თბილისის მერიის განცხადება
გუშინდელი საპროტესტო აქციების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ თბილისის მერია განცხადებას და ფოტო-ვიდეომასალას ავრცელებს. განცხადებაში ვკითხულობთ: „სამწუხაროდ, ზიანი მიადგა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფასადებს, ჟალუზებისა და დეკორატიული მხატვრული განათების ნაწილს. ორბელიანისა და თაბუკაშვილის ქუჩებსა და რუსთაველის გამზირზე დაზიანებულია საფეხმავლო ტროტუარები, ქვაფენილი, გარე განათების ბოძის სანათები, სადენები. ორბელიანის ქუჩაზე ჩაწყვეტილია და ჩატეხილია დეკორატიული განათებები, თაბუკაშვილის ქუჩაზე კი დამწვარია ნაგავშემკრები კონტეინერები. დაზიანებულია გარე ავეჯი, რომელიც კერძო კომპანიებს, კაფეების მფლობელებს ნაქირავებ ტერიტორიაზე ჰქონდათ განთავსებული. როგორც იცით, დამტვრეულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოს ღობე. ასევე დაზიანებულია სხვადასხვა ინფრასტრუქტურა – საქანელები, მცენარეები, ქოთნები, გამწვანებული თარგები და დეკორატიული ელემენტები, რომლებიც რეაბილიტირებულ ქუჩაზე და კაფეების მიმდებარედ იყო, დიდწილად დაზიანებულია. აქედან ნაწილი აღდგენას ექვემდებარება, ნაწილი კი სრულად განადგურდა. ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე დამტვრეულია საგზაო ნიშნები და შლაგბაუმი. რაც შეეხება „კონკას“- მას დაზიანებული აქვს რამდენიმე დეკორატიული ელემენტი“, – აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.