტის წარმომადგენელი, მისი ფუნქციის განხორციელებისას, ასევე, შეხვედრის მასპინძელ ქვეყანაში შესვლის ან მისი დატოვებისას, სარგებლობს იმუნიტეტით და დაუშვებელია მისი დაკავება, დაპატიმრება, ან მის წინააღმდეგ ნებისმიერი სამართლებრივი პროცედურების დაწყება (რაც ასევე მოიცავს იმუნიტეტით მოსარგებლე პირის ქვეყნიდან გაძევებას).

აღსანიშნავია, რომ საქართველო მიერთებულია ორივე ზემოხსენებულ დოკუმენტზე, ყოველგვარი დათქმის გარეშე.  ევროპის საბჭოს წესდების მე-8 მუხლის საფუძველზე, პირველი და მე-3 მუხლების გათვალისწინებით, შესაძლებელია წევრი ქვეყნის პასუხისგებაში მიცემა, როგორც წესდების, ასევე გენერალური შეთანხმების დარღვევისთვის. პასუხისმგებლობის ფორმებია წევრობის შეჩერება და შეწყვეტა.

მიუხედავად იმისა, რომ ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის               მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დამრღვევი პირების სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, აღნიშნული ნორმა იერარქიულად საქართველოს სართაშორისო ვალდებულებებზე ქვემდგომია.

საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ ვენის კონვენციის 27-ე მუხლში დადგენილი საერთაშორისო ჩვეულება განსაზღვრავს, რომ არ შეიძლება საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამართლება შიდა კანონმდებლობის ნორმებით. მაშასადამე, მინისტრთა კომიტეტში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის საქართველოში არ შემოშვებით, უფრო მეტიც, მის მიმართ ნებისმიერი სამართლებრივი პროცედურის აღძვრით, საქართველო დაარღვევდა საერთაშორისო სამართლის ნორმებს და შესაძლებელია მას დაკისრებოდა შესაბამისი პასუხისმგებლობა.

მნიშვნელოვანია განვიხილოთ რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობებიც, რომელიც აღნიშნული სიტუაციის გართულების შემთხვევაში შესაძლოა აგრეთვე გართულებულიყო. მიუხედავად იმისა რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია, ყოველდღიურად ცდილობს ხელი შეუშალოს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და თავისი მიზნების მისაღწევად არ ერიდება მის ხელთ არსებული არც-ერთი ნეგატიური ინსტრუმენტის გამოყენებას, აღსანიშნავია რომ, ქართულ ეკონიმიკაში რუსული ფაქტორის სწორი შეფასება საკითხისადმი საღ და რაციონალურ მიდგომას საჭიროებს. კერძოდ, რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ვაჭრობის, ფულადი გზავნილების, ტურიზმის და ცალკეული პროდუქტების მიმართულებით. ავიღოთ 2019 წლის მოაცემები, კერძოდ:

  • ტურიზმის ჭრილში რუსები წლების განმავლობაში იკავებდნენ პირველ ადგილს ვიზიტორების რაოდენობით, თუმცა 2019 წელს რუსეთის მხრიდან პირდაპირი საჰაერო ფრენების გაუქმების შედეგად მათ მეორე ადგილზე გადაინაცვლეს თითქმის 1.5 მილიონი ვიზიტით (ყოველი მეექვსე ვიზოტორი საქართველოში რუსეთიდანაა), რაც თითო მოგზაურობაზე საშუალოდ დახარჯული 1,282.4 ლარის გათვალისწინებით, საქართველოში შემოტანილ თითქმის 2 მილიარდ ლარს უტოლდება.
  • ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან ისტორიულად მნიშვნელოვან წვლილს ქმნის ქართულ ეკონომიკაში და ცალკეულ წლებში მთლიანი გზავნილების ნახევარზე მეტსაც შეადგენდა, თუმცა ბოლო წლებში ამ მიმართულებით ევროკავშირის გააქტიურებამ რუსეთის წილი 25%-მდე შეამცირა. აბსოლუტურ მონაცემებში კი რუსეთიდან შარშან 400 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გადმოირიცხა.
  • პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით რუსეთი საქართველოში არასდროს ფლობდა დომინანტურ პოზიციას, თუმცა ირიბი გზებით დაარსებული და შესყიდული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტი. 2019 წელს რუსეთიდან შემოდინებულმა უცხოურმა ინვესტიციებმა 70 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
  • ვაჭრობა
    • ექსპორტის თვალსაზრისით რუსეთი საქართველოს ნომერ მეორე ყველაზე მსხვილი გასაღების ბაზარია – $500 მილიონის მოცულობითა და 13.%-ანი წილით. ბოლო 5 წელიდაში ექსპორტი რუსეთში გასამმაგებულია.
    • რუსეთი ნომერ მეორეა იმპორტის ჭრილშიც, თითქმის 1 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობითა და 11%-იანი წილით, თუმცა საქმე უფრო რთულადაა, რადგანაც მთელი რიგი მიმართულებებით საქართველო ამ ეტაპზე პირდაპირაა დამოკიდებული რუსეთიდან იმპორტზე.

ცალკე აღნიშვნის საკითხია, რუსეთზე დამოკიდებულება ცალკეული პროდუქტების მიხედვით:

  • ექსპორტში: ღვინის ($133 მილიონი), ფეროშენადნობებისა ($114 მილიონი) და მინერალური წყლების ($61 მილიონი) ჭრილში, რაც სუფთა ქართული წარმოების პროდუქციაა და ჯამში 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებას აჭარბებს.
  • იმპორტში: ნავთობპროდუქტები ($200 მილიონი); ხორბალი ($90 მილიონი); ნავთობის აირები ($42 მილიონი), რომელთა ჩანაცვლება ამ პროდუქტების მნიშვნელოვან გაძვირებასთან იქნება დაკავშირებული.

საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ზემოთ მოყვანილი რიცხვები (4 მილიარდ ლარამდე შემოსავალი) არ არის უბრალოდ სტატისტიკა. მეტიც, სამწუხაროდ, მთელი რიგი დარგები ფაქტობრივად რუსულ ბაზარზეა აწყობილიდა  ეს ეხება არამხოლოდ ექსპორტს, არამედ იმპორტსაც. შესაბამისად. მოკლევადიან პერიოდში ალტერნატივების ძიება (ნაწილობრივ) შეუძლებელია ან/და ფასის მნიშვნელოვანი ზრდის მაპროვოცირებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს, მათ შორის, ყველაზე მწვავედ იმპორტირებული ხორბლის და მისგან წარმოებული პურის საკითხი გვესახება.

აქვე, აუცილებლად აღსანიშნავია რომ, ქართული ეკონომიკის დივერსიფიცირება საშუალო და გრძელვადიან პერიოდში გარდაუვალი პროცესია, რომელიც წლებია მიმდინარეობს და დიდძალ პრაგმატულობას მოითხოვს.

ამ განმარტების ავტორი ორგანიზაციები ობიექტური, არაანგაჟირებული და მიუკერძოებელი ანალიზისა და მსჯელობის მომხრენი არიან ნებისმიერი, თუნდაც გასაჟღერებლად არაპოპულარული თემის ირგვლივ. წინამდებარე განცხადების გაკეთებაც სწორედ ამავე მოტივაციით არის ნაკარნახევი.

„ჯეოქეისი“  

„თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი“

თბილისი

5 მარტი 2020

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.