საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილი ფიგურულ ციგურაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. ისტორიაში პირველად დიღომში მდებარე ყინულის სასახლეში საქართველო ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირს, „თრიალეთის თასი 2025“-ს მასპინძლობს. ტიტულისთვის მსოფლიოს 31 ქვეყნის 120-ზე მეტი მოციგურავე იბრძვის.
ტურნირზე ასპარეზობენ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების გამარჯვებულები, ოლიმპიური თამაშების პრიზიორები და საქართველოს 2026 წლის ოლიმპიური ნაკრების წევრები. მთავარი ჯილდო ფიგურული ციგურაობის ოთხივე კატეგორიაში თამაშდება – საქართველოს სახელით მოასპარეზე დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სპორტულ ცეკვებში გაიმარჯვეს.