„ბიბისი“ – 500 მილიონი ფუნტი სტერლინგის დაზოგვა „ბიბისის“ ახალ გენერალურ დირექტორს, როგორც ჩანს, უახლოეს თვეებში 2 000-მდე თანამშრომლის გათავისუფლების ხარჯზე მოუწევს

12:30, 19.05.2026

„ბიბისი“ ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშეა და მეტ ბრიტინს, როგორც გენერალურ დირექტორს, მოუწევს, გადაწყვიტოს, როგორ დაზოგოს 500 მილიონი ფუნტი სტერლინგი „მნიშვნელოვანი ფინანსური ზეწოლის“ აღმოსაფხვრელად და, როგორც ჩანს, ეს უახლოეს თვეებში, 2 000-მდე თანამშრომლის გათავისუფლების ხარჯზე მოხდება, – ამის შესახებ „ბიბისის“ სტატიაშია საუბარი.

ამავე სტატიის მიხედვით, მაუწყებლის შესასვლელთან მას ჟურნალისტთა პროფკავშირების წარმომადგენლები საპროტესტო აქციით დახვდნენ, რომლებიც რადიოგადაცემების გრაფიკში ცვლილებების გამო გაფიცული არიან.

ამასთან, „ბიბისი“ ავრცელებს თანამშრომლებისადმი მეტ ბრიტინის წერილს, რომელშიც ნათქვამია: „ვიცი, რომ ცვლილებები მარტივი არ არის. რთული გადაწყვეტილებები გარდაუვალია, როდესაც ეკონომიას ვაკეთებთ. საკუთარ თავს გულწრფელად უნდა ვკითხოთ: დღეს რომ ვქმნიდეთ „ბიბისის“, რას გავაკეთებდით? შემდეგ კი, ვუპასუხოთ მკაფიოდ, სწრაფად და მიზანმიმართულად“.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ მეთ ბრიტინი 2007 წლიდან 2025 წლამდე, კორპორაცია Google-ს ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონების ხელმძღვანელი იყო და სატელევიზიო გამოცდილება არ აქვს. თემთა პალატის კულტურის, მედიისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის დეიმ კეროლაინ დაინიჯის თქმით, „ბიბისის“ ხელმძღვანელის პოსტზე მეთ ბრიტინის ანაზღაურება წელიწადში 565 000 ფუნტ სტერლინგი იქნება. მეთ ბრიტინმა შეცვალა ტიმ დეივი, რომელმაც „ბიბისის“ გენერალური დირექტორის თანამდებობა გასულ წელს კრიტიკის ფონზე დატოვა.

გადადგომის მიზეზი გახდა გადაცემა „პანორამაში“ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რედაქტირებული კომენტარი, რითაც, ტრამპის თქმით, მაყურებელი შეცდომაში იქნა შეყვანილი და ამის გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა მაუწყებელს სასამართლოშიც უჩივლა. „ბიბისი“ ახლა სასამართლოს მიმართავს, შეწყვიტოს სარჩელი და არგუმენტად მოჰყავს ფაქტი, რომ „პანორამის“ კონკრეტული ეპიზოდის ტრანსლირება აშშ-ის ტერიტორიაზე არ განხორციელებულა.

„თუმცა, ეს ერთადერთი გამოწვევა არაა, მეთ ბრიტინი მაუწყებლის ხელმძღვანელობას იბარებს ისეთ ტურბულენტურ პერიოდში, როდესაც ცოტა ხნის წინ, დიჯეი სკოტ მილსის გარშემო სკანდალის შედეგად ის „ბიბისიდან“​ გაათავისუფლეს, ხოლო „ბაფტას“ წლევანდელი დაჯილდოების ცერემონიალზე რასობრივი გამონათქვამების ტრანსლირებამ საზოგადოებაში სკანდალი გამოიწვია“, – აღნიშნულია სტატიაში.

„ბიბისიმ“ რადიოწამყვანი სკოტ მილსი გასულ თვეს სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ 2016 წელს მეტროპოლიტენის პოლიციის მიერ სკოტ მილსის წინააღმდეგ სექსუალური დანაშაულის ბრალდებით დაწყებულ გამოძიებაში ფიგურირებდა 16 წელს მიუღწეველი მოზარდი ბიჭი. გამოძიება 2019 წელს არასაკმარისი მტკიცებულებების გამო შეწყდა და ამ გამოძიების შესახებ „ბიბისისთვის“ თავიდანვე იყო ცნობილი, თუმცა მაშინდელმა ხელმძღვანელობამ იცოდა თუ არა საქმეში არასრულწლოვნის არსებობა, უცნობია. რედაქციაში განმარტავენ, რომ ამის შესახებ მათ ახლა შეიტყეს და ამის საფუძველზე გაათავისუფლეს მილსი.

ამასთან, როგორც სტატიაშია ნათქვამი, მეთ ბრიტინს ასევე მოუწევს, დაასრულოს მოლაპარაკებები მთავრობასთან „ბიბისის“​ სამეფო ქარტიის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რომელიც მის არსებობასა და დაფინანსებას განსაზღვრავს, რომელსაც ვადა 2027 წელს ეწურება“, – აღნიშნულია სტატიაში.

მსგავსი