პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულის მორიგი ფაქტი გამოავლინა – ფულის გათეთრების ფაქტზე ირანის მოქალაქეა დაკავებული. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მის ხელთ არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი ფულადი თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ეტაპობრივად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხების არალეგალური გზით ფარულად შემოტანასა და სხვადასხვა პირების სახელით საკუთარ საბანკო ანგარიშებზე განთავსებას გულისხმობდა. დაკავებულის ანგარიშებზე ამ დროისთვის დაყადაღებულია მილიონ-ნახევარი დოლარი და 107 550 ლარი. სასჯელი ითვალისწინებს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.