რუსეთმა უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით მოითხოვა, – ამის შესახებ განცხადება გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ლინდა ტომას-გრიფილდმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. სხდომა რუსეთის ფედერაციის მოთხოვნით გაიმართა.
მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარეობდა ბიოლაბორატორიების ქსელი, სადაც ხდებოდა საშიში დაავადებების პათოგენების გაძლიერება. კიევსა და აშშ-ში ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ ამ გამოგონილ საბაბს რუსეთი სავარაუდოდ მომავალში დაგეგმილი ქმედებების გასამართლებლად გამოიყენებს. პენტაგონში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის ემზადება. გაერო-ში აშშ-ის ელჩის განცხადებით, უკრაინას არ აქვს ბიოლოგიური იარაღის პროგრამა და ბიოლოგიური ლაბორატორიები, რომელსაც აშშ მხარს უჭერს, მისივე თქმით, რუსეთია ის ქვეყანა, რომელიც აგრძელებს ბიოლოგიური იარაღის პროგრამას საერთაშორისო კანონის დარღვევით.