ეპიდსიტუაცია სტაბილურდება – გუშინდელთან შედარებით, დღეს თითქმის 1 000-ით ნაკლები ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ტესტირების გაფართოების ფონზე, დადებითობის დღიური მაჩვენებელი უკვე შვიდ პროცენტს უახლოვდება.
გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ინფიცირებულებს თითქმის ყოველდღე აჭარბებს, რაც პიკის გადავლას და დაღმასვლის პროცესის დაწყებას ნიშნავს. მცირედით იკლო ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რიცხვმა, თუმცა 400-მდე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად ფასდება. მათ შორის რამდენიმე ფეხმძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან წელიწადნახევრის შემდეგ, მსოფლიოს კიდევ ერთი საფიქრალი უჩნდება – საუბარია „მიუს“ სახელით ცნობილ ახალ მუტირებულ შტამზე, რომელზეც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაკვირვებას იწყებს. მეცნიერები ახლა იკვლევენ, აქვს თუ არა კორონავირუსის ამ სახეობას ბუნებრივად ან ვაქცინით გამომუშავებული ანტისხეულების მიმართ რეზისტენტულობა.