ბერლინის საერთაშორისო აეროპორტი და პოპულარული ადგილები საქართველოს ბანერებით გაფორმდა. საქართველო გერმანიის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის მასპინძელი ქვეყანაა. ბანერები დამონტაჟდება გერმანიის დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც. გამოფენის ფარგლებში საექსპოზიციო ტერიტორია, შენობები, პავილიონები და კუთხეები საქართველოსა და ქვეყნის ტურისტული მიმართულების ამსახველი ნიშნებით, ფოტოებითა და ლოგოებით გაფორმდება. გამოფენის დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, საქართველოს შესახებ ვიდეორგოლებიც იხილონ.
„უსაზღვრო სტუმართმასპინძლობა“ – გამოფენაზე მასპინძლის სტატუსით საქართველო ამ სლოგანით და მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება. ექსპოზიციის გახსნამდე, 6 მარტს საქართველოს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავს. მოგვიანებით კი მოეწყობა სპეციალური ღონისძიება სახელწოდებით, „უსაზღვრო ქართული კულტურა. საერთაშორისო გამოფენა საქართველოს სტენდთან გაიხსნება და ლენტის გაჭრის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს პრემიერი ღარიბაშვილი. 7-9 მარტს გამოფენის მთავარი სცენა საქართველოს, როგორც მასპინძელ ქვეყანას ეთმობა.