რუსეთის მორიგი შეტევა უკრაინის ქალაქებზე – დაღუპულია სამი და დაშავებულია 30 ადამიანი. კიდევ ოთხი პირი დაკარგულად ითვლება. მედია წერს, რომ შესაძლოა, ისინი ნანგრევებში არიან მოყოლილი. როგორც უკრაინის ხელისუფლება იუწყება, სარაკეტო დარტყმების სამიზნე ოთხი რეგიონი გახდა. ზაპოროჟიეში მაშველები და პოლიციელები ამ დრომდე ექვს ადგილზე მუშაობენ. რაკეტა საცხოვრებელ კვარტალში ჩამოვარდა. დაშავდა სამი ადამიანი.
დნეპროპეტროვსკიში კი აფეთქების შედეგად სამარშრუტო ტაქსი გადატრიალდა. სამედიცინო დახმარება 20 ადამიანს დასჭირდა. კრივოი როგის ოლქში სარაკეტო დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამ პირს ამ დრომდე ეძებენ. ავიაიერიში ოთხჯერ განხორციელდა ქალაქ ხარკოვზეც. შედეგად დაზიანდა სამრეწველო ობიექტი და სასწავლო დაწესებულება. ერთი ადამიანი დაშავდა.
ასევე დაიბომბა ქალაქი ზმიევი, სადაც მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანის გამოყვანა შეძლეს. აფეთქებების ხმა ისმოდა ხმელნიცკის ოლქშიც. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე სულ 51 რაკეტა ისროლა, რომელთაგან 18-ის განადგურება მოხერხდა.