უკრაინის აზოვის პოლკის მტკიცებით, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი გამოიყენეს. როგორც ვიდეომიმართვაში „აზოვის პოლკის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, სამ ადამიანს საბრძოლო ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის მკვეთრად გამოხატული ნიშნები აქვს, თუმცა კატასტროფული შედეგების გარეშე. ამასთან, „ტელეგრამ“ არხში მარიუპოლის მერის მრჩეველმა დაწერა, რომ ქიმიური იარაღის შესახებ ცნობები დადასტურებული ჯერ არ არის და სამხედროებისგან ოფიციალურ დადასტურებას ელოდებიან. ამ დროისთვის ქიმიური იარაღის გამოყენებას ვერ ადასტურებენ პენტაგონში და აცხადებენ, რომ ვითარების მონიტორინგს განაგრძობენ. გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანიც. ლიზ ტრასის განცხადებით, ბრიტანეთი და მისი პარტნიორები მუშაობენ გავრცელებული ცნობების დეტალების გადამოწმებაზე. ამასთან, მარიუპოლის მერი აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან ქალაქში სულ მცირე 10 000 მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა.