თურქეთში პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადებიან

თურქეთში პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადებიან. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ფიცის დადების ცერემონიას 78 ქვეყნის მაღალი დონის ოფიციალური პირები დაესწრებიან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ანკარაში მდებარე საპრეზიდენტო კომპლექსში ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობას 21 ქვეყნის მეთაური, 13 ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის „თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის“, ნატო-სა და „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წარმომადგენლები მიიღებენ.

ერდოღანი ადგილობრივი დროით 14:00 საათზე თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეაში ფიცს დადებს და პრეზიდენტობის ახალ ვადას დაიწყებს. რეჯეფ თაიფ ერდოღანი მანდატს თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის დროებითი თავმჯდომარისგან მიიღებს. ცერემონიის შემდეგ ის ანიტკაბირის კომპლექსს ეწვევა, სადაც მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმი მდებარეობს. ამის შემდეგ 17:00 საათზე საპრეზიდენტო კომპლექსში ინაუგურაციის ცერემონია დაიწყება. მოგვინებით კი სტუმრებს სადილზე უმასპინძლებენ, რის შემდეგაც თურქეთის ახალი კაბინეტი გამოცხადდება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 52.18 პროცენტით გაიმარჯვა. ოპოზიციის კანდიდატმა, ქემალ კილიჩდაროღლუმ 47.82 პროცენტი მიიღო. ერდოღანისთვის პრეზიდენტობის ეს უკვე მესამე ვადაა.