ტრაგედია შატილის გზაზე - 17 გარდაცვლილი, სამი დაშავებული

სოფელ ბისოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მძიმედ დაშავდა სამი ქალი. დაშავებულებს ქირურგიული ოპერაცია  პირველ  საუნივერსიტეტო კლინიკაში უკვე ჩაუტარეს. მედიკოსების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე კი, აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. ახლა სწორედ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი. საგამოძიებო პროცესი დილიდან მიმდინარეობს „თრეველერ.ჯის“ ოფისში, იმ ტურისტულ კომპანიაში, სადაც შატილის  ექსკურსია დაიგეგმა. ტურისტული კომპანიის დირექტორი და თანამშრომლების ნაწილი უკვე გამოკითხეს. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლით აღიძრა, რაც სატრანსპორტო საშუალების  მოძრაობის უსაფრთხოების  ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.