უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის 50-ე დღეს, საოკუპაციო ჯარები ხარკოვის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში არსებულ ობიექტებზე იერიშს განაგრძობენ. აქტიურად მიმდინარეობს მტრის ავიაციისა და არტილერიის თავმოყრა უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან. ცნობას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს, მათივე ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმების საფრთხე კვლავ ნარჩუნდება უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, შავ ზღვაში გუშინ დაზიანებული რუსული სამხედრო კრეისერი „მოსკოვი“ უახლოესი ერთი წლით ბრძოლისუუნარო იქნება. ქალაქ მარიუპოლის მერიის წარმომადგენლის განცხადებით კი, მარიუპოლში ოკუპანტები მშვიდობიან მოქალაქეებს მოუწოდებენ, ე.წ. თეთრი ლენტები ატარონ, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მოწინააღმდეგის სიმბოლოა, რათა ისინი უკრაინელი სნაიპერებისთვის „სატყუარად“ იქცნენ. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან ქვეყანაში 197 ბავშვი დაიღუპა.