ევროპის კავშირი დღეს რამდენიმე სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას, რომლებთან გამკლავებაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის სამომავლო არსებობას. გაერთიანების დატოვება მისმა ერთ-ერთმა წამყვანმა წევრმა პირველად გადაწყვიტა; ევროპის ტერიტორიას ჩრდილო აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე მასშტაბური მიგრანტთა ტალღა მიაწყდა; ევროპულმა ვალუტამ ისე არ იმუშავა, როგორც მისი შემქმნელები ვარაუდობდნენ – დღეს ევროზონის არსებობა ყველაზე მყიფეა, ვიდრე აქამდე ყოფილა; დასავლეთ ევროპაში გახშირდა ტერორისტული თავდასხმები და ქვეყნების უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხე შეექმნა; ამ ყველაფრის ფონზე, გაერთიანების წევრ ქვეყნებში მხარდაჭერას იძენენ ულტრამემარჯვენე პოპულისტური პარტიები თუ მოძრაობები, რომლებიც ძალაუფლების მოპოვებას ცდილობენ.
ევროპის კავშირის ერთიანობის შენარჩუნებისთვის და ინტეგრაციის პოლიტიკის გასამყარებლად ა.წ. მარტში, გაერთიანების ერთ-ერთი დამფუძნებელი რომის ხელშეკრულების 60 წლის იუბილეზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა წევრი ქვეყნების ლიდერებს ‘თეთრი ფურცელის’ დოკუმენტი წარუდგინა, სადაც გაერთიანების სამომავლო განვითარების ხუთი სხვადასხვა სცენარი იყო შეთავაზებული:
1) არსებული პოლიტიკებისა და მისი განხორციელების ტემპის შენარჩუნება და ამგვარად გაგრძელება;
2) მხოლოდ ერთიანი ბაზრის შენარჩუნება და მისი საერთო პოლიტიკით მართვა; სხვა სფეროების (თავდაცვა, უსაფრთხოება, მიგრაცია) ეროვნულ მთავრობებზე მინდობა;
3) იმ ქვეყნების მიერ, რომელთაც სურთ მეტი ინტეგრაცია, ამისთვის ნაბიჯების წინ გადადგმა – მრავალსიჩქარიანი ევროპა;
4) ნაკლების კეთება ეფექტურად და შედეგიანად;
5) მეტის გაკეთება ერთიანი გადაწყვეტილებებით.
თითოეულ სცენარს საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია. ზოგიერთ მათგანს დღევანდელი სიტუაციით კი განხორციელების მინიმალური ალბათობა აქვს. იუნკერის ამგვარი შეთავაზების მიუხედავად, გაერთიანებაში საერთო აზრზე შეთანხმება ჯერ კიდევ ვერ მოხდა, რასაც სხვადასხვა მიზეზები გააჩნია.
ევროპარლამენტის დემოკრატიული დეფიციტი
გარდა მთელი რიგი გარეგანი ფაქტორებისა, ევროპის კავშირში შიდა სტრუქტურული ხარვეზებიც ძლიერდება. ამ კუთხით გაერთიანების კრიტიკა ძირითადად ორი მიმართულებით გაისმის. პირველი ის, რომ ევროკავშირში გადაწყვეტილება რთულად მიიღება და დროში გაწელილია, ხოლო მეორე გაერთიანების მიერ მმართველობის ბრიუსელის ტექნოკრატ ბიუროკრატებში ჩაკეტვის მიმართ ვლინდება. ევროკავშირის მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას ინფორმაცია არ გააჩნია, თუ როგორ და რა პოლიტიკების განხორციელება ხდება ბრიუსელის მიერ. შესაბამისად, სხვადასხვა პანევროპული მოძრაობები დღის წესრიგში აქტიურად აყენებენ ორგანიზაციის გამჭირვალობის ზრდის მოთხოვნას.
გამჭირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხის გასაზრდელად მნიშვნელოვანია იმ ინსტიტუტის გაძლიერება, რომელსაც პირდაპირი შეხება და პასუხისმგებლობა აქვს ევროკავშირის მოქალაქეებთან – ევროპული პარლამენტი.
ევროპული პარლამენტის წინამორბედმა ორგანომ, რომელიც ევროპული საპარლამენტო ასამბლეით იწოდებოდა, 1958 წლის მარტში დაიწყო ფუნქციონირება, მას შემდეგ რაც ევროპის ეკონომიკური გაერთიანება შეიქმნა. დღევანდელი სახელი საკანონმდებლო ორგანოს ოთხი წლის შემდგომ, 1962 წელს დაერქვა.
1978 წლამდე ევროპულ პარლამენტის არჩევა პირდაპირ მოქალაქეების მიერ არ ხდებოდა. დეპუტატებს ეროვნული პარლამენტები წარადგენდნენ, რომელთაც შესაბამისად, ორმაგი მანდატი გააჩნდათ. 1974 წელს, ევროკავშირის პარიზის სამიტზე გაჟღედა ინიციატივა, რომ ორგანო პირდაპირი სახალხო არჩევნებით დაეკომპლექტებინათ. ‘გადაწყვეტილება და აქტი ევროპული პარლამენტის შესახებ’ ბრიუსელში 1976 წელს მიიღეს, ხოლო მას შემდეგ რაც ყველა წევრი ქვეყნის პარლამენტებმა მისი რატიფიკაცია მოახდინა, აქტი ძალაში 1978 წელს შევიდა. ევროპული პარლამენტის პირველი სახალხო არჩევნები კი 1979 წლის ივნისში გაიმართა.
მიუხედავად, ამგვარი ცვლილებისა ევროპულ პარლამენტს საკანონმდებლო პროცესში მხოლოდ საკონსულტაციო დანიშნულება გააჩნდა. ევროპულ კომისიას ევროკავშირის საბჭოში შეჰქონდა საკანონდებლო ინიციატივა და საბჭო მას ამტკიცებდა. პარლამენტს კი ევროპის კავშირის უმაღლეს ინსტიტუციებს შორის ნომინალური პოზიცია ეკავა. ერთიანი ევროპული აქტის (1986), მაასტრიხტის, ამსტერდამის, ნიცას და ლისაბონის ხელშეკრულებებმა ევროპულ პარლამენტს ფუნქციები და შესაბამისად, ძალაუფლება გაუზარდა. ამჟამად, ევროპის კავშირის საბჭოსა და პარლამენტს საკანონმდებლო პროცესში თანაბარი შესაძლბელობები გააჩნიათ.
თავდაპირველად, ევროპულ პარლამენტში მხოლოდ 142 დეპუტატი იყო, მაგრამ ევროპის კავშირის გეოგრაფიული გაფართოების შესაბამისად, პარლამენტართა რიცხვიც იზრდებოდა. ბოლოს, გაერთიანებას ხორვატია შეუერთდა, რამაც საკანონმდებლო ორგანოში 766 ადგილის შექმნა მოითხოვა, მაგრამ შემდგომ ამ რიცხვმა დაიწია. დღესდღეისობით, 751 მანდატიან ევროპულ პარლამენტში შვიდი პოლიტიკური გაერთიანება და 18 დამოუკიდებელი დეპუტატია.
გარდა სხვადასხვა ტიპის კრიტიკისა, უკვე ათწლეულებია გაერთიანებაში დემოკრატიის დეფიციტის საკითხი არსებობს. მიუხედავად, იმისა, რომ ლისაბონის ხელშეკრულებამ კავშირის წარმომადგნელობით ორგანოს, ევროპარლამენტს უფლებები გაუზარდა და ევროკავშირის საბჭოსას გაუთანაბრა, საკითხი აქტუალურობას არ კარგავს. ევროპარლამენტის არჩევნებში მოსახლეობის მონაწილეობა რეგრესულია და მნიშვნელოვნად დაბალია (42%). ივლისის დასაწყისში ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა ევროპარლამენტი დეპუტატთა მინიმალური დასწრების გამო უხეშად გააკრიტიკა და ინსტიტუციას ‘სასაცილო’ უწოდა – სხდომას 751 დეპუტატიდან მხოლოდ 30-მდე მათგანი ესწრებოდა. კომისიის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მსგავსი დასწრების პირობებში ის არასდროს მივიდოდა პარლამენტში. იუნკერის გამოსვლას პარლამენტის თავმჯდომარე ანტონიო ტაიანი გამოეხმაურა და წარმომადგენლობითი ორგანო დაიცვა.
ევროპარლამენტის სტრუქტურული ხარვეზი – პოლიტიკური ჯგუფები
პარლამენტის დაბალი ლეგიტიმაციის პრობლემის გარდა მას მისი არჩევითობის პრინციპიც მოუქნელს და არაეფექტურს ხდის. ევროპარლამენტში აირჩევიან არა პანევროპული პარტიები, არამედ ეროვნული პარტიები, რომელთაც საკუთარ ქვეყნებში საკუთარი დღის წესრიგი აქვთ. ხშირად, ამ პარტიებიდან არჩეულ მრავალ დეპუტატს საერთოდ არ გააჩნია ევროპის კავშირის, როგორც ერთობის გაძლიერების და განვითარების სურვილი და მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში პოპულარობის და მხარდაჭერის გაზრდაზეა ორიენტირებული.
ევროპარლამენტში არიან ევროპული პარტიები, როგორიცაა ევროპული სახალხო პარტია (EPP) და ევროპელ სოციალისტთა და დემოკრატთა გაერთიანება (S&D), მაგრამ ისინი ეროვნულ პარტიათა ნაკრებს წარმოადგენენ, რომელთაც არ გააჩნიათ საერთო ხედვა და მასზე დაფუძნებული პოლიტიკური პროგრამა. მსხვილ ევროპულ პარტიულ ჯგუფებში გაწევრიანებულ ეროვნულ პარტიებს ხშირად განსხვავებული იდეოლოგიური და კულტურული საფუძვლები გააჩნიათ, რაც ევროპის კავშირში რეფორმაციას ართულებს. პარლამენტში შემავალი ევროპული პარტიული ერთობები ევროპულ მულტიკულტურალიზმს აირეკლავენ, რაც ხშირად ამომრჩეველში გაუგებრობას ქმნის. მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპაში არსებული სოციალ-დემოკრატიული პარტიები ხშირად დასავლეთ ევროპის კონსერვატიული პარტიების შესატყვის მსოფლმხედველობას ატარებენ.
გასული წლის მიწურულს, ევროპელ სოციალისტთა და დემოკრატთა ჯგუფის ლიდერმა ჯანი პიტელამ რუმინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეს, ლივიუ დრაგნეას მხარდაჭერა გამოუცხადადა ამომრჩეველს მისი არჩევისკენ მოუწოდა, მიუხედავად იმისა, რომ დრაგნეა კორუფციულ საქმიანობაში იყო დადანაშაულებული. რუმინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია ანტიმიგრაციუალი, აბორტის და ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგია. ამასთანავე, პარტია მჭიდროდ თანამშრომლობს და ლეგიტიმაციას იძენს რუმინეთის ორთოდოქსული ეკლესიისგან. მსგავსი პოლიტიკური ხედვები, რადიკალურად განსხვავებული და პრაქტიკულად საწინააღმდეგოა დასავლური სოციალ-დემოკრატიული პარტიების ფილოსოფიისგან.
ევროპული სახალხო პარტიის წევრია უნგრული ვიქტორ ორბანის მმართველი პარტია ფიდეში, რომელიც ასევე ცნობილია მისი ანტიმიგრაციული და ნაციონალისტური ხედვებით. ორბანის პარტია უკვე წლებია სხვადასხვა ანტიდემოკრატიულ ქმედებებს ახორციელებს, იქნება ეს მედია საშუალებებზე გავლენის მოპოვება, გარე ფინანსებით უნგრეთში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვა თუ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის დახურვის სურვილი. ბუნებრივია, ფიდეშის მიერ განხორციელებული ამგვარი პოლიტიკებიც ევროპული ღირებულებებისგან რადიკალურად განსხვავებულია.
ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში მსგავსი დევიაციური შემთხვევების გარდა არსებობს უფრო დიდი პარადოქსული გაერთიანებები. ევროპარლამენტში არსებობენ პოლიტიკური ჯგუფები, რომელთაც საკუთარ ხედვებად ევროგაერთიანების ღირებულებების საწინააღმდეგო იდეები აქვთ ოფიციალურად დაფიქსირებული და საერთოდ ევროგაერთიანების არსებობას და მისი ინტეგრირების მომავალს სკეპტიკურად უყურებენ. ევროპარლამენტში სიდიდით მესამე პოლიტიკური გაერთიანება, ევროპელ კონსერვატორ და რეფორმისტთა (ECR) მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური ჯგუფი წარმომადგენლობით ორგანოში აერთიანებს ევროპის 16 სხვადასხვა ქვეყნიდან კონსერვატორულ პარტიებს, დეპუტატებს სხვა პოლიტიკური პარტიებიდან და 13 დამოუკიდებელ კანონმდებელს. ჯგუფი 2009 წელს დაფუძნდა და ბრიუსელში ევროსკეპტიციზმისა და ანტი-ფედერალიზმის პოლიტიკურ ხედვებს აწარმოებს. პოლიტიკური ჯგუფის წევრია პოლონეთის მმართველი პარტია სამართალი და სამართლიანობა (PS), რომელიც უხეშად არღვევს ევროპის კავშირის ღირებულებებს, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რა ქვეყანაში მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობას. პარტიის ქმედებებმა სიტუაცია იქამდე გაართულა, რომ ბრიუსელში პოლონეთის მიმართ, ისტორიაში პირველად, ამსტერდამის ხელშეკრულების მეშვიდე მუხლის ამოქმედებაზე დაიწყეს საუბარი, რაც ქვეყნისთვის ევროკავშირის ინსტიტუციებში ხმის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს.
ევროპელ კონსერვატორ და რეფორმისტთა ჯგუფზე უფრო გამოკვეთილი ევროსკეპტიციზმი და პოპულიზმი ახასიათებს ევროპარლამენტის ორ, შედარებით მცირე პოლიტიკურ ჯგუფს: თავისუფალი ევროპა და პირდაპირი დემოკრატია (EFDD) და ერების ევროპა და თავისუფლება (ENF). ამ ჯგუფების წევრი ეროვნული პარტიები ნაციონალისტური ნარატივებით, ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის, პოპულიზმითა და მკვეთრი ანტიმიგრაციული რიტორიკით გამოირჩევიან. პირველი მათგანის ორი წამყვანი წევრი პარტიაა ბრიტანეთის დამოუკიდებრლობის პარტია (UKIP), რომლის ლიდერის ნაიჯელ ფარაჯის დიდი დამსახურებაა დიდი ბრიტანეთის მიერ ევროგაერთიანების დატოვების გადაწყვეტილების მიღება, და იტალიური ხუთი ვარსკვალვის მოძრაობა (MoVimento 5 Stelle). მეორე პოლიტიკური ჯგუფის წევრი პარტიები საფრანგეთის ნაციონალური ფრონტი (NF), იტალიის ჩრდილოეთის ლიგა (Lega Nord), ჰოლანდიის პარტია თავისფულებისთვის (PVV) და გერმანული ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) არიან.
დასკვნის მაგიერ
ევროპარლამენტის ამგავრი კონფიგურაცია და შინაარსი მას მეტწილად პარადოქსულს და არაეფექტურს ხდის. მაშინ როცა გაერთიანება ღრმა კრიზისების წინაშეა და ამ დროს მის ყველაზე დემოკრატიულ ინსტიტუტში საბაზისო ღირებულებებსა და ერთობის განვითარების მომავალზე არათუ ვერ თანხმდებიან, არამედ ეწინააღმდეგებიან კიდეც, ინსტიტუტის რადიკალური რეფორმაციის აუცილებლობა დგება დღის წესრიგში.
ამას ემატება ისიც, რომ ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან მათი მოკავშირე დევიანტური ეროვნული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა, იმ ამომრჩეველში, რომლებიც პროგრესული იდეების მომხრენი არიან, ბუნებრივია, ევროპარლამენტის მიმართ იმედგაცრუებას ზრდის.
ამ პარადოქსული სიტუაციიდან გამოსავალი შეიძლება პანევროპული, ზენაციონალური პარტიების შექმნა იყოს, რომელთაც ევროგაერთიანების განვითარების საკუთარი პროგრამული ხედვები ექნებათ და ამ პროგრამებით გაუწევენ ერთმანეთს კონკურენციას. მსგავსი პარტიების პროტოტიპი შეიძლება იყოს 2015 წელს ჩამოყალიბებული პანევროპული მოძრაობა DiEM25, რომლის მიზანი ევროკავშირის სხვადასხვა დემოკრატიული ინსტრუმენტებით რეფომრაციაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპის ქვეყნების დემოკრატიულ – ამომრჩეველთა თანამონაწილეობის საფუძვლებზე სამომავლო ინტეგრირება გართულდება და ევროგაერთიანების არსებობასაც მეტი კითხვის ნიშანი გაუჩნდება.
დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.