„ამერიკის ხმის“ თანამშრომლები შვებულებაში გაუშვეს

ტელეკომპანია ABC News-ის ინფორმაციით „ამერიკის ხმის“ სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლები ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს. ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მიერ გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციულ შვებულებაზე მყოფ თანამშრომლებს არ აქვთ უფლება შევიდნენ სამთავრობო შენობებში ან გამოიყენონ სამთავრობო სისტემები. ეს ინფორმაცია დაადასტურა თავად „ამერიკის ხმის“ დირექტორმა. მისი თქმით, თანამშრომლებთან ერთად შვებულებაში ისიც გაუშვეს. პარალელურად, ჟურნალისტმა ტარა პალმერიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მან „რადიო თავისუფლების“ გრანტის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება მიიღო, რომელიც მენეჯმენტს დილით გაეგზავნა. შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ გააუქმა „რადიო თავისუფლების“ ფედერალური გრანტები. „რადიო თავისუფლების“ ქსელის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ქსელის დაფინანსების შეწყვეტა სასარგებლო იქნება ირანის, ჩინეთის, რუსეთის და სხვა ქვეყნების ხელისუფლებისთვის. ეს ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ გუშინ დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც შვიდ ფედერალურ სააგენტო აუქმებს. მათ შორის არის სააგენტო, რომელიც ზედამხედველობს „ამერიკის ხმას“, „რადიო თავისუფლებას“და აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ სხვა მედიასაშუალებებს მსოფლიოში.