ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

ევროპის კავშირის გენეზისი

მეორე მსოფლიო ომის, კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ჰუმანიტარული კატასტროფის, შედეგად ევროპის წამყვან ქვეყნებს პირველი მსოფლიო ომის შემდგომ დაშვებული შეცდომების განმეორება აღარ სურდათ. ბებერ კონტინენტზე მშვიდობის უზრუნველყოფისა და ეკონომიკური განვითარებისთვის ახალი პოლიტიკური ხედვის და მმართველობითი სტრუქტურის მოფიქრება და განხორციელება იყო საჭირო.

1945 წლიდან საფრანგეთს საკუთრი რეკონსტრუქციისთვის გერმანული, რურისა და ზაარის რეგიონებში არსებული ქვანახშირი ესაჭიროებოდა. რესურსზე კონტროლის მოსაპოვებლად ახალი კონფლიქტის წარმოქმნა თავიდან რომ აერიდებინათ, 1950 წელს, ფრანგი პოლიტიკური ეკონომისტის და დიპლომატის ჟან მონეს იდეის მიხედვით საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა დასავლეთ გერმანიის კანცლერ კონრად ადენაუერს ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო ზოლში არსებულ ფოლადისა და ქვანახშირის რესურსებზე საერთო ადმინისტრირების პროექტი შესთავაზა. შეთავაზებას გერმანიის მხრიდან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა და უკვე 1951 წლის 18 აპრილს, დასავლეთ ევროპის ექვსმა ქვეყანამ (საფრანგეთი, გფრ, ბელგია, ნიდერლანდები, იტალია, ლუქსემბურგი) პარიზის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, ევროპულის ფოლადისა და ქვანახშირის გაერთიანებას ჩაუყარეს საფუძველი.

შუმანის დეკლარაციის მიხედვით ორგანიზაცია ევროპული ფედერაციის შექმნის გზაზე პირველი ზესახელმწიფოებრივი ერთობა იყო, რომლის იმპერატივს კონტინენტზე მშვიდობის დამყარება წარმოადგენდა.

ევროპის ფოლადის და ქვანახშირის გაერთიანებამ წევრი ქვეყნების ეკონომიკური ინტერგაციისკენ სწრაფვა დააჩქარა. შედეგად, 1957 წელს რომის ხელშეკრულებით იმავე ექვსმა ქვეყანამ ევროპის ეკონომიკური გაერთიანება დააფუძნა, რომელიც ევროპის კავშირის წინამორბედ ორგანიზაციას წარმოადგენდა. ორგანიზაცია ქვეყნებს შორის საერთო ბაზარს და საბაჟო კავშირს აყალიბებდა. იგი ევროპელ მუშებს ქვეყნებს შორის თავისუფლად გადაადგილების და ცხოვრების უფლებასაც აძლევდა, რაც შემდგომ ევროპაში მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის საფუძველი გახდა.

ევროპული პროექტი წლების განმავლობაში ეკონომიკური განვითარებისთვის სხვა ქვეყნებისთვისას მიმზიდველი ხდებოდა. შედეგად, ორგანიზაციის პირველი გაფართოება 1973 წელს მოხდა, როდესაცა დამფუძნებელ ექვს ქვეყანას სამი ახალი წევრი, დიდი ბრიტანეთი, დანია და ირლანდია შეურთდა.

დროთა განმავლობაში ორგანიზაცია სხვადასხვა მიმართულებით პროგრესს განიცდიდა: საერთოდ გაუქმნდა საბაჟო ტარიფები, თანამშრომლობა გაღრმავდა სოფლის მეურნეობის დარგში, შეიქმნა ახალი სოციალური და გარემოს დაცვითი პოლიტიკები.

1979 წელს ევროპის ეკონომიკურმა გაერთიანებამ პოლიტიკური ინტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა წინ. წევრი ქვეყნების მოქალაქეებმა ევროპის პარლამენტი პირველად პირდაპირი არჩევის წესით აირჩიეს.

1981 წელს, კავშირში საბერძნეთი, ხოლო 1985 წელს ესპანეთი და პორტუგალია გაწევრიანდნენ. ამავე წლიდან შენგენის თავისუფალი გადაადგილების სივრცეს ორგანიზაციის მხოლოდ ხუთი წევრი უყრის საფუძველს, რომელსაც შემდგომ სხვა წევრებიც შეურთდებიან.

ამ პერიოდში მსოფლიოში დაწყებულმა ეკონომიკურმა რეცესიამ ევროპაში პესიმიზმის გაღრმავებას შეუწყო ხელი, მაგრამ ევროპული კომისიის პრეზიდენტი ჟაკ დელორის ინიციატივით, 1986 წელს ერთიანი ევროპულ აქტს მოეწერა ხელი, რომელსაც 1993 წლისთვის ერთიანი ევროპული ბაზრის საბოლოო ფორმირება უნდა დაესრულებინა. აქტის მიხედვით გათვალისწინებული ნაბიჯების განხორციელებამ წევრი ქვეყნების ლიდერებს საშუალება მისცა მაასტრიხტის ხელშეკრულებით ევროპის კავშირი (EU) ჩამოეყალიბებინათ. ხელშეკრულება ძალაში 1993 წლის პირველ ნოემბერს შევიდა.

1995 წელს კავშირს სამი ნეიტრალური ქვეყანა, შევდეთი, ავსტრია და ფინეთი შეურთდნენ. ამავე პერიოდიდან ორგანიზაციამ საერთო ვალუტის შექმნაზე მუშაობა დაიწყო. 2002 წლის პირველი იანვრიდან კი ახალი ვალუტა – ევრო მიმოქცევაში ჩაეშვა.

2004 წელს ევროპული გაერთიანების ყველაზე დიდი გაფართოება მოხდა, როდესაც კავშირში აღმოსავლეთ ევროპის პოსტკომუნისტური რვა ქვეყანა (პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი) და ხმელთაშუა ზღვის ორი კუნძულოვანი სახელმწიფო, მალტა და კვიპროსი ოფიციალურად გაწევრიანდნენ. 2007 წელს, მათ კიდევ ორი წევრი ბულგარეთი და რუმინეთი შეურთდნენ, ხოლო ბოლო გაფართოება 2013 წელს ხორვატიის გაერთიანებაში მიღებით განხორციელდა.

ევროპის ქვეყნების ეკონომიკური ინტეგრაციის პარალელურად კავშირს პოლიტიკური ინტეგრაცია უჭირდა, რადგან ზოგიერთი წევრი ქვეყანა საკუთარი სუვერენიტეტის მნიშვნელოვან შემცირებას არ აპირებდა. შედეგად, ევროპული ფედერაციის შექმნის იდეა ჯერ კიდევ სამომავლო მიზნად რჩება.

2004 წელს, ევროპის კავშირის კონსტიტუციის დრაფტს მოეწერა ხელი, რომელიც ყველა წინამორბედ ხელშეკრულებას აერთიანებდა. მაგრამ კონსტიტუციის პროექტის მიღება ჩავარდა, რადგან ორი ქვეყნის, საფრანგეთისა და ნიდერლანდების მოსახლეობამ რეფერენდუმზე მას მხარი არ დაუჭირა. შედეგად, კონსტიტუციის პროექტი ლისაბონის ხელშეკრულებით ჩანაცვლდა, რომელიც 2009 წლიდან შევიდა ძალაში. ხელშეკრულებამ რომისა და პარიზის შეთანხმებები გააერთიანა და ახალი ცვლილებები შემოიტანა: შექმნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების სფეროში უმაღლესი წარმომადგენლის პოსტი. მან ასევე ევროპის პარლამენტის საკანონმდებლო ძალაუფლება ევროკავშირის საბჭოსას გაუთანაბრა.

ევროპის კავშირის ღირებულებები და მნიშვნელოვანი მიღწევები

ევროპის კავშირის მიზანია ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული და პროგრესული ღირებულებების გავრცელებას, რომლის ბენეფიციარი მთლიანად კაცობრიობა იქნება. გაერთიანება თანმიმდევრულად იცავს მშვიდობას და უსაფრთხოებას, ადამიანის უფლებებს, კულტურულ, ენობრივ, ეთნიკურ თუ რელიგიურ მრავალფეროვნებას, თავისუფალ მეწარმეობას, სოციალურ სოლიდარობას, ეკონომიკური ზრდის მოსახლეობაზე თანაბარ გადანაწილებას, გარემოს დაცვას, მდგრად განვითარებას და ა.შ.

ევროპის კავშირი ერთიანი ბაზრის ოთხ ძირითად თავისუფლებას ეფუძნება: საქონლის, მომსახურების, კაპიტალის და ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას.

გაერთიანება მის წევრ ქვეყნებს ერთიანი ბაზრის მეშვეობით უნიკალურ შესაძლებლობებს აძლევს მსოფლიო სხვადახვა ბაზართან კონტაქტები დაამყარონ, გაზარდონ ვაჭრობის და შესაბამისად, ეკონომიკის მოცულობა, რაც მათ დამოუკიდებლად ნაკლებად შეეძლოთ.

ევროპის კავშირს მკვეთრი პოზიცია უკავია იმ საკითხებზე, რომელიც უბრალო მოქალაქეებზე გავლენას ახდენს. მათ შორისაა: საკვების უსაფრთხოება, ჯანსაღი ურბანული გარემოს შექმნა, განახლებადი ენერგიების წარმოების ხელშეწყობა, შრომის პირობების გაუმჯობესება, გადაშენების პირას მყოფი სახეობების დაცვა, ბიოტექნოლოგიებში ეთიკური ნორმების დაცვა და ა.შ.

ევროპის კავშირი მისი სოლიდარული პოლიტიკებითაც გამოირჩევა, რომელიც გაერთიანების ნაკლებად განვითრებულ რეგიონებს ეხმარება ინდუსტრიების გაძლიერებისკენ, რათა გლობალურ კონკურენციაში ეფექტურად ჩაერთონ. ამისთავის კავშირმა ევროპის რეგიონული განვითარების ფონდი, ევროპის სოციალური ფონდი და შეკავშირებულობის ფონდი შექმნა.

მომავალი ევროპული თაობების ერთმანეთში ინტეგრირებისთვის და კავშირის გასაძლიერებლად გაერთიანებამ უნიკალური საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამა ‘ერასმუსი’ 1987 წელს შექმნა. პროგრამაში ევროპის 37 ქვეყანა იღებს მონაწილეობას და დღემდე მასში რამდენიმე მილიონმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

25 მარტს, რომის ხელშეკრულების 60 წლის იუბილეს ევროპის კავშირის 27 ქვეყნის (დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გარეშე) ლიდერი კვლავ რომში შეიკრიბა და გაერთიანების სამომავლო განვითარების მიმართულებებზე იმსჯელეს.

მიუხედავად, გაერთიანების წინაშე დღეს მდგარი მთელი რიგი გამოწვევებისა ევროპის კავშირმა მისი არსებობის განმავლობაში უნიკალურ შედეგებს მიაღწია:

1) გაერთიანება 500 მილიონზე მეტ მოქალაქეს შესაძლებლობას აძლევს ევროპის მასშტაბით, ნებისმიერ ადგილას იცხოვროს, ისწავლოს და იმუშაოს. დღეის მონაცემებით, 14 მილიონი ევროპის ერთი ქვეყნის მოქალაქე ევროპის სხვა ქვეყანაში ცხოვრობს.

შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონა კი იმდენად წარმატებული პროექტი აღმოჩნდა, რომ მას კავშირის არაწევრი ქვეყნები, შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი შეურთდნენ.

2) გაერთიანებამ მსოფლიოში ყველაზე დიდი ერთიანი ბაზარი შექმნა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მონაცემებით, ევროპის მშპ 16.5 ტრილიონ დოლარს აღწევს, რაც მსოფლიო მშპ-ის 22.8%-ია;

3) გაერთიანებამ 2012 წელს ნობელის პრემია მიიღო ევროპაში ექვსი დეკადის განმავლობაში უპრეცედენტო მშვიდობის, დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიღწევისთვის;

4) გაერთიანებამ კონტინენტზე სიკვდილით დასჯა სრულად გააქრო. 1983 წელს განახლებულმა ადამიანის უფლებების ევროპულმა კონვენციამ სიკვდილის დასჯა არამარტო კავშირის წევრი ქვეყნებისთვის აკრძალა, არამედ ევროპის საბჭოს წევრებსაც იგივე მოსთხოვა;

5) გაერთიანებამ ბევრისთვის სადავო საერთო სოფლის მეურნეობის პოლიტიკა (CAP) შეიმუშავა, რომელმაც ფერმერებს საშუალება მისცა მათ საწარმოო და სავაჭრო პრობლემები მოეგვარებინა. პოლიტიკამ მისი არსებობის განმავლობაში 1.23 მილიონი ტონა ‘კარაქის მთა’ აწარმოა.

6) გაერთიანებამ გარემოს დაცვის ყველაზე მკაცრი საკანონმდებლო ჩარჩო შექმნა და პარიზის ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთავეც იყო. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ხელმომწერ ქვეყნებს მომავალი ათწლეულების განმავლობაში წარმოებაში კარბონის დიოქსიდის გამოყოფის შემცირებას ავალდებულებს, რათა დედამიწის წლიური საშუალო ტემპერატურა 2 გრადუსზე დაბალი იყოს.

ევროგაერთიანების წინაშე არსებული გამოწვევები

2017 წელს, ევროკავშირი რომის ხელშეკრულების ხელმოწერის 60 წლისთავს ღრმა კრიზისის პირობებში შეხვდა. კრიზისის მიზეზები ერთი მხრივ ორგანიზაციის მიღებული მცდარი გადაწყვეტილებები, ხოლო მეორე მხრივ უკონტროლო საგარეო ფაქტორების ზემოქმედება იყო.

ჯერ კიდევ 90-იან წლებში, ევროკავშირში ინტეგრაციის გაღმავებასა და ორგანიზაციის გაფართოებასთან ერთად გამოჩნდა სერიოზული სისტემური პრობლემები. ევროკავშირის სტრუქტურული ერთეულების და მათი ფუნქციების გაზრდის თანმდევ პროცესად იქცა ზესახელმწიფოებრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების ბიუროკრატიზაცია.

ევროკავშირის სწრაფმა გაფართოებამ და 2004 წელს მის რიგებში აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიისპირეთის რვა სახელმწიფოს გაწევრიანებამ ორგანიზაციის შიგნით ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციო-კულტურულ დონეზე დიფერენციაცია გააძლიერა. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს (უპირველეს ყოვლისა პოლონეთს, უნგრეთს, ჩეხეთს და სლოვაკეთს, რომლებიც ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებს შეადგენენ) ნაკლები გავლენა ჰქონდათ ევროკავშირის შიგნით გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. შედეგად ამ ქვეყნებში გაძლიერდა სუვერენიტეტის დაცვის მოთხოვნა და ისინი ორგანიზაციის შიგნით შემდგომი ინტეგრაციის და ეროვნული მთავრობების უფლებამოსილების ევროკავშირის სტრუქტურებისთვის გადაცემის წინააღმდეგ აქტიურად გამოდიან. შედეგად ევროკავშირისთვის პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ყველა ქვეყნის თანხმობას მოითხოვს, გართულდა.

ფინანსური კრიზისი

2000-იანი წლების დასაწყისში ერთიანი ვალუტის შემოღებას და ევროზონის შექმნას (რომელიც 19 ქვეყანას აერთიანებს), თან არ მოჰყვა საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკის კოორდინაცია. გასულმა 25 წელმა აჩვენა, რომ მაასტრიხტში დაწესებულმა საბიუჯეტო დეფიციტის და სახელმწიფო ვალის ლიმიტებმა (3% და 60%) ვერ მოახერხა ეკონომიკური ვარდნების და ფინანსური ბუშტების გაჩენის შეჩერება, რადგანაც მათი დარღვევა სწრაფად დაიწყეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, მათ შორის გერმანიამ და საფრანგეთმა. მაგალითად 2000-იანი წლების დასაწყისში ესპანეთში მაასტრიხტის კრიტერიუმების შეუსრულებლობის გამო უძრავი ქონების ბაზარზე დიდი ფინანსური ბუშტი წარმოიქმნა. მოგვიანებით საერთო ევროპული წესების შემოღების მიუხედავად, ესპანეთის მსგავსად საწარმოების და საოჯახო მეურნეობების დავალიანება მკვეთრად გაიზარდა პორტუგალიასა და ირლანდიაში. დაგროვილმა დისბალანსმა 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის წინ გაამძაფრა სიტუაცია.

2008-2009 წლების ფინანსურმა კრიზისმა კი შეარყია ევროზონის ფინანსური მდგრადობა. ევროკავშირი იძულებული გახდა ფინანსური დახმარება აღმოეჩინა ბანკროტის პირას მყოფი საბერძნეთისთვის, ხოლო მოგვიანებით პორტუგალიის, ესპანეთის და ირლანდიისთვის, რომლებიც სახელმწიფო ვალის კრიზისის წინაშე დადგნენ.

2015 წელს, ევროკომისიამ, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საგარეო ვალის დასაფარად საბერძნეთს მორიგი სესხის აღება შესთავაზა. სესხის პირობებით ბერძნულ მთავრობას მკაცრი, მომჭირნეობის ეკონომიკური პოლიტიკა უნდა გაეტარებინა: შეემცირებინა პენსიები და გაეზარდა გადასახადები. ათენი შეთავაზებაზე უარს აცხადებდა და მისი პოზიციების გასამყარებლად ქვეყნის ლიდერმა ალექსის ციპრასმა 5 ივლისს რეფერენდუმი დანიშნა, სადაც ქვეყნის მოსახლეობამ სესხის ამგვარი პირობებით აღებაზე ‘უარი’ განაცხადა. ევროინსტიტუტების ზეწოლით, რეფერენდუმიდან სულ რაღაც რამდენიმე დღეში პრემიერ-მინისტრი ციპრასი 53.5 მილიარდ ევროიანი სესხის აღებას დათანხმდა.

ვერც მაასტრიხტის დოკუმენტმა, ვერც მისმა გაუმჯობესებულმა ვარიანტებმა ამსტერდამსა და ნიცაში ვერ მოახერხეს ანტიკრიზისული მექანიზმის შემუშავება, რომელიც სახელმწიფოების ფინანსურ კრახს აღკვეთდა. ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს საგადასახადო პოლიტიკის და საერთო სოციალური გარანტიების სფეროების ჰარმონიზაცია. ევროკავშირის ხელშეკრულებები მის სტრუქტურებს ამ სფეროებში საკმარის კომპეტენციას ვერ აძლევს. ევროზონის სტაბილურობის საფრთხე ჯერ კიდევ არ არის გადალახული.

მიგრანტთა კრიზისი

ევროკავშირზე მნიშვნელოვანი ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა მიგრაციის ტალღამ, რომელიც „არაბული გაზაფხულის“ შემდგომ გაიზარდა და ევროპას 2015 წელს დაატყდა თავს. ევროკავშირის ქვეყნებში ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან რამდენიმე მილიონი ადამიანი ჩამოვიდა. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მიგრანტი საბერძნეთში, იტალიაში, გერმანიაში, ავსტრიასა და შვედეთში აღმოჩნდა. მიგრანტების რიცხვის სწრაფი ზრდა მძიმედ დააწვა ბიუჯეტს და სოციალურ ინფრასტრუქტურას, ასევე გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება და ყოველდღიური კონფლიქტები.  სხვა კულტურისა და ცივილიზაციის ხალხის მასიური მიღების გარდა, ევროპელი მოსახლეობის შიშს მიგრანტების მიერ მათთვის სამუშაო ადგილების შესაძლო წართმევაც იწვევს. ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში უმუშევრობის დონე არ მცირდება და ხოლო ახალგაზრდებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 20%-ს უტოლდება.

მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს მიგრაციული ნაკადი ორი მესამედით შემცირდა, ევროპის ქვეყნების საზოგადოებებში უკმაყოფილება კვლავ რჩება. 2016 წლის ბოლოს ევროკავშირის 15 ქვეყანაში ჩატარებული დიდი გამოკითხვის თანახმად, საბერძნეთში მოსახლეობის 86%-მა განაცხადა, რომ სურს საკუთარ ქვეყანაში ნაკლები მიგრანტი იხილოს. იტალიაში ეს მონაცემი 75%-ს შეადგენს, გერმანიაში – 64%-ს.

ეთნოკონფესიურ შეიარაღებულ კონფლიქტებს და ისლამური ექსტრემიზმის გაძლიერებას ერაყსა და სირიაში უკავშირდება ევროპაში ტერორისტული საფრთხის ზრდაც. ევროპაში გრძელდება ისლამისტების დემონსტრაციული ტერორისტული აქტები, რომელშიც ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქე მუსლიმებიც აქტიურად არიან ჩართულნი.

მიგრაციულმა კრიზისმა გამოიწვია დაპირისპირება ძველ და ახალ ევროპას შორის და ხელი შეუწყო ბებერ კონტინენტზე ევროსკეპტიციზმის და მემარჯვენე პოპულიზმის ზრდას. 2015-16 წლების განმავლობაში ევროკავშირმა ვერ მიაღწია შეთანხმებას, რომლის თანახმადაც მოახერხებდა მიგრანტების ნაკადის რეგულირებას და ევროკავშირში უკვე შესული ადამიანების ბედის გადაწყვეტას. გერმანიის და საფრანგეთის შემოთავაზებული იდეა მიგრანტთა მიღების სავალდებულო კვოტების შესახებ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი, პოლონეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის მხრიდან ძლიერ წინააღმდეგობას შეხვდა.

ბრექსიტი და ულტრამემარჯვენე მოძრაობების აღმავლობა

ევროკავშირის ქვეყნების მმართველი ელიტებისთვის ძლიერ ფსიქოლოგიურ შოკად იქცა დიდ ბრიტანეთში 2016 წლის 23 ივნისს გამართული რეფერენდუმის შედეგი – ბრექსიტი. გასათვალისწინებელია, რომ როგორც ისტორიული (იმპერიული წარსული), ასევე გეოგრაფიული (კუნძულოვანი მდგომარეობა) ფაქტორებიდან გამომდინარე ბრიტანელების დამოკიდებულება ევროკავშირისადმი ყოველთვის უფრო სკეპტიკური იყო, ვიდრე ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნების. მიუხედავად ამისა, ბრექსიტი ბრიუსელისა და ერთიანი ევროპისთვის მოულოდნელობად იქცა. 2017 წლის აპრილში, დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების პირობების შესახებ ორწლიანი მოლაპარაკებები დაიწყო. ეს მოლაპარაკებები ბრიუსელის ბიუროკრატიას დიდ დროსა და ენერგიას წაართმევს. მოლაპარაკების შედეგები მძიმე იქნება დიდი ბრიტანეთისთვისაც. უკვე ცნობილია, რომ ბრიტანეთი ერთობის ‘მკაცრი’ დატოვების გზით წავა, რაც ლონდონისთვის ყოფილი პარტნიორების მხრიდან გარკვეულ დათმობებზე უარის თქმას ნიშნავს.

იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ევროპული პროექტის სათავეებთან იდგნენ, მოქალაქეთა ნდობა ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ შემცირდა. საპირისპიროდ, მოხდა ანტიგლობალისტური, ნაციონალისტური ძალების და მოძრაობების აქტივობის გაზრდა. მემარჯვენე თუ მემარცხენე ნაციონალ-პოპულისტები აქტიურად აყენებენ ევროკავშირის დატოვების და ეროვნული ხელისუფლებების უფლებამოსილების გაზრდის იდეას. გლობალიზაცია და ერთიანი ევროპა ბევრი ევროპელის აზრით არ იწვევს მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. ისინი თვლიან, რომ ამ პროცესებით სარგებელს მხოლოდ მმართველი ელიტა ნახულობს. შედეგად იქმნება უკმაყოფილო მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ბაზა, რომლითაც მემარჯვენე ნაციონალისტური პარტიები სარგებლობენ.

ევროკავშირის სამომავლო პერსპექტივები

მწვავე და რთულად გადასაჭრელი პრობლემების მიუხედავად, ევროკავშირისთვის კატასტროფული დაშლის სცენარის განხორციელება ნაკლებად მოსალოდნელია. დიდი საინფორმაციო ხმაური, რომელიც ევროსკეპტიკოსი-პოპულისტების მზარდ პოპულარობას მოჰყვა, დიდწილად, ბრექსიტს და ტრამპის გამარჯვებას დაუკავშირდა. თუმცა უახლოს მომავალში მემარჯვენე პოპულისტური ძალების პოლიტიკური პოტენციალი ევროპაში შეზღუდულია და ისინი ვერ ახერხებენ უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვებას.

ნიდერლანდებში გამართულ არჩევნებზე გერტ ვილდერსის მემარჯვენე ‘თავისუფლების პარტიამ’ მოსალოდნელზე დაბალი ხმები მიიღო. მემარჯვენე პოპულისტური ლიდერებიდან ყველაზე ძლიერი მარინ ლე პენი 7 მაისს საფრანგეთში ჩატარებულ  საპრეზიდენტო არჩვნების მეორე ტურში ევროოპტიმისტ ემანუელ მაკრონთან დიდი სხვაობით დამარცხდა. მნიშვნელოვანია აღნიშნულ ქვეყნებში საზოგადოების 2016 წლის ბოლოს ჩატარებული დიდი გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირის 15 ქვეყანაში ევროკავშირის დატოვებას მხარს უჭერს მოსახლეობის მესამედზე ოდნავ მეტი – 36%.

მიუხედავად ამისა, ევროკავშირის განვითარების ოპტიმისტური სცენარი ახლო მომავალში არ იკვეთება. ორგანიზაციაში დაგროვილი მძიმე პრობლემებისა და წინააღმდეგობების მოგვარების გზები ჯერჯერობით არ ჩანს. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაზე საუბარია არა ინტეგრაციის გაღრმავებაზე, არამედ ევროპული პროექტის შედეგების ‘ინვენტარიზაციაზე’, რომლის შემდეგაც უნდა გადაწყდეს, თუ რა მიმართულებით მოხდება ორგანიზაციის რეფორმირება.

ბრექსიტმა მოახდინა ევროკავშირში დისკუსიის სტიმულირება ორგანიზაციაში არსებული კრიზისის გადალახვის გზების ძიების შესახებ. ევროკომისიამ ჟან-კლოდ იუნკერის ხელმძღვანელობით 1 მარტს გამოაქვეყნა ‘თეთრი ფურცელი“ ევროკავშირის სამომავლო განვითარების შესახებ. დოკუმენტში საუბარია ხუთ სცენარზე – სტატუს-კვოს შენარჩუნებიდან ევროპის ფედერალიზაციამდე. ცნობილია, რომ ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები – გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი ყველაზე მისაღებად მიიჩნევენ სცენარს, რომელიც „ევროპა სხვადასხვა სიჩქარეებით“ სახელით არის ცნობილი. აღნიშნული სცენარის თანახმად, წევრი სახელმწიფოები იღებენ საშუალებას აირჩიონ ინტეგრაციის სხვადასხვა დონეები და მოახდინონ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის კოალიციების ფორმირება ისეთ სფეროებში, როგორიცაა თავდაცვა, უსაფრთხოება, იუსტიცია, საგადასახადო პოლიტიკა, სოციალური სფერო. თუმცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები თვლიან, რომ ‘ევროპა სხვადასხვა სიჩქარეებით’ სცენარის რეალიზაცია გააძლიერებს განხეთქილებას ევროკავშირში და ‘ახალი ევროპის’ ქვეყნების მეორე რანგის წევრების არაფორმალურ სტატუსს მიანიჭებს. თავის მხრივ, აღნიშნული ქვეყნების მიზანია ევროკავშირის მმართველი ორგანოს – ევროკომისიის როლის შემცირება და საერთოევროპული გადაწყვეტილებების მიღებასა და შემუშავებაში ეროვნული ხელისუფლებების როლის გაზრდა. სავარაუდოდ, ევროკავშირში სამომავლო დისკუსიები სწორედ ამ მიმართულებით განვითარდება.

ბევრი დამოუკიდებელი ექსპერტი და პოლიტიკოსი თვლის, რომ ევროპული პროექტის შედეგების შეჯამების დრო მოვიდა. ევროკავშირისთვის აუცილებელია გაიაზროს, თუ რომელი მიღწევების შენარჩუნება ღირს და რომელი მიმართულებები არ მუშაობს. შესაძლოა, აუცილებელი გახდება ახალი „დამფუძნებელი“ კონფერენციის მოწვევა, რომელიც სისტემის ახალი ორიენტაციის შესახებ პოლიტიკურ დოკუმენტს შეიმუშავებს. დოკუმენტში კი საუბარი იქნება ევროპულ და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის უფლებამოსილებების მკაცრი გამიჯვნის, ამ ინსტიტუტების ახალი ფუნქციების და ევროპული პროექტის განახლებული ფორმულირების შესახებ, რომელიც თითოეული სახელმწიფოს ეროვნულ სუვერენიტეტთან იქნება თავსებადი და ახალ სამყაროში ევროკავშირის გავლენის და ამბიციების ჩამოყალიბებას მოახდენს.