უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ საუბრობს. ალექსანდრ სირსკის ცნობით, თავდაცვის მინისტრთან ერთად იმყოფებოდა ავდეევკისა და კუპიანსკის მიმართულებებზე, სადაც მეთაურების ანგარიშებს მოუსმინეს და ჯარების გასაძლიერებლად რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.
მთავარსარდლის ინფორმაციით, ოპერატიული სიტუაცია უკიდურესად რთული და დაძაბულია. ოკუპანტები განაგრძობენ ძალისხმევის გაძლიერებას და პირად შემადგენლობაში რაოდენობრივი უპირატესობა აქვთ. სირსკის თქმით, მათ უშუალოდ ადგილზე მოუსმინეს ბრიგადების, ტაქტიკური ჯგუფებისა და დაჯგუფებების მეთაურებს, რომლებიც ურთულეს პირობებში თავდაცვით მოქმედებებს აწარმოებენ. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა არ დავუშვათ მტრის წინსვლა ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში და შევინარჩუნოთ დაკავებული პოზიციები“, – წერს სირსკი.