ვითარება ახლო აღმოსავლეთში ისევ რთულია. ისრაელი ღაზის რამდენიმე რაიონში ბრძოლას აძლიერებს, მათ შორის სამხრეთით მდებარე ქალაქ ხან იუნისში, სადაც მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში „ჰამასის“ 250-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანეს იერიში, მათ შორის „ჰამასის“ საკომუნიკაციო ობიექტზე.
პარალელურად, კატარის დედაქალაქში საერთაშორისო ფორუმი იმართება, რომლის მონაწილეები ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არსებულ ვითარებას განიხილავენ. კატარის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვა ახალი ზავის შესახებ მოლაპარაკებებისთვის „შესაძლებლობების ფანჯარას ავიწროებს“. ღაზის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ომის დაწყებიდან ღაზის სექტორში დაახლოებით 18 ათასი პალესტინელი დაიღუპა.