თურქეთში აშშ-ის ელჩი დაიბარეს

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების შემდეგ, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეერთებული შტატების ელჩი დაიბარეს. „ანადოლუს“ ცნობით, ამერიკელი დიპლომატი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიიღო, რომელმაც ელჩს უთხრა, რომ თურქეთი მიუღებლად მიიჩნევს ამერიკის პრეზიდენტის განცხადებას, სრულად უარყოფს და გმობს მას.

თურქეთის საგარეო უწყებაში ასევე ამბობენ, რომ ბაიდენის განცხადებას საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ძალა არ გააჩნია, ძლიერ ტკივილს აყენებს თურქ ხალხს და გამოუსწორებელ საფრთხეს უქმნის ამერიკა-თურქეთის ურთიერთობებს. მანამდე, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება და ბაიდენს მოუწოდა „უხეში შეცდომა გამოასწოროს“.

მოამბე