„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ოპოზიციური პარტიის ოფისში საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს პარტიის ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ. მათივე ინფორმაციით, თავდასხმა ნახევარ საათზე მეტხანს გრძელდებოდა და მასში ასამდე პირი მონაწილეობდა. დაზიანებულია ოფისის ფასადი, ჩამსხვრეულია შუშები, დაზიანებულია პარტიის ინვენტარი.
„ნაციონალური მოძრაობა“ მომხდარში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს. ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თავდასხმის დროს ოფისში არასრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. მომხდარს დღეს „ქართულ ოცნებაშიც“ გამოეხმაურნენ.