9 აპრილი – დაპირისპირების შემოტანის მცდელობა
ცოცხალი კედელი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან და საპროტესტო შეძახილები – თარიღი, რომელიც ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტრაგედიას და თან ისტორიული მნიშვნელობის მოვლენას უკავშირდება, პოლიტიკური მღელვარების და პოლარიზაციის გაღრმავების მიზეზად იქცა.
დღეს 9 აპრილია – რუსეთის საბჭოთა ჯარების მიერ დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქციის სასტიკი მეთოდებით დარბევიდან 36 და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 34 წლის შემდეგ რუსთაველის გამზირი დაპირისპირების ადგილად იქცა. 9 აპრილს დაღუპული გმირების მემორიალთან ხელისუფლების წარმომადგენლები არ მიუშვეს. უკან გაბრუნებულ ადამიანებს შორის იყვნენ ისინიც, რომლებიც 36 წლის წინ რუსთაველის გამზირზე იდგნენ. ბოლო თვეებში დაკავებული დემონსტრანტების ოჯახების წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ღამე პარლამენტთან გაათენეს. მათთან ერთად იდგა პაატა ბურჭულაძეც, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტისა და ოპოზიციის სამოქმედო სტრატეგიის საჯარო კრიტიკის შემდეგ 8 აპრილის ღამეს საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრება ჯერ კიდევ წინა კვირას დააანონსა. ორჯერ დადებული ფიცი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან და პოლიტიკური ურთიერთბრალდებები – ვითარება დღეს პარლამენტის წინ რამდენჯერმე დაიძაბა. მმართველი გუნდის ლიდერები რუსთაველის გამზირის ნაცვლად სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ.