წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი გახდა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თავმჯდომარე აირჩია. დღევანდელ სხდომაზე, 14 ხმით საკრებულოს თავმჯდომარედ „საქართველოსთვის“ წევრი, კორნელი სალია აირჩიეს. ის ერთადერთი კანდიდატი იყო. თავმჯდომარის არჩევნებში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს მონაწილეობა არ მიუღიათ. არჩევის შემდეგ კი მათ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. დღევანდელ სხდომას საკრებულოს 27 წევრიდან ესწრებოდა 24. თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 15-მა დეპუტატმა. 14-მა მხარი დაუჭირა გახარიას პარტიის კანდიდატს. ერთი ბიულეტენი გაბათილდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 11 მანდატი აქვს ენმ-ს, 11 – „ქართულ ოცნებას“, სამი წევრი ჰყავს „გახარია – საქართველოსთვის“ პარტიას, ერთი ჰყავს „ლელოს“ და ერთი დამოუკიდებელი წევრია, მან არჩევნების შემდეგ დატოვა გახარიას პარტია.