უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერის, თანხის სანაცვლოდ გავრცელების საქმეზე ბრალდებულ გოგიტა დალაქიშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერის თანხის სანაცვლოდ გავრცელების საქმეზე ბრალდებულ  გოგიტა დალაქიშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, გოგიტა დალაქიშვილი ერთ-ერთი პირის უკანონო ჩანაწერის სანაცვლოდ, 3 000 ლარს ითხოვდა. ის მოქალაქისგან მოთხოვნილი თანხის აღების დროს დააკავეს.

მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა გადაწყვეტილების არგუმენტირებისას განაცხადა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, ბრალდებულის მხრიდან მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს.

სასამართლოს სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. რა შინაარსისაა ჩანაწერი, რომლის უკანონოდ მოპოვებასაც ბრალდებულს ედავებიან, ჯერ ისევ უცნობია. დაცვის მხარე გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. წინასასამართლო სხდომა საქმეზე 15 მარტს 13 საათზე ჩაინიშნა.