ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შემდეგ სამშვიდობო სამიტზე რუსეთი უნდა იყოს წარმოდგენილი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მორიგი სამშვიდობო სამიტის გეგმა ნოემბრისთვის უნდა იყოს მზად და ამ მიზნით დაგეგმილია სამი შეხვედრის გამართვა, რომელიც უკრაინული „მშვიდობის ფორმულის“ პუნქტების განხილვას მიეძღვნება. ზელენსკის განმარტებით, პირველი შეხვედრა დაეთმობა ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ის ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში, კატარში შედგება. ასევე, აგვისტოში გაიმართება შეხვედრა თურქეთში, სადაც ნაოსნობის და სასურსათო უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. სექტემბერში კი კანადაში შედგება მოლაპარაკებები, სადაც მძევლების გაცვლის და დეპორტირებულთა დაბრუნების თემაზე იმსჯელებენ.