4 ოქტომბრის საპროტესტო აქცია

საპროტესტო აქციის მონაწილეები ორბელიანის სასახლის ტერიტორიაზე საღამოს შეიჭრნენ. დემონსტრატებმა პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები მოანგრიეს. ისინი ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვებს ესროდნენ. სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაწვეს სხვადასხვა საგანიც. რაც შეეხება საპოლიციო ღონისძიებებს – დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები: წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი. აქციის მონაწილეები თავდაპირველად თავისუფლების მოედანზე იმყოფებოდნენ, სადაც მათ ორბელიანის სასახლესთან გადანაცვლებისკენ პაატა ბურჭულაძემ და მურთაზ ზოდელავამ მოუწოდეს, რათა მათივე თქმით, მოქალაქეებს სახელმწიფო უწყებების გადაბარება დაეწყოთ. მანამდე ორგანიზაცია „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ „4 ოქტომბრის დეკლარაცია“ და „დასაჭერთა სია“ წაიკითხა და ქვეყანაში გარდამავალი პერიოდი გამოაცხადა. დაკავებულია საპროტესტო აქციის საორგანიზაციო ჯგუფის 5-ვე წევრი. შსს-ს წარმომადგენლებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები – ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას დააკავეს, პაატა ბურჭულაძის აყვანა კი სამედიცინო კლინიკაში მოხდა. ასევე დაკავებულები არიან: „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება. ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე დაკავებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის კუდი-ს მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი, რუსლან შამახია. მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.