თეთრი სახლის განმარტება

თეთრ სახლში „ამერიკის ხმის“ დაფინანსების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება განმარტეს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პრეტენზიების ჩამონათვალი გამოაქვეყნა. თეთრი სახლის განცხადებაში, რომლის სათაურია „რადიკალური ამერიკის ხმა“, მოყვანილია ციტატები სხვადასხვა მედიასაშუალებიდან, რომლებშიც „ამერიკის ხმას“ ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევასა და პასუხისმგებლობისგან მუდმივ თავის არიდებაში ადანაშაულებენ. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ „ამერიკის ხმის“ რამდენიმე რეპორტიორი აქვეყნებდა ტრამპის საწინააღმდეგო კომენტარებს თავიანთ პროფესიულ ანგარიშებზე სოციალურ ქსელებში. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ: “2020 წელს „ამერიკის ხმა“ წერდა რუსეთის შესაძლო როლზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანთერ ბაიდენის ლეპტოპის გარშემო აგორებულ სკანდალზე, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ აღიქვა, როგორც „სიმართლის დამალვის“ მცდელობა. „ამერიკის ხმის“ ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს სთხოვა, არ მოეხსენიებინათ „ჰამასი“ და მისი წევრები ტერორისტებად, გარდა ოფიციალური განცხადებების ციტირებისა.”- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. ამასთან აღნიშნულია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანების დახმარებით, გადასახადების გადამხდელები რადიკალურ პროპაგანდას აღარ დააფინანსებენ.