„ქართული ოცნების“ ლიდერებმა დღეს ხულო-ზარზმის გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები 5 კმ-იან მონაკვეთზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო 42-კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელსაც „ქუვეითის ფონდი“ აფინანსებს, გამარჯვებული გამოვლენილია და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტი სამ მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47-კილომეტრიან გზას და შვიდ ხიდს ჩაუტარდება. დაიგება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.
„ქართული ოცნების“ ლიდერების შეფასებით, ხულო-ზარზმის განახლებული გზა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის სამცხე-ჯავახეთის რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უმოკლესი გზით დააკავშირებს. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო საგრძნობლად შემცირდება.