ყატარი გახდა რიგით მე-18 სახელმწიფო, რომელმაც აშშ-სგან „ნატოს არაწევრი მთავარი მოკავშირის“ სტატუსი მიიღო. სტატუსი არ მოიცავს ორგანიზაციის მე-5 მუხლის გავრცელებას მის მქონე ქვეყნებზე, თუმცა ის უსაფრთხოების კუთხით გარკვეულ პრივილეგიებსა და უპირატესობებს ანიჭებთ მათ. ამგვარ ქვეყნებს გამარტივებული წვდომა ექნებათ ამერიკულ თანამედროვე სამხედრო შეიარაღებაზე, ტექნოლოგიებსა და სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაზე. ამასთანავე, სტატუსი ქვეყნებს დიპლომატიურ პრესტიჟს სძენს, რომელიც ამარტივებს მათ ურთიერთობებს დასავლურ ქვეყნებთან.
აქამდე სხვადასხვა დროს ეს სტატუსი მიენიჭათ: ავსტრალიას, იაპონიას, სამხრეთ კორეას, ფილიპინებს, ახალ ზელანდიას, ტაილანდს, ისრაელს, ეგვიპტეს, იორდანიას, ტუნისს, მაროკოს, ბაჰრეინს, ქუვეითს, იორდანიას, ავღანეთს, პაკისტანს და ბრაზილიას. ბრაზილია იყო უკანასკნელი, როდესაც მას ეს სტატუსი დონალდ ტრამპმა 2019 წელს გადასცა. „მთავარი მოკავშირის“ სტატუსის ფლობის მიუხედავად, რამდენიმე ქვეყანასთან აშშ-ის ურთიერთობა გარკვეული დროის პერიოდებში იცვლებოდა და ის იმგვარი აღარ იყო, როგორც ეს მინიჭების მომენტში. მაგალითისთვის, დღევანდელ რეალობაში ეს სტატუსი რეალურად, ფორმალურად აქვს ავღანეთს და პაკისტანს.
აშშ-ს პრეზიდენტისა და ყატარის ემირის, თამიმ ალ-თანის შეხევდრაზე ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გამოცდილება აღინიშნა. 1990-იანი წლების ბოლოდან, ყატარში არსებული ალ-უდეიდის საავიაციო ბაზა აშშ-ს სამხედრო კონტიგენტს მასპინძლობს, სადაც ბოლო მონაცემებით, 11 000 ამერიკელი სამხედრო მსახურობს. სხვადასხვა დროს ეს ბაზა გამოიყენებოდა ამერიკული ავიაოპერაციებისთვის ერაყის მეორე ომში, ავღანეთსა და შემდგომ სირიაში. ბაზის მომსახურების 60% თავად საემირო იხდის.
ბოლო წლებში ყატარის მიმართ დიპლომატიური ნდობა და მისი მედიატორის როლი სხვადასხვა საერთაშორისო საკითხებში გაზრდილია. დედაქალაქი დოჰა მასპინძლობდა 2018 წელს დაწყებულ აშშ-თალიბანის სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რომელიც 2020 წელს მხარეებს შორის შეთანხმებით დასრულდა. გასულ წელს, ქაბულიდან მოქალაქეთა ევაკუაციაში მთავარი როლი ყატარმა შეასრულა, რომელმაც 125 000 ადამიანი ჩაიყვანა დოჰას საერთაშორისო აეროპორტში, რისთვისაც ბაიდენმა ემირს შეხვედრაზე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. ასევე, ოფიციალური დოჰა თამაშობს წამყვან როლს ირანთან ბირთვული მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის და 2018 წლამდელი სტატუს კვოს აღდგენისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში ოფიციალურ თეირანთან თანამშრომლობის რესურსი და ეფექტური დიპლომატია ყველაზე მეტად დოჰას გააჩნია. სპარსეთის ყურის ქვეყნების ერთგვარ გაერთიანებულ პოზიციას ვენაში მიმდინარე ბირთვულ მოლაპრაკებების შესახებ, ამ შემთხვევაში, სწორედ ყატარი გამოხატავს.
რატომ ყატარი?
ყატარისთვის „მთავარი მოკავშირის“ სტატუსი მინიჭება განპირობებულია მის მფლობელობაში არსებული სტრატეგიული ენერგორესურსებით, რომელთა შორის ბუნებრივი აირის მსხვილი მარაგებია აღსანიშნავი. თუმცა დროის ამ მონაკვეთში, დაჩქარებული ტემპით ეს მეტწილად ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსსა და რუსეთის ფედერაციას შორის ბოლო თვეებში წარმოქმნილმა უსაფრთხოების კრიზისმა გამოიწვია.
ოფიციალური ვაშინგტონი თვლის, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალას გამოიყენებს, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ ამუშავებას გააჩერებს. საკუთარი სტრატეგიული ინტერესების დაკმაყოფილებისთვის, სამხედრო აგრესიის გარეშედაც, შესაძლოა რუსეთმა საკუთარი პოლიტიზებული ენერგოპოლიტიკით ევროპაზე მოახდინოს პოლიტიკური ზეწოლა. ამგვარი სცენარის განვითარების პოტენციალი მაღალია, რაც დასავლეთში, ენერგორესურსებზე მზარდი ფასების ფონზე, მნიშვნელოვან ენერგოკრიზისს შექმნის. ამ ენერგოკრიზისის პრევენციისთვის და ევროპაში რუსეთთან მიმართებით საერთო პოლიტიკური პოზიციის გამყარებისთვის, ვაშინგტონი ცდილობს ევროპის ენერგომოთხოვნა დროებით რეჟიმში ალტერნატიული მომარაგების წყაროებით დააკმაყოფილოს.
რუსული ბუნებრივი აირის უალტერნატივო პოტენციური ჩამნაცვლებელი აშშ-სთვის ყატარია. ყატარი მსოფლიოში გაზის მარაგებით მესამეა, რუსეთსა და ირანის შემდეგ. ბუნებრივი აირის ექსპორტით ის ასევე მესამე ადგილს იკავებს – 144 მილიარდი კუბური მეტრი გაზი წლიურად (რუსეთი 200 მლრდ კბ მტრ; აშშ – 150 მლრდ კბ მტრ, 2021). თუმცა თხევადი გაზის (LNG) ექსპორტის მაჩვენებლებით ერთ-ერთი მოწინავეა აშშ-სა და ავსტრალიასთან ერთად (აშშ-მა მხოლოდ 2022 წლის დასაწყისში გადაასწრო ამ მაჩვენებლებით). თუმცა თხევად გაზზე მზარდი მოთხოვნის გამო პროგონოზირებულია, რომ ყატარის მხირდან მისი მოპოვება და ექსპორტი მომდევნო წლებში რადიკალურად გაიზრდება და ის ამ ბაზარზე უპირობო ლიდერი იქნება.
ყატარი ფლობს მსოფლიოში ყველაზე დიდ გაზის საბადოს, რომელსაც ირანთან ერთად იყოფს – ყატარულ ნაწილს „ჩრდილოეთის გუმბათი“, ხოლო ირანულს „სამხრეთის ფარსი“ ეწოდება. ამჟამად, ყატარი თხევადი გაზით იაპონიის, სამხრეთ კორეისა და ინდოეთის უმსხვილეს ბაზრებს აკმაყოფილებს, თუმცა „ჩრდილოეთის გუმბათის“ ათვისების მასშტაბების გაზრდის შემთხვევაში იგი ევროპულ მოთხოვნასაც დააკმაყოფილებს.
აქ ჩნდება რამდენიმე შეკითხვა: რა დროის განმავლობაში გეგმავს ამერიკული მხარე ევროპული მოთხოვნა ყატარული გაზით ჩაანაცვლოს? რამდენად მზადაა ევროპის ქვეყნები რომ რუსული მილსადენის ბუნებრივი აირი ყატარული თხევადი გაზით ჩანაცვლდეს? რა იქნება ყატარული გაზის ფასი, როდესაც მასზე მოთხოვნა იზრდება და ფასიც მზარდია? რამდენად სტაბილური იქნება სპარსეთის ყურიდან საზღვაო მიწოდება გრძელვადიან პერსპექტივაში? ამ კითხვებზე პასუხები ამჯერად ცალსახა არ არის, თუმცა ვაშინგტონი მოვლენების ესკალაციის პირობებში ყატარის ოფციას ინარჩუნებს და მასზე ჩამოდის ფსონს.
გარვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს ვაშინგტონის ქმედება, როდესაც რამდენიმე კვირის წინ მან „აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის მილსადენს“ (EastMed Pipeline) პოლიტიკურ მხარდაჭერა აღარ გამოუცხადა. ამ მილსადენით ებრაული და სავარაუდოდ, ეგვიპტური ბუნებრივი აირი კვიპროსის გავლით საბერძნეთს და ბალკანეთის ქვეყნებს უნდა მიწოდებოდა. ვაშინგტონის სკეპსისის მიზეზად ამ მილსადენის გაყვანით რეგიონული არასტაბილურობის გამოწვევა დასახელდა, რომლის უკანაც თურქული ინტერესები დგას. თუმცა ამერიკულმა მხარემ პროექტის რენტაბელობაც მისაღებად არ ჩათვალა.
ყატარული დიპლომატია
ყატარი გამორჩეული ქვეყანაა მისი საგარეო პოლიტიკური მანევრებით და საკუთარი დამოუკიდებელი რეგიონული დღის წესრიგით. ქვეყანა, რომლის ფართობი მხოლოდ 11 000 კვ.კმ.-ია და ამ ტერიტორიის ¾-ზე მეტი უდაბნოა, წარმატებით ახერხებს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ასევე რეგიონული ძალთა ბალანსში საკუთარი ადგილის სწორად შერჩევას, ისე რომ თავისი საგარეო პოლიტიკურ პრინციპები არ შეცვლოს.
ყატარს ალ-თანების გვარის ჰამადების განშტოების დინასტია მმართავს, რომელთა უსაფრთხოება გაიგივებულია ყატარის უსაფრთხოებასთან. პერსონიფიცირებული ეროვნული უსაფრთხოების ტიპი გარკვეულწილად განსაზღრავს ყატარის მოქნილ და სწრაფ რეგიონულ პოლიტიკას, რადგან რეალურად, ალ-თანების ამოსავალი მიზანი არა ყატარის უსაფრთხოების, არამედ მათი დინასტიის ძალაუფლებაში ყოფნის უზურნველყოფაა. ამგვარი მდგომარეობის შესანარჩუნებლად, საემიროს თავისი უსაფრთხოება აუთსორსზე აქვს გატანილი, რადგან მისი მწირი სამხედრო რესურსები ამ ამოცანის შესასრულებლად შეზღუდულია. აშშ-ის სამხედრო ბაზის გარდა, 2017 წლიდან ოფიციალური დოჰა თურქულ სამხედრო ბაზასაც მასპინძლობს.
მიუხედავად ტერიტორიული სიმცირისა, ყატარი არ მიმართავს რეგიონის მთავარ მოთამაშეებთან მიტმასნების პოლიტიკას – ის ამ შემთხვევაში ურთიერთდაბალანსების მეთოდს ამჯობინებს. სპარსეთის ყურის სხვა არაბულ ქვეყნებთან ისტორიული მონათესაობის და „სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს“ წევრობის მიუხედავად, ყატარს მთელ რიგ საკითხებში რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვს ამ არაბული ქვეყნებისგან, კონკრეტულად კი, მათი ლიდერი ქვეყნის, საუდის არაბეთისგან.
ყურის ამ ქვეყნებისგან განსხვავებით, თუ არ ჩავთვლით ომანის სასულთნოს, ყატარს პოზიტიური დიპლომატიური კავშირები აქვს ოფიციალურ თეირანთან, რაც 2017 წელს დოჰას წინააღმდეგ გამოცხადებული არაბული ეკონომიკური ბლოკადის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო. თუმცა სამწლიანი ბლოკადა ყატარმა სწორედ ირანსა და თურქეთთან ეფექტური თანამშრომლობით დააბალანსა. აქედან გამომდინარე, ყურის არაბულ ქვეყნებში ოფიციალური დოჰაა ის მოთამაშე, რომელიც ირანთან თანამშრომლობისა და რეგიონულ სტაბილურობისკენაა მოწოდებული. საუდის არაბეთის ირანით დაბალანსების პოლიტიკის უკან, ყატარის ირანთან ენერგეტიკული კავშირებია, რომელთანაც მას მსხვილი გაზის საბადოები აკავშირებს.
ყატარს მისი არაბი მეზობლებისგან იდეოლოგიური განმასხვავებელი ნიშანიც აქვს, რაც მისი მხრიდან „მუსლიმთა საძმოს“ ორგანიზაციის მხარდაჭერაში გამოიხატება. 2015 წელს, ახლო აღმოსავლეთის თითქმის ყველა არაბულმა ქვეყანამ მუსლიმთა საძმო ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადა, მაგრამ მათ შორის არ იყო ყატარი. ამ პოზიციიდან გამომდინარე ყატარის მთავარ პოლიტიკურ და სამხედრო მხარდამჭერად რეგიონში თურქეთი მოიაზრება. სწორედ ეს ორი ქვეყანა იყო, რომლებიც 2012 წელს ეგვიპტეში „მუსლიმთა საძმოს“ წარმომადგენლის, მუჰამედ მორსის გაპრეზიდენტებას მიესალმნენ, ხოლო პალესტინაში წლების განმავლობაში ორგანიზაცია „ჰამასის“ მხარდამჭერები არიან. ღაზას სექტორის მთავარი დონორი ყატარია და აქ მცხოვრებ პალესტინელთა ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას სწორედ ის ახორციელებს.
ყატარს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა აქვს სირიის კონფლიქტის მიმართაც, სადაც მისი ინტერესები ბოლო პერიოდში ყურის სხვა არაბული ქვეყნების ინტერესებს დაშორდა. ყატარი რჩება ერთ-ერთ მთავარ არაბულ ქვეყნად, რომელიც სირიის „არაბულ ლიგაში“ დაბრუნებას ეწინააღდმეგება. მისი ეს პოზიციაც „მუსლიმთა საძმოს“ მხარდაჭერითაა განპირობებული, რადგან სწორედ ამ ორგანიზაციის დაჯგუფებების მკაცრ რეპრესიას ახდენს ასადების ოჯახი ათწლეულების განმავლობაში.
ყატარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის არსენალში მის მიერ საერთაშორისო იმიჯზე აქტიური მუშაობა შედის. გარდა დოჰას მიერ არაერთი საერთაშორისო დონის დიპლომატიური მოლაპარაკებების მასპინძლობისა, ალ-თანების ოჯახის მფლობელობაშია საერთშორისო და რეგიონული მაუწყებელი „ალ-ჯაზირა“, რაც ყატარს პროგრესულ არაბულ მონარქიად წარმოაჩენს. ამას გარდა, ყატარია ის ქვეყანა, რომელიც წელს, ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში პირველად, საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირის მასპინძლობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული გამართვის პროცესში გარდაცვლილი ასეულობით მუშის გამო, ყატარისკენ მიმართული დასავლური კრიტიკა ჯო ბაიდენის მიერ ქვეყნის ნატოს მთავარ მოკავშირედ გამოცხადების ნაბიჯმა გადაფარა, რადგან თამიმ ალ-თანი გახდა პირველი არაბი მონარქი, რომელიც აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა თეთრ სახლში მიიღო.
ფოტო: Mohamed Zain/EgyptToday