10 წიგნი იდეოლოგიის შესახებ

იდეოლოგია სოციალური სამყაროს ნაწილია, რომელიც ხშირად განსაზღვრავს ინდივიდის თუ საზოგადოების ქცევას, ცოდნასა და აზროვნების სტრუქტურას. იდეოლოგია შეიძლება იყოს ყველგან, როგორც პოლიტიკურ და სოციალურ ველზე, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში. ადამიანები ხშირად ინტერესდებიან და სვამენ კითხვებს იმის შესახებ თუ რა არის იდეოლოგია და როგორ მუშაობს ის. თავის მხრივ, ხშირად ხდება იდეოლოგიის ცნებისა და რაობის აღრევა სხვა ცნებებსა თუ ფენომენებში. პოლიტიკურ მეცნიერებასა და სოციოლოგიაში, ისევე როგორც სხვა მომიჯნავე სამეცნიერო დისციპლინებში, უკვე დიდი ხანია დაინტერესებულნი არიან იდეოლოგიის არსის გამოკვლევით და ამგვარი სამეცნიერო ძიება ძირითადად კრიტიკული სკოლის ტრადიციებს განეკუთვნება. აქ წარმოგიდგენთ მხოლოდ მცირე ჩამონათვალს იმ ნაშრომებისა, რომლებიც გაგაცნობიერებთ იდეოლოგიის ზოგად რაობაში და მოგცემთ გარკვეულ ცოდნას იმის შესახებ თუ სად არის იდეოლოგია, როგორ მუშაობს ის და რა მიზანი აქვს მას.

 

 

Karl Marx & Friedrich Engels, The German Ideology (კარლ მარქსი და ფრიდრიხ ენგელსი, გერმანული იდეოლოგია)

იდეოლოგიის კრიტიკული შესწავლის ერთ-ერთი ფუძემდებლური სამეცნიერო ტექსტი. წიგნი 1845-1846 წლებში დაიწერა და წარმოადგენს მარქსის და ენგელსის ადრეულ ნაშრომს, სადაც თავმოყრილია იდეოლოგიის არსის კრიტიკულად გააზრების არა ერთი თეზისი. მარქსი და ენგელსი ამტკიცებენ, რომ იდეოლოგია ასრულებს ზედნაშენის ფუნქციას კაპიტალისტურ საზოგადოებაში, რომელიც აყალიბებს იმ იდეებსა და წარმოდგენებს, რაც ამყარებს კაპიტალისტური კლასის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ბატონობას. სწორედ ამ ნაშრომში, მარქსმა და ენგელსმა წამოაყენეს თავიანთი ცნობილი თეზისი იდეოლოგიის, როგორც ყალბი ცნობიერების შესახებ.

Louis Althusser, On Ideology  (ლუი ალთჰუსერი, იდეოლოგიის შესახებ)

ამ წიგნში თავმოყრილია მეოცე საუკუნის ფრანგი ფილოსოფოსის ლუი ალთჰუსერის ოთხი ნარკვევი იდეოლოგიის შესახებ: იდეოლოგია და იდეოლოგიური სახელმწიფო აპარატები, პასუხი ჯონ ლევისს, ფროიდი და ლაკანი, პასუხი ანდრე დასპრეს. აქედან განსაკუთრებით აღსანიშნავია ლუი ალთჰუსერის მიერ 1970 წელს დაწერილი ნარკვევი იდეოლოგია და იდეოლოგიური სახელმწიფო აპარატები. შეიძლება ითქვას, რომ   ეს ტექსტი ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს იკავებს იდეოლოგიის შესწავლის საქმეში. ნარკვევში ალთჰუსერმა წამოაყენა თეზისი იდეოლოგიის მატერიალური გააზრების შესახებ. იგი არ განიხილავს იდეოლოგიას, როგორც უბრალოდ მცდარ იდეათა სისტემას და ამტკიცებს, რომ იდეოლოგია არ არსებობს აბსტრაქტულ იდეათა სამყაროში. ალთჰუსერის მიხედვით, იდეოლოგიას მუდმივად წავაწყდებით ჩვენს სოციალურ სამყაროში, მას ვხედავთ ინსტიტუციებსა და მათ პრაქტიკაში. ზოგადად, წარმოდგენილი კრებული გვთავაზობს ალთჰუსერის ახლებურ კრიტიკულ მსჯელობას იდეოლოგიის შესახებ, თუმცა კარგად სჩანს ისიც, რომ ალთჰუსერი აგრძელებს იდეოლოგიის კრიტიკის მარქსისტულ ტრადიციას.

Karl Mannheim, Ideology and Utopia  (კარლ მანჰეიმი, იდეოლოგია და უტოპია)

დიდი გერმანელი სოციოლოგი, კარლ მანჰეიმი ამ წიგნის დასაწყისშივე ამბობს, რომ ნაშრომი ეხება ადამიანის აზროვნების საკითხს. უფრო კონკრეტულად, მანჰეიმის მიხედვით, წიგნის მიზანია გამოარკვიოს თუ როგორ მუშაობას ადამიანის აზროვნება საზოგადოებრივ ცხოვრებასა და პოლიტიკაში, როგორც კოლექტიური მოქმედების ლოგიკა. კარლ მანჰეიმის იდეოლოგია და უტოპია, 1936 წელს გამოიცა ინგლისში და წარმოადგენს პოლიტიკურ მეცნიერებასა და სოციოლოგიაში ცენტრალური მნიშვნელობის სამეცნიერო ძიებას, რომელიც იდეოლოგიის რაობის სოციოლოგიურ შესწავლას გვთავაზობს. მანჰეიმი გამოყოფს ორი ტიპის იდეოლოგიას: პარტიკულარულ და ტოტალურ იდეოლოგიებს. პარტიკულარული იდეოლოგიები მეტწილად ინტერესებისა და ფარული დღის წესრიგის სფეროა, მაშინ როდესაც ტოტალური იდეოლოგიები დაინტერესებულია არა იმდენად ინტერესთა სხვაობით, არამედ ცოდნისა და ცნობიერების სტრუქტურებით. შეიძლება ითქვას, რომ მანჰეიმის წიგნი წარმოადგენს იდეოლოგიის შესწავლის დარგში კლასიკურ ნაშრომს, სადაც ვხვდებით სიღრმისეულ მსჯელობას უტოპიის, იდეოლოგიისა და რეალობის პრობლემებზე.

Terry Eagleton, Ideology: An Introduction  (ტერი იგლტონი, იდეოლოგია: შესავალი)

ლანკასტერის უნივერსიტეტის პროფესორის, თანამედროვე დასავლეთის ინტელექტაულური ცხოვრების ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურის ტერი იგლტონის წიგნი გვთავაზობს იდეოლოგიის შესახებ ბაზისური, ფუნდამენტური საკითხების გარჩევას. წიგნი 1991 წელს გამოიცა, იმ წელს როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და სამყარო ახალი იდეოლოგიური რეკონსტრუქციის წინაშე აღმოჩნდა. ნაშრომი ძირითადად ეხება იმას თუ როგორ მოახდინა პოსტმოდერნული აზროვნების დოქტრინებმა იდეოლოგიის კლასიკური კონცეფციის დისკრედიტაცია. წიგნი ასევე განიხილვას იდეოლოგიის რაობას, როგორც სოციალური აზროვნების განმანათლებლური ტრადიციებიდან, ასევე თანამედროვე სოციალური აზროვნების პერსპექტივიდან,

Goran Therborn, The Ideology of Power and the Power of Ideology  (გორან თერბორნი, იდეოლოგიის ძალაუფლება და ძალაუფლების იდეოლოგია)

შვედი მარქსისტი სოციოლოგის გორან თერბრონის ეს წიგნი 1980 წელს გამოიცა და წარმოადგენს იდეოლოგიის სიღრიმსეული მარქსისტულ-სოციოლოგიური ანალიზის ალბათ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მცდელობას. თერბორნი განიხილავს ისეთ საკითხებს როგორებიცაა იდეოლოგიური სისტემების სტრუქტურა, კლასისა და იდეოლოგიის ურთოერთაკავშირი, იდეოლოგიების არსი სოციალურ წესრიგთან მიმართებაში, პოლტიკური ძალაუფლებისა და სოციალური ცვლილებების მნიშვბელობა იდეოლოგიურ პერსპექტივაში. თერბორნი აღნიშნავს, რომ ნაშრომის მთავარი მიზანი მდგომარეობას იმაში, რომ გვიამბოს თუ როგორ მუშაობს იდეოლოგია, როგორ იმართება ის და რა გავლენას ახდენს იგი საზოგადოებაში ძალაუფლების ტრანსფორმაციაზე.

Bryan S. Turner, Nicholas Abercrombie, Stephen Hill, The Dominant Ideology Thesis  (ბრაიან ტერნერი, ნიკოლას აბერკრომბი და სტეფან ჰილი, დომინანტური იდეოლოგიის თეზისი)

მსგავსად გორან თერბორნის წიგნისა, ეს წიგნიც 1980 წელს გამოიცა. სოციოლოგები ტერნერი, აბერკრომბი და ჰილი ავითარებენ კრიტიკულ მსჯელობას იდეოლოგიის დომინანტური ხასიათის შესახებ. ავტორები ასაბუთებენ, რომ იდეოლოგიური ზედამხედველობის დაწესებით გაბატონებული კლასი აკონტროლებს საზოგადოებაში შეხედულებათა და დამოკიდებულებათა მყარ სისტემას. თავის მხრივ, დომინანტურ იდეოლოგიას ევალება დაქვემდებარებული კლასის შერწყმა იმ იდეათა სისტემასთან, რომელსაც სრულად აკონტროლებს და ზედამხედველობს გაბატონებული კლასი, რაც რასაკვირველია ხელს უწყობს კაპიტალისტური საზოგადოების შეკვრას და ინტეგრაციას. ძირითადად მარქსისტული აზროვნების ტრადიცების გამოყენებით, წიგნი წარმოადგენს კაპიტალისტურ საზოგადოებაში იდეოლოგიის როლისა და ადგილის კრიტიკული შესწავლის მორიგ საინტერესო მცდელობას.

Pierre Bourdieu, Acts of Resistance: Against the Tyranny of the Market  (პიერ ბურდიე, წინააღმდეგობის აქტები: საბაზრო ტირანიის წინააღმდეგ)

არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ პიერ ბურდიე მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოციოლოგი იყო. მე-20 საუკუნის სოციოლოგიაში, იშვიათად თუ წავაწყდებით ისეთ თემას, რომელშიც ბურდიეს თავისი წვლილი არ ჰქონდეს შეტანილი. განათლების სოციოლოგია, პოლიტიკის სოციოლოგია, კულტურის სოციოლოგია, მედიის სოციოლოგია, ეკონომიკური ცხოვრების სოციოლოგია –  ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ დარგების, რომლებშიც ბურდიემ თავისი ინტელექტუალური კვალი დატოვა. ერთ-ერთი თემა, რომელზეც ბურდიე თავის ინტელექტუალურ კარიერაში მნიშვნელოვნად ორიენტირდებოდა იყო იდეოლოგიის არსის, მისი ფარული თუ ღია გამოვლინებების შესწავლა. ზემოხსენებული წიგნი 1998 წელს გამოიცა და წარმოადგენს ბურდიეს ანალიტიკური სტატიების, ინტერვიუს, ნარკვევებისა და მოხსენებების კრებულს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის კოლექტიური ინტელექტუალის (ბურდიეს მიერ წამოყენებული ინტელექტუალის ტიპი) რეფლექსიები არა უშაულოდ, არა პირდაპირ იდეოლოგიაზე, არამედ იმ პროცესებზე, იმ მოვლენებზე, იმ გარემოებებზე, რასაც ქმნის და აწარმოებს იდეოლოგია თავისუფალი საბაზრო კაპიტალიზმის პირობებში. ძირითადად ფრანგულ და ევროპულ კაპიტალისტურ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე დაკვირვებით, კრებულში განხილულია გლობალიზაციის, ნეოლიბერალური პოლიტიკის, მშრომელთა ყოფის, თანამედროვე სახელმწიფოს, იმიგრანტთა ყოფის და სხვა საკითხები.

Ernesto Laclau, Politics and Ideology in Marxist Theory  (ერნესტო ლაკლაუ, პოლიტიკა და იდეოლოგია მარქსისტულ თეორიაში)

არგენტინელი პოლიტოლოგის ერნესტო ლაკლაუს ეს წიგნი ეხება პოლიტიკისა და იდეოლოგიის რაობის გააზრებას მარქსისტული თეორიის პერსპექტივიდან. წიგნი 1977 წელს გამოიცა და შედგება ოთხი ნარკვევისგან: ფეოდალიზმი და კაპიტალიზმი ლათინურ ამერიკაში, პოლიტიკურობის სპეციფიურობა, ფაშიზმი და იდეოლოგია, და პოპულიზმის თეორიისკენ. ლაკლაუ, როგორც მარქსისტი ინტელექტუალი გვთავაზობს არა მხოლოდ იდეოლოგიის თეორიულ გააზრებას, არამედ ასევე საინტერესოდ მიმოიხილავს და აანალიზებს მარქსისტული თეორიების ირგვლივ წარმოშვებულ პოლემიკას იმ საკითხებზე, რასაც ზემოთ ჩამოთვლილი ნარკვევები ეხება. წიგნი მდიდარია ლაკლაუსთვის დამახასიათებელი რადიკალაური ენითა და აზროვნების სტრუქტურით.

C. Wright Mills, The Power Elite  (ჩარლზ რაით მილსი, ძალაუფლების ელიტა)

ჩემის აზრით, ჩარლზ რაით მილს არა მხოლოდ მე-20 საუკუნის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების ყველა დროის ყველაზე საუკეთესო სოციოლოგი იყო. მაღალი პოლიტიკური და ინტელექტაულური პასუხისმგებლობით სავსე, მილსი ყოველთვის ცდილობდა დასავლური კაპიტალიზმის, პოლიტიკის, საზოგადოებისა და კულტურის კრიტიკულ ფილტრში გატარებას და ამით სრულიად ორიგინალური ინტელექტუალური მეთოდის დამკვიდრებას ამერიკის ინტელექტუალურ ცხოვრებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ მილსის ინტელექტუალური ცხოვრება ემთხვევა ცივი ომის დაწყებით ფაზას, რომელიც ცხადია ყველაზე მეტი დაძაბულობით გამოირჩეოდა. ამ გაგებით, ცხადია მილსის ამგვარ აზროვნებას გაბედულობაც სჭირდებოდა. მილსის ეს წიგნი შეიძლება ითქვას, რომ მის აკადემიურ კარიერაში ყველაზე აღიარებული ნაშრომია, რომელიც 1956 წელს გამოიცა. მართალია წიგნი უშუალოდ იდეოლოგიის სფეროს არ ეხება, მაგრამ თუკი გვინდა გავიგოთ ამერიკული წესრიგის და ამერიკული კაპიტალიზმის იდეოლოგიური არსი, მაშინ ეს სწორედ ის წიგნია, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. მილსი გვთავაზობს იმდროინდელი ამერიკის (რომელიც დღესაც ფუნდამენტურად იგივეა) გაბატონებული კლასის (პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ელიტები) და მდიდარი ფენების, რომელსაც მილსი ძალაუფლების ელიტას უწოდებს, ძლიერ სოციოლოგიური ანალიზს კრიტიკული მეთოდის გამოყენებით. წიგნის საშუალებით მკითხველი გაეცნობა თუ როგორ ხდება კაპიტალისტური საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ზედმახედვლობა გაბატონებული კლასის მიერ.

Александр Зиновьев, Идеология партии будущего  (ალექსანდრ ზინოვიევი, მომავლის პარტიის იდეოლოგია)

შეიძლება ითქვას, რომ ალექსანდრ ზინოვიევი გამორჩეული ხასიათის სოციოლოგი და პოლიტოლოგი იყო. თავის დროზე საბჭოთა კავშირის კრიტიკოსი, სსრკ დაშლის შემდეგ უკვე კაპიტალიზმის კრიტიკოსი გახდა. ზინოვიევის ინტელექტუალური მეტამორფოზის მაგალითად ის გამოდგება, რომ ჯერ იყო და ცნობილი ტერმინი ჰომო სოვიეტიკუსი შემიოტანა, რომელიც უმალვე აიტაცეს საბჭოთა კავშირის კრიტიკოსებმა, შემდეგ კი, საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ შემოიტანა უკვე ნაკლეაბდ ცნობილი ტერმინი – კატასტროიკა, როგორც პერესტროიკის ნეგატიური ირონიული აღმნიშვნელი. ზინოვიევის წიგნი ეხება ერთის მხრივ იდეოლოგიის რაობას, ხოლო მეორეს მხრივ კი იდეოლოგიის მომავალს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ზინოვიევი აღნიშნავს, რომ კომუნიზმის დაცემის შემდეგ დასაბამი მიეცა ახალ ეპოქას, რომელსაც იგი უწოდებს ტოტალური სოციალური რეაქციების ეპოქას, რაც ხასიათდება ანტიკომუნიზმით, ანტისოციალიზმით, ანტიდემოკრატიულობითა და ანტილიბერალიზმით. წიგნი ეხება ცივი ომის შემდგომ ეპოქას, რომელიც გამოირჩევა დასავლეთის დომინაციით (რომლის კრიტიკოსიც ის გახლდათ) და იმას თუ რამდენად შესაძლებელია დიდი სოციალური ტრანსფორმაციების ფონზე აღმოცენდეს ისეთი იდეოლოგია, რომელიც განსაზღვრავს მომავლის საზოგადოებას. ზინოვიევი აღნიშნავს, რომ იდეოლოგიის რაობის ახსნა არც თუ ისე ადვილი საქმეა და საბჭოთა კავშირშიც კი ტერმინ იდეოლოგიას ძალზედ იშვიათად იყენებდნენ და ისიც მხოლოდ ნეგატიური კონტექსტში. ზინოვიევი სწორად შენიშნავს, რომ საბჭოთა კავშირში მარქსიზმი მეცნიერებად იყო გამოცხადებული და არა იდეოლოგიად. ზინოვიევი იდეოლოგიას განიხილავს ერთის მხრივ როგორც შეხედულებათა, სწავლებათა და კონცეფციათა ერთიან სისტემას, ხოლო მეორეს მხრივ კი როგორც სოციალური ფენომენის ნაწილს. წიგნში განხილულია ისეთი საკითხები როგორებიცაა, სოციალური ობიექტების, ადამიანის, საზოგადოების მენტალური სფეროს, იდეოლოგიის უჯრედის და სხვა ფენომენთა თუ პროცესების არსი.

 

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.