კორონავირუსი თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს, ანა თოფურიასაც დაუდასტურდა. მას რაიმე გამოკვეთილი სიმპტომი არ აწუხებს და ისიც სახლში მკურნალობს. რაც შეეხება ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს, მას ხველა, ყელის ტკივილი და ტემპერატურა აღენიშნება, მისი მდგომარეობა, ექიმების თქმით, დამაკმაყოფილებელია.
თენგიზ ცერცვაძე და ანა თოფურია სახლის პირობებში, დადგენილი პროტოკოლის მიხედვით მკურნალობენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კი თვითიზოლაციაშია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ცენტრის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათი განცხადებით, გამყრელიძე თვითიზოლაციაში ინფიცირებულებთან კონტაქტის გამო გადავიდა, თუმცა, საუბარია თუ არა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორზე, პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ.