თვითმმართველობის არჩევნები 2017

თბილისი ის თვითმმართველი ერთეულია, რომელიც მსგავსი სტატუსის მქონე ოთხი ქალაქისგან საკრებულოს წევრთა რაოდენობით განსხვავდება. დედაქალაქის თვითმმართველ ორგანოში პროპორციული სიით 25 დეპუტატია შესული, მაჟორიტარულით – ასევე 25.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, თბილისის საკრებულოში მოსახვედრად დაწესებული 4%-იანი ბარიერი ოთხმა პარტიამ გადალახა და შედეგები ასე გადანაწილდა:

“ქართულ ოცნებას” მუნიციპალურ ორგანოში 40 წევრი ეყოლება. 15 პროპორციული სიით და 25 მაჟორიტარი, რაც გადაწყვეტილების მიმღები უმრავლესობაა. „ნაციონალური მოძრაობა“ 5 წევრით იქნება წარმოდგენილი, „ევროპულ საქართველოს“3 მანდატი შეხვდა, პატრიოტთა ალიანსს – 2.

რაც შეეხება დანარჩენ ოთხ თვითმმართველ ქალაქს, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში საკრებულოს წევრთა რაოდენობა სულ 25-ია და პროპორციული სიის 15 წევრისა და 10 მაჟორიტარისგან შედგება. 

რუსთავის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 18 დეპუტატი ეყოლება „ნაციონალური მოძრაობა“- 3 დეპუტატი, „ევროპული საქართველო“ 2, „პატრიოტთა ალიანსი“ და „ლეიბორისტული პარტია“ თითო დეპუტატი.

ქუთაისი ის მუნიციპალიტეტია, რომლის საკრებულოში ყველაზე ცოტა, მხოლოდ სამი, პარტია იქნება. „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა ჰყავს – 19 წევრით, „ნაციონალური მოძრაობას“ – 4, „ევროპულ საქართველოს“ კი 2 დეპუტატი.

19-კაციანი უმრავლესობა ჰყავს მმართველ პარტიას კიდევ ერთ თვითმმართველ ქალაქ ბათუმში. “ნაციონალურ მოძრაობას” ბათუმის საკრებულოში 4 წევრი ეყოლება, „ევროპულ საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ კი – თითო-თითო. 

ყველაზე მრავალპარტიული, თვითმმართველი ქალაქი – ფოთის საკრებულო იქნება. 4%-იანი ბარიერი 7-მა სუბიექტმა გადალახა. უმრავლესობა მმართველ პარტიას აქვს. „ქართული ოცნება“ – 18 დეპუტატი. „ნაციონალურ მოძრაობა“- 2, „ევროპული საქართველო“, „დემოკრატიული მოძრაობა“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ლეიბორისტული მოძრაობა“ და „შენების მოძრაობა“ თითო-თითო წევრით იქნებიან წარმოდგენილი.

რაც შეეხება გენდერულ ბალანს, ცესკო-ს მიხედვით, თბილისის საკრებულოში 10 ქალი და 40 მამაკაცი , რუსთავის 25-კაციან საკრებულოში მხოლოდ 2 ქალი, ქუთაისსა და ფოთში 4, ხოლო ბათუმში მხოლოდ ერთი ქალი დეპუტატი იქნება 24 კოლეგა მამაკაცთან ერთად.