შსს - გოგიტა დალაქიშვილი ერთ პირს 3000 ლარის სანაცვლოდ უკანონო ჩანაწერის მოპოვებას დაპირდა
შსს - გოგიტა დალაქიშვილი ერთ პირს 3000 ლარის სანაცვლოდ უკანონო ჩანაწერის მოპოვებას დაპირდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქე გოგიტა დალაქიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 1973 წელს დაბადებული გოგიტა დალაქიშვილი თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებას დაპირდა დ.ე.-ს, სანაცვლოდ კი 3 000 ლარი მოსთხოვა. სამართალდამცველებმა გ.დ. თბილისში, მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, როდესაც მას დ.ე.-მ მოთხოვნილი თანხა გადასცა“, – აცხადებენ შსს-ში.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ანგარებით კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების და გავრცელების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

დალაქიშვილი შსს-მ დღეს დააკავა.