უკრაინას აქვს სურვილი, თურქეთი მოიაზრებოდეს იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობენ უკრაინას რუსეთთან ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით დადებულ ნებისმიერ შეთანხმებაში. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დმიტრო კულებას თქმით, თურქეთი ასევე ცდილობს, მოაწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის. მევლუთ ჩავუშოღლუმ თავის მხრივ, ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის იმედი გამოთქვა მარიუპოლში, სადაც ამ დრომდე რჩება თურქეთის 100-ზე მეტი მოქალაქე. ჩავუშოღლუმ ასევე მზაობა გამოთქვა, კიდევ ერთხელ უმასპინძლონ უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს.
დიპლომატების შეხვედრა ქალაქ ლვოვში გაიმართა. დმიტრო კულებამ მოგვიანებით, სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ თურქეთის სოლიდარობა უკრაინის მიმართ ურყევი რჩება.