წინასწარი მონაცემებით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ ე.წ. რეფერენდუმებზე აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა რუსეთთან შეერთებას მისცა. რუსეთთან შეერთებაზე თანხმობა დონეცკში 99.23-მა პროცენტმა, ლუგანსკში 98-მა, ზაპოროჟიეში 93-მა, ხოლო ხერსონში 87-მა პროცენტმა განაცხადა. უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ უკანონო რეფერენდუმთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ვიდეოკონფერენციის ფორმატში სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით მუქარა ადასტურებს, რომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება და ის იზოლირებული უნდა იყოს ცივილიზებული სამყაროსგან.