თბილისის მერიის განცხადება
თბილისის მერია თვალჭრელიძის ქუჩაზე მომხდარი გამოსახლებისა და მედიაში გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაციის შესახებ, განცხადებას ავრცელებს. მერიაში დეზინფორმაციას უწოდებენ ცნობას იმის შესახებ, რომ მცხოვრებლებს ბინების დასაქირავებლად მუნიციპალიტეტის მთავრობა 300 ლარს სთავაზობდა, თანაც მხოლოდ სამი თვით. მერიის განმარტებით, მოქალაქეები თავად არჩევენ ბინებს, იდება ერთწლიანი ხელშეკრულება და ამ ვადის გასვლის შემდეგ ხდება ხელშეკრულების გაგრძელება. როგორც მერიაში აცხადებენ, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ავარიული შენობები არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას და თბილისის მერია შეჭრილი პირების გამოსახლების პროცესში არ მონაწილეობს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ 2022 წლიდან, თბილისის მუნიციპალიტეტში მოქმედებს უსახლკაროთა პროგრამა, რაც თბილისში რეგისტრირებული უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემას გულისხმობს. რაც შეეხება დედაქალაქში რეგისტრაციის არმქონე მოქალაქეებს, მერიის განმარტებით, მათ დახმარებას შესაბამისი სახელმწიფო უწყებები უწევენ.