ბიტკოინი ვერ ჩაანაცვლებს ბანკებს

კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული იმედები ეფუძნება გაუგებრობას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იქმნება ფული.

ოთხშაბათს, რამდენიმე საათის განმავლობაში, ციფრული სერვისები, რომელსაც აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა ბანკებს შორის გადარიცხვების კლირინგისთვის იყენებს, „ოპერაციული შეცდომის“ გამო გამორთული იყო. ბიტკოინის მფლობელები უცებ ალაპარაკდნენ თავიანთი გადახდების ქსელის სანდოობაზე, რომელიც განაწილებულია ყველა კომპიუტერზე, რომელიც „კოინებს“ გამოიმუშავებს. ზაკ პრინსმა, კრიპტოკრედიტის გამცემი კომპანიის BlockFi-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მეტი თავშეკავება გამოიჩინა და საკუთარი Twitter-ის ანგარიშზე მოკლედ აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტაზე გადახდები ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებას განაგრძობს“.

ბიტკოინის ყიდვისა და შენახვის უპირატესობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი არგუმენტი არის ის, რომ კრიპტოვალუტები საბოლოოდ ჩაანაცვლებენ თავად ბანკებს, რადგან ფულის შესანახად და გადარიცხვისთვის საბანკო მომსახურება აღარ იქნება საჭირო. ეს, თავის მხრივ, გახდის ბიტკოინებს იმდენად ღირებულს, რომ ისინი ჩაანაცვლებენ „ბინძურ“ დოლარს, როგორც ვალუტას, რის გამოც ბიტკოინის მფლობელ პირებს მხოლოდ რეალური ფული ექნებათ.

ნებისმიერი აქტივის შენარჩუნება იმ იმედით, რომ ის ფული გახდება, რა თქმა უნდა, გრძელვადიანი საინვესტიციო სტრატეგიაა. მაგრამ, ის ასევე აჩვენებს არასწორ გაგებას, თუ როგორ მუშაობს დოლარი და ვინ ქმნის მას ახლა. ფულის უმეტესობა, რაც ამჟამად ფულის სახით ფუნქციონირებს აშშ-სა და ნებისმიერ განვითარებულ ეკონომიკაში, არ იქმნება მთავრობის მიერ, არამედ ის მოდის კომერციული ბანკებიდან. ბანკები ფულს არა მხოლოდ ინახავენ, ან მის ტრანსფერს უზრუნველყოფენ, არამედ ქმნიან მას.

ამ საკითხის ირგვლივ არსებული გაუგებრობა იმდენად ფართოდაა გავრცელებული, რომ 2014 წელს ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა გამოაქვეყნა ნაშრომი „ფულის შექმნა თანამედროვე ეკონომიკაში“, რათა ნათელი მოეფინა ამ თემისთვის. უნივერსიტეტის სახელმძღვანელოები ასწავლიან, რომ ბანკები იღებენ დანაზოგებს დეპოზიტებზე, შემდეგ გასცემენ სესხებს. სინამდვილეში კი, როგორც ინგლისის ცენტრალური ბანკი განმარტავს, რეალობა პირიქითაა. კომერციული ბანკი გადაწყვეტს ჯერ სესხის აღებას, შემდეგ ავსებს თქვენს ანგარიშზე არსებულ ბალანსს. ეს შევსება არის სრულიად ახალი საკრედიტო ფული.

ე.წ. „ფიატ“ ფული, რომელსაც ბიტკოინის მხარდამჭერები დასცინიან, ჩვეულებრივ განიმარტება, როგორც მთავრობის მიერ გამოშვებული ვალუტა, რომელიც არ არის მხარდაჭერილი ისეთი აქტივით, როგორიცაა ოქრო. მაგრამ, უმეტესი „ფიატ“ ფული, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ისეთი მიზნებისთვის, როგორიცაა გადასახადების გადახდა, რეალურად არის სესხების მთელი სერია, რომელიც რეგულირდება მთავრობების მიერ, მაგრამ წარმოებულია კომერციული ბანკების მიერ.

ახალი საკრედიტო ფულის შექმნა კარგი ბიზნესია, რის გამოც საუკუნეების მანძილზე ადამიანები პოულობენ სესხების გაცემის ახალ გზებს. ამერიკელი ისტორიკოსი რებეკა სპანგი აღნიშნავს თავის წიგნში „Stuff and Money in the French Revolution“, რომ რევოლუციამდელ საფრანგეთში, მონარქია სამევახშეო კანონების გადასაწყვეტად, ინვესტორებისგან იღებდა ერთჯერად სესხებს და უხდიდა მათ უვადო ქირის სახით. 21-ე საუკუნის ამერიკაში, ჩრდილოვანი ბანკები თავს აჩვენებენ, რომ ისინი ბანკები არ არიან, რათა თავიდან აიცილონ რეგულაციები. რეალურად ისინი სესხებს გასცემენ. თქვენ ვერ შეაჩერებთ სესხის გაცემას. მოგების მიღება მეტისმეტად მიმზიდველია.

ეს არის ის, რაც ბიტკოინის ირგვლივ მყოფ ინვესტორებს უკვე ესმით. მაგალითისთვის ავიღით პრინსის BlockFi-ი. კომპანია უშვებს საკრედიტო ბარათს, ერთობლივ „ვენჩურს“ (რისკიან ბიზნესი) Visa-სთან ერთად. საკრედიტო ბარათი შესყიდვებს აჯილდოვებს ბიტკოინის გამომუშავებით ნაცვლად მაგალითად „ავიაკომპანიის ქულებისა“. თუმცა ეს შესყიდვები გადახდილია სამომხმარებლო სესხით, როგორც ნებისმიერი სხვა საკრედიტო ბარათის შემთხვევაში.

„Nexo“, კიდევ ერთი კრიპტო-საფინანსო კომპანია, გასესხებთ „ფიატ“ ნაღდ ფულს ბიტკოინის გირაოს სანაცვლოდ, სესხის ღირებულებასთან 60%-იანი თანაფარდობით. ეს სესხი არის სრულიად ახალი საკრედიტო ფული. ანალოგიურად, „Kraken Financial“-ი, კრიპტო-მონეტების საბროკერო კომპანია, საშუალებას მოგცემთ ივაჭროთ ე.წ. „მარჟის ანგარიშით“, რომელშიც ისინი გასესხებენ შესასყიდი „კოინის“ ფასის ნაწილს.

ამ კომპანიების ენა სრულიად რევოლუციურია. BlockFi-ი „ფინანსების მომავლის“ დაპირებას იძლევა. Coinbase-ს, კრიპტოვალუტის ბირჟას, სურს შექმნას ღია ფინანსური სისტემა მსოფლიოსთვის. თუმცა, რასაც ისინი რეალურად აკეთებენ, არის საკომისიოს და სესხების პროცენტის მიღება. ისინი წარმოქმნიან „ფიატ“ საკრედიტო ფულს. რატომაც არა? ეს ხომ სარფიანი ბიზნესია.

ბიტკოინი კარგი საშუალებაა იმ სისტემის გასაძლიერებლად, რომელიც უკვე გვაქვს. ბევრი რამ არის ამ სისტემაში ისეთი, რომელიც ცუდად ფუნქციონირებს. საკრედიტო ფულის მიწოდება შეიძლება იყოს არასტაბილური, რადგან ბანკები წყვეტენ სესხების გაცემას ეკონომიკური რეცესიის პირობებში, სწორედ მაშინ, როდესაც ხალხს ეს ყველაზე მეტად სჭირდება. იმ ადამიანებზე, რომლებსაც მცირე სესხები სჭირდებათ, იაფი კრედიტის გასაცემად არსებობს მცირე სტიმული. მაგრამ, ჯერჯერობით, როგორც ჩანს, ბიტკოინს არც ისე ბევრი რამ გაუკეთებია ამ საკითხების გამოსასწორებლად და არც ის არ არის ნათელი, როგორ უნდა გამოასწოროს მან ეს ხარვეზები.

„ფიატ“ საკრედიტო ფულის ფუნქციონირების ყველასთვის გაუმჯობესების გზა მხოლოდ ესაა: მუშაობა. ეს მოითხოვს მოთმინებით რეგულირებას. თქვენ უნდა გახვიდეთ გარეთ მთელს მსოფლიოში და შეხვდეთ ფინანსური სისტემის მიღმა მყოფ ადამიანებს, შემდეგ წაახალისოთ კრედიტორები, რომ შექმნან ისეთი ფინანსური პროდუქტები, რომლებიც სისტემაში შემოიყვანს ასეთ ადამიანებს. ამას სჭირდება შრომატევადი მოლაპარაკება იმ ადამიანებთან, რომლებიც დიდ მოგებას იღებენ ფულის გასესხებით. ბიტკოინის კრედიტორები გვპირდებიან რაღაც ახალ პოლიტიკურ პარტიას – ჯანსაღ ფულს ხალხისთვის! თუმცა, ჯერჯერობით ისინი, როგორც ჩანს, მხოლოდ ბანკირების კიდევ ერთი ჯგუფია.

 

სტატიის ავტორი – ბრენდან გრილი, გამოცემა Financial Times-ის კონტრიბუტორი და ფინანსური ანალიტიკოსი.

სტატიის ორიგინალი ვერსია გამოქვეყნდა Financial Times-ზე.